საქმეს მოსამართლე ნინო შარაძე განიხილავდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხარეს კახა ნარეკლიშვილი, ხოლო პარტია “თავისუფალი საქართველოს” მხარეს ადვოკატი ნათელა კორკოტაძე წარმოადგენდნენ.
ნათელა კორკოტაძემ შუამდგომლობა დააყენა კლიპის დარბაზში ჩვენებისა და განხილვის შესახებ, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
მიუხედავად იმისა, რომ “თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენლების განცახდებით, კლიპი საბოლოო ვარიანტი არ იყო და სოციალურ ქსელებში მხოლოდ ე.წ. დემო ვერსია გავრცელდა სასამართლომ მაინც მიიჩნია, რომ კლიპის გავრცელებით წინასაარჩევნო აგიტაცია ხდებოდა.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტია “თავისუფალი საქართველოს” სოციალურ ქსელში გავრცელებული საარჩევნო სარეკლამო კლიპის წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი 18 სექტემბერს განიხილა.
ცესკოს კომისიის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით გადაწყდა და შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი კუკავას პარტიის კლიპთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლოს გადაეგზავნა.
მოსამართლის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ცესკომ კლიპის ამოღება მოითხოვა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა, პარტიამ ეს მოთხოვნები შეასრულა, ხოლო ოქმი არ გაასაჩივრა, რაც ნიშნავს, რომ ისინი ცესკოს გადაწყვეტილებას ეთანხმებოდნენ. შესაბამისად, სასამართლომ პარტია 2000 ლარით დააჯარიმა.
განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია სააპელაციო სასამართლოში 10 დღის ვადაში.
კლიპში, რომელიც სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელდა, სხვადასხვა დაპირებების შესახებ იყო საუბარი, მათ შორის, ინგლისური წარწერებისა და თურქული დროშების ქართულით შეცვლაზე, ჰომოსექსუალუზმისა და სექტების პროპაგანდის აკრძალვაზე, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის შეჩერებაზე და უცხოელების მიერ “მიტაცებული” მიწების ნაციონალიზაციაზე.
ასევე კლიპში გამოყენებული იყო კადრები 2012 წლის 17 მაისს ლგბტ პირთა მიერ გამართული მანიფესტიდან, რეკლამაში ჩანდნენ ჩინელი მუშები.
ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციებმა– “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა”, საერთო სამოქალაქო მოძრაობამ “მრავალეროვამა საქართველომ”, “ლგბტ საქართველომ”, “იდენტობამ”და საქართველოს ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართეს 2012 წლის 12 სექტემბერს.
მათი განცხადებით, ამ კლიპის გამოსვლით საქართველოს საარჩევნო კოდექსი დაირღვა, რადგან კოდექსის 45-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, წინასაარჩევნოდ დამზადებული კლიპი არ უნდა შეიცავდეს რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებებისკენ მოწოდებას და არ უნდა აღვივებდეს ეროვნულ შუღლსა და მტრობას.
“ზემოაღნიშნული რეკლამა ხელს უწყობს იმ სტერეოტიპების გაძლიერებას, რომლებიც ხელს უშლიან რელიგიური, ეროვნული და სექსუალური უმცირესობის სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში”, – ნათქვამია საჩივარში.
არასამთავრობო ორგანიზაციები “თავისუფალი საქართველოს” მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას ითხოვდნენ. მათივე განცხადებით, თუკი პოლიტიკური გაერთიანება დაუყოვნებლივ არ აღმოფხვრიდა პრობლემას, შესაძლოა პარტიის საქმიანობის კანონიერების საკითხიც დამდგარიყო.