ახალი ამბები

„სავარაუდო კიბერთავდასხმაა“ – სუსი „გაზპრომთან“ საიდუმლო კონტრაქტის გამოქვეყნებაზე

15 იანვარი, 2026 •
„სავარაუდო კიბერთავდასხმაა“  – სუსი „გაზპრომთან“ საიდუმლო კონტრაქტის გამოქვეყნებაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე რუსულ „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საიდუმლო დანართების გამოქვეყნების გამო.

სუს-ის განცხადებით, გამოძიება საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე დაიწყო.

როგორც სუსი აცხადებს, მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე საიდუმლო დოკუმენტაციის გამოქვეყნება სავარაუდო კიბერთავდასხმა იყო.

„გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოსული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და გარკვეული მანიპულაციები, რაც მიზნად ისახავდა არასწორი ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელების გზით საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას, მათ შორის ქვეყნისთვის დამაზიანებელი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების დადგომას.

სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში დაიწყო საკითხის გაშუქება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება – სახელმწიფო ინტერესების დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, პრევენციულად, მედიის წარმომადგენლებს, ასევე ცალკეულ პირებს, მიეცათ რეკომენდაცია, რომ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეეკავებინათ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე 25 დეკემბერს გამოქვეყნდა განკარგულება, რომელიც საქართველოსა და „გაზპრომს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხებოდა. განკარგულებას თან ახლდა „გაზპრომთან“ ხელშეკრულების საიდუმლო დანართებიც.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საიდუმლო დანართები გამოქვეყნდა, თავდაპირველად 13 იანვარს პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ და ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელეს.  ამბავი გააშუქა „ბიემჯიმაც“.

როგორც რომან გოცირიძე აცხადებდა, კონფიდენციალურობის დარღვევის გამო „გაზპრომს“ შეეძლო საქართველოს მთავრობისთვის საერთაშორისო არბიტრაჟში ეჩივლა.

თუმცა მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე საიდუმლო ინფორმაცია წაიშალა.

სახელმწიფო ინტერესების დაზიანების თავიდან არიდების მიზნით, „ფორმულამ“ საიდუმლო დოკუმენტაციები აღარ გაასაჯაროვა, „ბიემჯიმ“ კი გამოქვეყნებული მასალა შეასწორა და დოკუმენტის „სქრინი“  წაშალა.


რუსეთიდან საქართველოში გაზის იმპორტი 2019 წლიდან მზარდია, რასაც სემეკი გაზრდილი მოთხოვნით ხსნის. საქართველო გაზს ძირითადად აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ყიდულობს.

რუსული „გაზპრომის“ ცნობით, 2025 წელს საქართველოში გაზის მიწოდება 40.4%-ით გაზარდა.

„გაზპრომი“ აცხადებს, რომ 2025 წელს, პირველად, ჩინეთს უფრო მეტი გაზი მიაწოდა, ვიდრე ევროპას. წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს „გაზპრომმა“ გაზსადენ „ციმბირის ძალის“ მეშვეობით ჩინეთს 38,8 მლრდ კუბური მეტრი გაზი მიაწოდა (რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 24,8%-ით მეტია).

კომპანიის ცნობით, 2025 წელს გაიზარდა ექსპორტი ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაშიც. კერძოდ, 22,2%-ით გაზარდა რუსული გაზის მიწოდება ყაზახეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში, ხოლო საქართველოში — 40,4%-ით.

მასალების გადაბეჭდვის წესი