ახალი ამბები

რას აპირებს ჯანდაცვის ახალი მინისტრი

8 ოქტომბერი, 2012 • 2005
რას აპირებს ჯანდაცვის ახალი მინისტრი

 

ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

რას აპირებს ახალი მინისტრი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ამის შესახებ მან წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

 

“გაკეთდება ყველაფერი ის, რასაც “ქართული ოცნება” დაპირდა მოსახლეობას. მე მაქვს უკვე გარკვეული მონახაზი, მათ შორის ჯანდაცვის ბიუჯეტზე, თუმცა, ჯერ ვერ გეტყვით, ვინაიდან ის უნდა შეჯერდეს ექსპერტებთან ერთად,”- განაცხადა გამყრელიძემ.

 

ჯანდაცვის უწყების ახალი ხელმძღვანელი იმ საპენსიო დაპირებაზეც საუბრობს, რომელზეც “ქართული ოცნება” წინასაარჩევნო პერიოდში საუბრობდა. 

 

“მოხდება პენსიის გათანაბრება საარსებო მინიმუმთან. ეს შესრულებადია იმ ბიუჯეტის პირობებშიც, რაც წელს იყო. მხოლოდ პრიორიტეტები უნდა შეიცვალოს,”- ამბობს ამირან გამყრელიძე. 

 

შეიცვლება თუ არა ჯანდაცვის სადაზღვევო სისტემა, ამაზე მინისტრობის კანდიდატის პოზიცია ცალსახაა. 

 

“როგორც სავალდებულო, ასევე ნებაყოფლობითი დაზღვევა უნდა განვითარდეს და იმაზე მეტი მოქალაქე უნდა მოიცვას, ვიდრე დღეს არის დაზღვეული. თუმცა, როგორი კურსით, ამაზე ჩამოვყალიბდებით,”- აცხადებს ის.

 

კითხვაზე საავადმყოფოების პრივატიზების შესახებ, გამყრელიძის განმარტებით, ამ სფეროში “საკმაოდ კარგი ნაბიჯები გადაიდგა. თუმცა 100%– იან პრივატიზებას არ ვეთანხმები. უნდა იყოს ბალანსი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის.”

 

მისივე განცხადებით, ახალი მთავრობის მუშაობის შემდეგ საკადრო ცვლილებები არ იგეგმება და ჯანდაცვის სამინსიტროს თანამშრომელთა დიდი ნაწილი სამსახურს შეინარჩუნებს. 

 

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სფეროში ის კიდევ ერთხელ ცდის, გამოადგეს ქვეყანას. 

 

“ჩემი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დროს სწორედ ამაზე მქონდა საუბარი, მინისტრთა ახალ კაბინეტში ძველი სახეები რამდენად იქნება გამოსადეგი.  მაგრამ მისი არგუმენტი ისეთი იყო, კითხვები აღარ მქონია,”- ამბობს გამყრელიძე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი