ახალი ამბებიეკონომიკა

გალარების ერთჯერადი პროგრამა 17 იანვრიდან დაიწყება

6 იანვარი, 2017 • 43684
გალარების ერთჯერადი პროგრამა 17 იანვრიდან დაიწყება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 იანვრიდან გალარების ერთჯერადი პროგრამა დაიწყება. ფიზიკური პირები, ვისაც 2015 წლის პირველ იანვრამდე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი საბანკო სესხები უცხოურ ვალუტაში ჰქონდათ აღებული, კონვერტაციას ეროვნული ვალუტის სესხებად შეძლებენ. აღნიშნულ სესხებზე წინასწარ დაფარვის საკომისიო გაუქმდება.

გალარების აქციას ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი.

სამინისტროში აცხადებენ, რომ სუბსიდირება ეხება საბანკო სესხის ძირითადი თანხის დავალიანებას ან მის ნაწილს (არაუმეტეს 40 ათასი აშშ დოლარისა), რომლის ნარჩენი ღირებულება არ აღემატება 2015 წლის 1 იანვრისთვის არსებულ ძირითად თანხას.

სესხების გალარების ხარჯების შეღავათიანი კურსით სუბსიდირებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს და გალარების პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

სამინისტროს ცნობით, საქართველოს ყველა კომერციული ბანკი მზადაა, ყველა მსურველს, რომელსაც გალარება შეეხება, სათანადო მომსახურება გაუწიოს.

მთავრობა არ განახორციელებს სუბსიდიას იმ პირებზე, რომელთა წლიური შემოსავალი 2016 წელს 100,000 ლარზე მეტი იყო ან, 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით, სესხის მომსახურე ბანკში მისი სესხის ძირითადი თანხის ჯამური დავალიანება აღემატება 100 000 აშშ დოლარს.

“ლარიზაციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეამცირებს ეკონომიკის დოლარიზაციას, რაც, თავის მხრივ, ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, გაატაროს ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. ლარიზაცია შეამცირებს როგორც მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე, რაც მის სტაბილურობას შეუწყობს ხელს, ასევე ეკონომიკის დამოკიდებულებას გაცვლით კურსზე და უზრუნველყოფს მოსახლეობის განკარგვადი შემოსავლების სტაბილურ ზრდას.” – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

ლარიზაციის გეგმაზე უფრო ვრცლად გაეცანით სტატიას ნეტგაზეთის არქივიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი