NDI-ს კვლევა: ბოლო 5 წელში ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა ყველაზე დაბალია

NDI-ს დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ნატოში გაწევრიანების მომხრეების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა, ხოლო მოწინააღმდეგეების რაოდენობა გაიზარდა. ბოლო 5 წლის მანძილზე ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა ყველაზე დაბალია.

გამოკითხულთა 61%-ისთვის  მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ, ხოლო 25% ნატოში გაწევრიანებას მიუღებლად მიიჩნევს. NDI-ის 2016 წლის მარტის თვის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68%-ისთვის მისაღები იყო, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა, ხოლო 19%-ისთვის- მიუღებელი.

NDI-ს კვლევა

ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 72%-ისთვის  მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ხოლო 18%-ისთვის- არა.

გამოკითხულთა 53 % ასევე მიიჩნევს, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს, ხოლო 31 % ფიქრობს, რომ საქართველო მეტ სარგებელს  მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს განაცხადებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

NDI ევროკავშირი

გამოკითხვა 2016 წლის 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,8%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.