ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გიორგი პაპავა ბიზნესსკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლა. პაპავას შეფასებით, უნივერსიტეტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მან ყოფილ დეკანს, გიორგი ქადაგიძეს ღიად დაუჭირა მხარი.
“ბევრი ტექნიკური საკითხი შეიძლება მოიყვანოს მიზეზად ცენტრალურმა ადმინისტრაციამ, რომლის არცერთ წარმომადგენელს ჩემთან არც ბიზნესის სკოლაში უკვე განხორციელებულ ცვლილებებზე უკითხავს აზრი, არც იმის პატივი დაუდია, კანცელარიის მეილით არ გამეგო გათავისუფლების შესახებ, მაგრამ რეალურად, ჩემი შეფასებით, ჩემი გათავისუფლება მხოლოდ ერთადერთი მიზეზით აიხსნება: გიორგი ქადაგიძის და მასთან ერთად ბიზნესის სკოლაში განხორციელებული ცვლილებების მხარდაჭერა,”-წერს პაპავა Facebook-ზე.
მისი მტკიცებით, უნივერსიტეტმა გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეატყობინა.
ნეტგაზეთს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ისევე როგორც დეკანი, არჩევითი თანამდებობაა და რეორგანიზაციის პროცესში პაპავას გათავისუფლება ავტომატურად მოხდა. უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ ბიზნესის სკოლა ახლად შექმნილი მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ნაწილია. შედეგად, ორივე თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდება. მათივე ინფორმაციით, რეორგანიზაციის პროცესი ბიზნესსკოლის პროფესორებს არ ეხებათ.
31 იანვარს გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის თანსამდებობიდან გაათავისუფლეს. ქადაგიძის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ცვლილებების შიში და ძირეული სიახლეების მიუღებლობა აქვს, სწორედ ამის გამო მოხდა მისი გათავისუფლება.
ქადაგიძეს Facebook-ითვე უპასუხა უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ. მისი თქმით, უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეფუძნებინა მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი, სადაც იფუნქციონირებს ბიზნესის სკოლა, განათლების სკოლა და სხვა პროგრამები. როგორც ზედანია წერს, პროფესორები რჩებიან, პროგრამები რჩება და იზრდება სინერგია დისციპლინებს შორის.
ზედანიას თქმითვე, ილიას უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეფუძნებინა მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი, სადაც ბიზნესის სკოლა, განათლების სკოლა და სხვა პროგრამები იფუნქციონირებს