ახალი ამბები

ODIHR: წინასაარჩევნოდ კანდიდატების საარჩევნო გზავნილების ტონი კონფრონტაციული და ხისტია

25 სექტემბერი, 2012 •
ODIHR: წინასაარჩევნოდ კანდიდატების საარჩევნო გზავნილების ტონი კონფრონტაციული და ხისტია

შუალედური ანგარიში 2012 წლის 6 სექტემბერიდან 19 სექტემბერამდე პერიოდს მოიცავს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ იმ დროს, როდესაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები სისტემატურად გამოთქვამენ ეჭვებს ბატონი ივანიშვილის აქტივების წარმომავლობასთან და გამარჯვების შემთხვევაში მის პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით,”ქართული ოცნება” ამაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ფაქტების დამახინჯების ბრალდებით პასუხობს.

ეუთოს სადამკვირვებლო მისია გამოკვეთს მმართველი პარტიის დომინანტობას ბილბორდებზე სარეკლამო სივრცის გამოყენების მხრივ.

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ძირითად ურბანულ ცენტრებში საზოგადოებრივ ტრანსპორტად გამოყენებულ კერძო ავტობუსებზე და მთელი ქვეყნის მასშტაბით ბილბორდებზე სარეკლამო სივრცის გამოყენების მხრივ კვლავ დომინანტური პოზიცია უკავია. 12  სექტემბერს ორმა ძირითადმა სარეკლამო კომპანიამ ფასდაკლება გამოაცხადა და დამატებითი ბილბორდები გამოყო. დღესდღეობით ქართულ ოცნებას ბილბორდებზე რეკლამა მხოლოდ ფოთში და ზუგდიდში აქვს შეძენილი,  ხოლო “ქრისტიან-დემოკრატიულმა გაერთიანებამ” რამოდენიმე ბილბორდზე რეკლამა თბილისში შეიძინა. საზოგადოებრივი სივრცის საარჩევნო პოსტერებისთვის გამოყოფასთან დაკავშირებული პროცედურები ყველგან არ ხორციელდება. 10  სექტემბერს უწყებათშორისმა კომისიამ აღიარა ეს ფაქტი და ადგილობრივ ხელისუფლების ორგანოებს საარჩევნო პოსტერებისთვის დამატებითი სივრცის გამოყოფასთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართა,” – ნათქვამია ანგრიშში და აქვე აღნიშნულია, რომ სადამკვირვებლო მისიამ  “ქართული ოცნების” პოსტერების ხშირი დაზიანების ფაქტები დააფიქსირა.

ანგარიშში ასევე მოხვდა “ქართული ოცნების”, სხვა ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების უკმაყოფილება, ოპოზიციურ შეხედულებებთან დაკავშირებით და ასევე საჯარო მოხელეებისა და სოციალური დახმარების მიმღებების მიმართ არსებული შეუმჩნეველი ზეწოლისა და დაშინების ატმოსფეროს გამო.

ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა ასევე დააფიქსირა შემთხვევები, როდესაც საჯარო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და მასწავლებლებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შეხვედრებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებდნენ.

ეუთო უწყებათშორისი კომისიის მიერ მსგავს ფაქტებზე მომხდარ რეაგირებაზეც ამახვილებს ყურადღებას.   

“უწყებათშორისი კომისია საჯარო მოხელეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებთან დაკავშირებულ ბრალდებებზე პროაქტიულ რეაგირებას აგრძელებს.  დღესდღეობით კომისიამ 11  რეკომენდაცია გასცა, მათ შორის, აღსრულების ეროვნული ბიუროს,  საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, შრომის, ჯანდაცვის და სოციალური საკითხების სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მისამართით.  როგორც ჩანს, ყველა ზემოჩამოთვლილი ორგანო სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების შეჩერებით დაწყებული და საარჩევნო პერიოდში სოციალური დახმარებების გადაფასების პროცესის შეჩერებით დამთავრებული უწყებათშორისი კომისიის ყველა რეკომენდაციას ასრულებს. ოთხ შემთხვევაში უწყებათშორისმა კომისიამ საკუთარი რეკომენდაციები ახსნა იმით, რომ მისი მიზანი ისეთი წარმოდგენის თავიდან აცილებაში მდგომარეობდა,  რომლის მიხედვითაც, გარკვეული საქმიანობა  “საარჩევნო მიზნის“  მიღწევისკენ მიმართული ან პოლიტიკურად მოტივირებული იყო”, – აღნიშნავს სადამკვირვებლო მისია.

ეუთო ეხმიანება საზღვარგარეთ ქართველებისთვის ხმის მიცემის პროცედურებს და დსძენს, რომ არც საგარეო საქმეთა სამინისტროს, არც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და არც ცესკოს ვებ–საიტზე არ არის განთავსებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხდება უცხოეთში ამომრჩეველთა რეგისტრირება.

“10  სექტემბრისთვის საკონსულოებში არსებული საარჩევნო სიების შედგენა დასრულდა და 42,613  ამომრჩეველი დარეგისტრირებული იქნა უცხოეთში გახსნილ 45 საარჩევნო უბანზე, აქედან 1,409 ამომრჩეველი არ ყოფილა საკონსულოს რეესტრში დარეგისტრირებული. თუმცა უცხოეთში ამომრჩეველთა სიაში რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურების შესახებ ზუსტი ინფორმაცია დროულად არ ყოფილა მიწოდებული. გაუგებრობა ძირითადად გამოწვეული იყო საკონსულოებში რეგისტრაციის მიღებასა  (რისთვისაც ამ კონკრეტულ ქვეყანაში იურიდიული მისამართის წარმოდგენაა საჭირო)  და ამომრჩეველთა სიაში რეგისტრაციის მიღებას  (რისთვისაც კონკრეტულ ქვეყანაში იურიდიული მისამართის წარმოდგენა აუცილებელი არ არის) შორის განსხვავების ნაკლებობით.

საარჩევნო კამპანიის დაფინანსება

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 1  იანვრიდან 9  აგვისტომდე პერიოდში ყველა პარტიის და საარჩევნო ბლოკის მისამართით გაკეთებული  (გამომჟღავნებული)  შემოწირულობების საერთო ოდენობამ 19,216,936 ლარი შეადგინა. 748  შემომწირველმა სულ 16,659,586 ლარი შესწირა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას,  იმ დროს, როცა 969  შემომწირველმა

სულ 2,400,257 ლარი შესწირა იმ პარტიებს, რომლებიც საარჩევნო ბლოკ “ქართულ ოცნებაში” შედიან.

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მაქსიმალური ინდივიდუალური შემოწირულობა (60,000  ლარის ოდენობით)  სულ 89 შემომწირველისგან მიიღო, ხოლო ქართულმა ოცნებამ კი აღნიშნული ოდენობის თანხა მხოლოდ ორი შემომწირველისგან მიიღო.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოიძია ქართული ოცნების 100-ზე მეტი შემომწირველის საქმე, მათ შორის 100  ლარის შემოწირულობასთან დაკავშირებული საქმე და ერთი ნატურის სახით გაკეთებული შემოწირულობის საქმე,  რომლის ღირებულება 10  ლარს შეადგენდა. სასამართლოებმა “ქართული ოცნების” 68  შემომწირველის დაჯარიმების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. სახელწიფო აუდიტის სამსახურმა ასევე გამოიძია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 10  შემომწირველის საქმე,  აქედან მოხდა 8  შემომწირველის დაჯარიმება. ყველა შემომწირველს მათ მიერ შეწირული თანხის ხუთმაგი ოდენობის გადახდა დაეკისრა.  ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მათი შემომწირველთა დაჯარიმების ასეთი მცირე რაოდენობა იმით ახსნა, რომ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკის მიხედვით, პარტია წინასწარ უხსნის შემომწირველებს, თუ რა ოდენობის შემოწირულებების გაკეთება შეიძლება მათი საგადასახადო დეკლარაციებიდან გამომდინარე”, – ნათქვამია განცხადებაში.

მედია

“აქამდე მედია ამომრჩევლებს საარჩევნო კამპანიის ფართოდ გაშუქებას როგორც ახალი ამბების გამოშვებების, ისე თოქ-შოუების მეშვეობით სთავაზობდა.  თუმცა მაუწყებლების უმრავლესობა,  რომელთა მონიტორინგსაც ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია აწარმოებს,  როგორც ჩანს, საკუთარ ახალი ამბების გამოშვებებში და მიმდინარე მოვლენებისადმი მიძღვნილ გადაცემებში მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებს”, – ამბობს ეუთოს სადამკვირვებლო მისია.

მათი შეფასებით, მედიაში ზოგადად კრიტიკული ანალიზი და შეფასება ნაკლებად ხდებოდა, ასევე სახეზე იყო ფაქტების ხშირი დამახინჯების და სარედაქციო კომენტარების გაკეთების შემთხვევები.  

ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის მიერ მედიის წინასწარი მონიტორინგის შედეგები აჩვენებენ, რომ საარჩევნო კამპანიის დაბალანსებული გაშუქება მხოლოდ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შესთავაზა მაყურებლებს.

რუსთავი 2-მა და იმედმა  (კერძო ტელეკომპანიებიდან მხოლოდ ეს ორი არხი ფარავს მთელს საქართველოს)  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიმართ მიკერძოებულობის დემონსტრირება მოახდინეს.  მართალია, იმედმა ქართული ოცნების საქმიანობის გაშუქებას ყველაზე დიდი დრო დაუთმო (26 %),  თუმცა ამ გაშუქების ტონი ძირითადად ნეგატიური იყო.  სამაგიეროდ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანების” საქმიანობის გაშუქებას, შესაბამისად, 18  და 14 % დაეთმო და გაშუქების ტონი ძირითადად პოზიტიური იყო. აჭარის ტელევიზიამ და რუსთავი 2-მა მთავარი საარჩევნო კონკურენტების საქმიანობის გაშუქებისას მსგავსი მიდგომის დემონსტრირება მოახდინეს. ამ ორ ტელეარხზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობა ფართოდ იქნა გაშუქებული (36  და 28 % შესაბამისად)  და გაშუქების ტონი ძირითადად პოზიტიური იყო, იმ დროს, როდესაც “ქართული ოცნების” საქმიანობის გაშუქებას, შესაბამისად, 7  და 18% დაეთმო და გაშუქების ტონი ძირითადად უარყოფითი იყო.

ამ ტელეკომპანიებისგან განსხვავებით, მე–9 არხმა და მაესტრომ მათი საინფორმაციო გამოშვებების ყველაზე დიდი ნაწილი  (შესაბამისად, 48  და 36  პროცენტი)  ოპოზიციურ საარჩევნო ბლოკ “ქართულ ოცნებას” მიუძღვნა, გაშუქების ტონი კი ძირითადად პოზიტიური იყო.  ტელეკომპანია “კავკასიის” ახალი ამბების გამოშვებები ძირითადად ქართული ოცნების საქმიანობაზე იყო ფოკუსირებული (27 %),  მაგრამ ამავე დროს ამ ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვებებში საკმაოდ დიდი დრო ეთმობოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და “ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანების”  (შესაბამისად, 16  და 9  პროცენტი)  საქმიანობების პოზიტიურად და ნეიტრალურად გაშუქებას. მე–9 არხის,  მაესტროს და კავკასიის მაუწყებლობა მხოლოდ თბილისზე ვრცელდება,  ეს არხები ასევე სატელიტურ მაუწყებლობას ახორციელებენ, რადგან მათ არ გააჩნიათ სახმელეთო მაუწყებლობის ლიცენზიები. ე.წ. Must Carry Must Offer-ის პრინციპის ამოქმედების შედეგად ამ ტელეარხებმა    საკაბელო არხებზე უფრო ფართოდ შეღწევა შეძლეს.

ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის თანამოსაუბრეები მიესალმნენ Must Carry Must Offer-ის პრინციპის ამოქმედებას. თუმცა, მათი აზრით, ამ პრინციპის მოქმედება უნდა გაგრძელდეს 1  ოქტომბრის შემდგომაც, რათა ხმების დათვლის და შედეგების გამოცხადების პერიოდიც იქნას დაფარული. ამჟამად თავად საკაბელო ტელევიზიების გადასაწყვეტია, დატოვებენ თუ არა ზემოხსენებული პრინციპით დაფარულ ტელეარხებს საკუთარ ქსელში. აღნიშნული პრინციპის ამოქმედების შემდეგ მაესტროს ყურებადობის რეიტინგი სამჯერ გაიზარდა.  ეუთოს ანგრიშში ასევე ყურადღება დაეთმო პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტებს.  

“18  სექტემბერს, საღამოს, სამი ტელეკომპანიის ეთერით გავიდა ვიდეოკადრები,  რომლებშიც ნაჩვენები იყო თბილისში, გლდანის საპყრობილეში პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობა. როგორც ჩანს, ეს მოვლენა საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული არ ყოფილა. ამის შედეგად თბილისში,  ქუთაისში და საქართველოს სხვა ქალაქებში 18 სექტემბერის ღამეს და მეორე დღეს მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქციები გაიმართა. პოლიცია არ ჩარეულა ამ გამოსვლების მიმდინარეობაში.  არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია გააგრძელებს ამ მოვლენებზე დაკვირვებას და ძირითად ყურადღებას გაამახვილებს ამ მოვლენების მიერ საარჩევნო პერიოდის დარჩენილ ნაწილზე პოტენციურ ზეგავლენაზე და ხელისუფლების და არჩევნებში მონაწილე ძირითადი მოთამაშეების პოლიტიკურ რეაქციაზე ადამიანის უფლებების იმ დარღვევების მიმართ, რომლებიც ამ კადრებშია ნაჩვენები”, – აღნიშნულია ეუთოს  დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მეორე შუალედურ ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი