ახალი ამბები

კულტურის მინისტრობის კანდიდატის გეგმები

8 ოქტომბერი, 2012 • • 1171
კულტურის მინისტრობის კანდიდატის გეგმები

“პირადად ჩემთვის ნომერ პირველი მიზანია, ჩემს მეგობრებთან ერთად კარგად შევისწავლო, რა ვითარებაა, რა გააკეთეს კარგი და რისი გაკეთება შეიძლებოდა კარგად. მეორე, ბატონმა ბიძინამ თქვა, რომ ჩვენ ვართ სახალხო მთავრობა და ამიტომ ხალხში უნდა გავიდეთ და ხალხს შევეკითხოთ, სპეციალისტებს შევეკითხოთ, მათ, ვინც იმაზე მეტი იციან, ვიდრე მე ვიცი. მე უნდა შევაჯერო ეს ყველაფერი და ისეთი გადაწყვეტილება მივიღო, სადაც ახალგაზრდის გამოცდილებაც და ჩემნაირი ჭაღარა კაცის გამოცდილება, ჩვენი ენერგია და მათი ენერგიაც იქნება სინთეზირებული და არა ისე, როგორც იყო მანამდე თაობების დაყოფა. კულტურა თვითონ არ იყოფა არასოდეს თაობებად და ის ერთ დროშია, თან, ზეპოლიტიზირებულიც არის”, – განაცხადა გურამ ოდიშარიამ.

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგევრდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის მიხედვით, გურამ ოდიშარიამ სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა 1975 წელს.

 

სხვადასხვა დროს ის მუშაობდა სოხუმის რადიომაუწყებლობის კორესპონდენტად, აფხაზეთის საოლქო გაზეთის კორესპონდენტად, აფხაზეთის მწერალთა კავშირის ლიტერატურულ კონსულტანტად, ჟურნალ “რიწის” მთავარ რედაქტორად, გამომცემლობა “მერანის” აფხაზეთის ფილიალის დირექტორად. 1969 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი. გურამ ოდიშარია არის 9 პოეტური კრებულისა და 5 პროზაული წიგნის ავტორი. მისი ნაწარმოები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, უკრაინულ, აფხაზურ, თურქულ, სომხურ, იტალიურ ენებზე. უკანასკნელი წლები სისტემატურად მონაწილეობს სახალხო დიპლომატიის ეგიდით წარმართულ ქართულ-აფხაზურ შეხვედრებში (სოჭი, მოსკოვი, ნალჩიკი, წახკაძორი, კონობეევო და სხვა).

გურამ ოდიშარია
გურამ ოდიშარია

მასალების გადაბეჭდვის წესი