ახალი ამბები

პაატა ზაქარეიშვილი: თუ საჭირო იქნება, აფხაზებს მთვარეზე შევხვდებით

8 ოქტომბერი, 2012 • 1167
პაატა ზაქარეიშვილი: თუ საჭირო იქნება, აფხაზებს მთვარეზე შევხვდებით

პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ახალი სტატუსით აფხაზეთში მხოლოდ წინასწარი შეთანხმების შემდეგ ჩავა:

“ადრე ვრეკავდი აფხაზურ ადმინისტრაციასთან და მიშვებდნენ ყოველგვარი პრობლემის გარეშე, სულ ცოტა, გალის რაიონში მაინც. დღეს ჩემი ჩასვლა პოლიტიკური ხასიათის იქნება და შეიძლება სასკანდალოც კი იყოს, თუ ასე დავადე თავი და წავედი. ამიტომ ამას სჭირდება შეთანხმებები. საქართველოს ტერიტორიაზე შეხვედრა მათ აღიზიანებდათ. მთვარეზე შევხვდებით, თუ საჭიროა, ოღონდ შეხვედრას ჰქონდეს აზრი”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა. მისი თქმით, ოკუპაციის შესახებ კანონის ზოგიერთი პოზიცია შეიცვლება. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები აფხაზეთისა და სახმრეთ ოსეთის ტიერიტორიაზე ადვილად გადაადგილდნენ:

“რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია უნდა იყოს ჩართული. უნდა მოხდეს მათი ინტეგრაცია საერთო ევროპულ სივრცეში, ევროპული სივრცე არ არის ჩვენთვის საფრთხე. რაც უფრო მეტ ევროპას შევუშვებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ეს მხარეები გახდებიან ევროპის ანუ ქართული სახელმწიფოს ნაწილი”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, სამინისტრომ უნდა დაიბრუნოს ფუნქცია, რომელიც ადრე არ გააჩნდა:

“ამ სამინისტროს საქმეს ყოველთვის აკეთებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო და ნაწილობრივ უშიშროების საბჭო. ამ სამინისტრომ უნდა დაიბრუნოს ფუნქცია და არავითარ შემთხვევაში არ დავემორჩილებით სხვა სტრუქტურებს. გაყოფილი იქნება უფლებამოსილებები. ბუნებრივია, ეს სამინისტრო სპეციფიკურია, მას სჭირდება კონტაქტები შს სამინისტროსთან, საგარე საქმეთა სამინისტროსთან, უშიშროების საბჭოსთან, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან. ეს ძირითადი სამინისტროებია, რომელთანაც ვითანამშრომლებთ. ურთიერთობა მხოლოდ კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში იქნება შესაძლებელი. მთავარია, ჩვენ ერთი გუნდი ვართ და არა ერთი რაზმი”, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი