ახალი ამბები

ოპოზიცია საკრებულოში თედო კობახიძის საკითხზე რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვს

26 დეკემბერი, 2016 • 7282
ოპოზიცია საკრებულოში თედო კობახიძის საკითხზე რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვს

თბილისის საკრებულოს ოპიზიციური ფრაქციები თედო კობახიძისთვის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით თავმჯდომარეს მიმართავენ. გადაწყვეტილების შესახებ ოპოზიციურმა ფრაქციებმა ერთობლივ სხდომაზე დღეს, 26 დეკემბერს განაცხადეს.

მიზეზად საკრებულოს დეპუტატები თედო კობახიძეს მიერ კომისიის თანამშრომლებზე ზეწოლას ასახელებენ. ოპოზიციური ფრაქციების ერთობლივ სხდომაზე დეპუტატებმა უმრავლესობის წარმომადგენლები და თავად თედო კობახიძეც დაიბარეს, თუმცა არც “ქართული ოცნების” ფრაქცია და არც საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, შეხვედრაზე არ მივიდნენ.

სევდია უგრეხელიძის თქმით, კობახიძე და მისი სამდივნოს ხელმძღვანელი გუშინ შვებულებაში გავიდნენ, რასაც დეპუტატი მათი მხრიდან პასუხების არქონას უკავშირებს.

“ჩვენ, ოპოზიციური ფრაქციები, “რესპუბლიკელებთან”, ფრაქცია “დედაქალაქთან” და ალეკო ელისაშვილთან ერთად მივედით იმ დასკვნამდე, რომ აუცილებლად მივმართოთ საკრებულოს თავმჯდომრეს. ჩვენ არ გვინდოდა ეს ყოფილიყო ნაუცბადევი და დღეს ეს განხილვა იმიტომ დავნიშნეთ, რომ ყველას ერთმანეთისთვის მოესმინა, მაგრამ უმრავლესობამ ქედმაღლურად არ მოისურვა მოსმენა თავისივე თანამშრომლების” – ამბობს სევდია უგრეხელიძე.

საკრებულოს იურიდიული კომისიის 5 თანამშრომელი კობახიძეს ზეწოლაში ადანაშაულებს. მათი თქმით, კომისიის თავმჯდომარე მათ სამსახურის დატოვებას აიძულებდა:

“ჩვენი პირველი რიგის ამოცანაა, რომ ამ თანამშრომლებმა შეინარჩუნონ თანამდებობა და არ მოხდეს ისე, რომ გაათავისუფლონ. ეს იქნება დაუშვებელი და ჩვენ, უბრალოდ, ამას არ დავუშვებთ. და მეორე, ჩვენ. სულ მცირე 10 დეპუტატი. მოვითხოვთ რიგგარეშე სხდომის დანიშვნას და ამ სხდომაზე მოვითხოვთ, ვითარების გარკვევამდე შეუჩერდეს უფლებამოსილება თედო კობახიძეს” – ამბობს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.

ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, საკრებულო თითოეული თანამშრომლის უფლებებს იცავს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ თედო კობახიძე შვებულებით სარგებლობს და დღევანდელ შეხვედრაზე მას ვერ მოუსმენდნენ, შეხვედრაზე ორივე მხარის პოზიციების გაგება არ იქნებოდა შესაძლებელი. ალიბეგაშვილის თქმით, შეხვედრას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაესწრებოდა, თუ ორივე მხარის მოსმენა იქნებოდა შესაძლებელი:

“რომელიმე 5-მა თანამშრომელმა რომ წარმოადგინოს თავისი საჩივარი ხელმძღვანელის წინააღმდეგ, ჩვენ ორივე მხარეს არ უნდა მოვუსმინოთ? მხოლოდ ერთ მხარეს უნდა მოვუსმინოთ და მივიღოთ, ცოტა არ იყოს, საეჭვო გადაწვყეტილება? იანვრის დასაწყისში, გეგმური შემოწმებით, სარევიზიო კომისია შევა, ყველა სამსახურს შეამოწმებს და შესწავლის საფუძველზე, რომელსაც კომისია დადებს, შევისწავლით და შესაბამის დასკვნებს გავაკეთებთ” – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი