თამბაქოზე აქციზის გადასახადი ჯერ არ გაზრდილა, სიგარეტი კი უკვე გაძვირდა

თამბაქოს პროდუქტებზე აქციზის ფასის მორიგ მომატებამდე რამდენიმე კვირით ადრე რამდენიმე ბრენდის სიგარეტი გაძვირდა. როგორც თამბაქოს ჯიხურებში ამბობენ, მომატებული ფასით პროდუქცია გუშინ მიიღეს. გაძვირება შეეხო “სობრანიეს”, “ვინსტონის”, “კენტის”, “ქემელისა” და “მალბოროს” პროდუქციას. როგორც ნეტგაზეთს ერთ-ერთ ჯიხურში უთხრეს, ამ ბრენდებზე ფასმა 20 თეთრით მოიმატა.

“ნეტგაზეთი” თამბაქოს იმპორტიორ კომპანიას “ელიზი ჯგუფსაც” დაუკავშირდა. კომპანიაში ფასის მატების მიზეზებზე საუბარი არ ისურვეს და განაცხადეს, რომ ეს მათი კომერციული საიდუმლოა. თუმცა აღნიშნეს, რომ გაძვირება აქციზის გადასახადს არ უკავშირდება.

აქციზის გადასახადი თამბაქოს ნაწარმზე პირველი იანვრიდან გაიზრდება, რაც პროდუქციაზე ფასის კიდევ მეტად გაძვირებას გამოიწვევს. თამბაქოს პროდუქტებზე აქციზის გადასახადის ზრდა მთავრობის ეკონომიკურ ინიციატივებს შორის ერთ-ერთია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.