ახალი ამბები

რა არგუმენტებით აპირებს ცესკო ფოტო–ვიდეოგადაღების შეზღუდვას

23 სექტემბერი, 2012 • 2169
რა არგუმენტებით აპირებს ცესკო ფოტო–ვიდეოგადაღების შეზღუდვას

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღება დაშვებულია იმ შემთხვევაში, თუკი ხელს არ უშლის საარჩევნო პროცესს. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტეს, დღევანდელი სხდომა იმისთვის შეიკრიბა, რომ დადგინდეს, რა ითვლება საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლად.

დადგენილებაში “ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ” აღნიშნულია, რომ მედიისთვის ფოტო და ვიდეოგადაღებისას შეზღუდვების დაწესება ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მოსაზრებების გათვალისწინებით ხდება.

დადგენილებაში მოყვანილია ამონარიდი ვენეციის კომისიისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ 2008 წლის 28 ოქტომბერს სტრასბურგში გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან, “ერთობლივი მოსაზრებები საქართველოს საარჩევნო კოდექსზე” პუნქტი 125, რომელშიც წერია, რომ:

“ადამიანის უფლებათა ოფისი და ვენეციის კომისია არ გირჩევთ გამოიყენოთ ვიდეოკამერები საარჩევნო უბანზე შესაძლო, მოსალოდნელი ამომრჩეველთა დაშინების გამო. თუნდაც ვიდეო ამერები არ იყოს მიმართული პირდაპირ საარჩევნი კაბინებზე”.

დადგენილებაში ასევე მოყვანილია ამონარიდი ზემოაღნიშნული ინსტიტუტების მიერ 2011 წლის 19 დეკემბერს მიღებული დოკუმენტიდან, რომლის მიხედვითაც ვენეციის კომისია და ODIHR რეკომენდაციებს იძლეოდა, რომ ფოტო და ვიდეოთვალყური არ ყოფილიყო დაშვებული, ვინაიდან შესაძლებლობას იძლეოდა, გამოეწვია ზოგიერთი ამომრჩევლის დაშინება ხმის მიცემის დროს.

სწორედ ამ დოკუმენტებზე ხდებოდა აპელირება საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან სხდომის მიმდინარეობისას.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, რომ ვიდეოგადაღებამ ამომრჩეველთა რაოდენობა უბნებზე შესაძლოა საგრძნობლად შეამციროს:

“საუბარი არ არის აკრძალვებზე, საუბარია ადამიანთა თავისუფალი ნების დაცვაზე. მე მიმაჩნია, რომ ამომრჩევლის გადაღება, მისი იდენტიფიცირება უბანზე, როდესაც ის ხმის მისაცემად შედის, არის მისთვის ხელის შეშლა. ზოგიერთი ადამიანი შესაძლოა ამის გამო არჩევნებზე საერთოდ აღარ მოვიდეს, ამ რეკომენდაციებს იძლევა ვენეციის კომისიაც და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუკი გვინდა, ხელი შევუწყოთ თავისუფალ კენჭისყრას”, – განაცხადა ხარატიშვილმა სხდომის მსვლელობისას.

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” აღმასრულებელი დირექტორი თამარ კორძაია თვლის, რომ დადგენილებაში მოყვანილ აკრძალვებს არანაირი გონივრული დასაბუთება არ აქვს. მისი თქმით, ვენეციის კომისიისა და ეუთოს რეკომენდაციები მხოლოდ ვიდეოსათვალთვალო კამერებს ეხება და არა ვიდეოგადაღებას:

“ზოგადი არგუმენტი, რაზეც აპელირება მიდის, არის ის, რომ ამომრჩეველი არ დაშინდეს, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი. ეს არის თვითნებობა. ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან ამონარიდები ეხება ვიდეოთვალის მონტაჟს და არა ვიდეოკამერების არსებობას ზოგადად უბანზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს არჩევნების პროცესის გამჭვირვალობა და თუ არჩევნები არ იქნა გამჭვირვალე, ეს პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ არჩევნები იქნება გაყალბებული. სხვა შემთხვევაში აკრძალვები სრულიად გაურკვეველია ისევე, როგორც გაურკვეველია, თუ რატომ დაინიშნა სხდომა კვირას, არასამუშაო დღეს” , – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბჭო, რომლის წევრებიც, ცესკოს თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილის გარდა, დავით კირთაძე, გიზო მჭედლიძე, თამაზ შარმანაშვილი, კონსტანტინე კირვალიძე, იოსებ თათარაშვილი, ვალერი ჭელიძე, გოჩა ჯოჯუა, დავით გურგენიძე, გრიგოლ ფარესიშვილი, ლევან მაისურაძე, ნინო გოგუაძე და გიორგი თვარელიძე არიან, საკითხს არასრული შემადგენლობით განიხილავდა.

დადგენილების მიღებას სხდომის მიმდინარეობისას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ეწინააღმდეგებოდა, მათ შორის “კონსერვატიული პარტიის” წევრი ნინო გოგუაძე:

“ეს დადგენილება ჟურნალისტებს უსპობს ყველანაირ საშუალებას, გამოავლინონ რაიმე სახის დარღვევა საარჩევნო უბანზე დილის 7–დან საღამოს 8 საათამდე, ანუ იმ პერიოდში, როდესაც ამომრჩეველი იმყოფება უბანზე და ყველაზე მეტი დარღვევა შეიძლება დაფიქსირდეს”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ. ის სხდომის გადადების ერთ–ერთი ინიციატორი იყო. ხარატიშვილმა მის გამოსვლას პოლიტიკური ანგაჟირება უწოდა.

დადგენილების მიღების მომხრეებს სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ, გარდა ცესკოს თავმჯდომარისა. ზურაბ ხარატიშვილის თქმით, ის სხდომის გადადების ან თუნდაც ერთსაათიანი შესვენებისა და თათბირის საჭიროებას ვერ ხედავდა, თუმცა საკითხის განხილვა კომისიის რამდენიმე წევრს შორის აზრთა სხვადასხვაობის გამო მაინც გადაიდო.

ზურაბ ხარატიშვილმა “ნეტგაზეთის” კითხვაზე, თუ რატომ დაიწყო შეზღუდვების დაწესებაზე საუბარი ახლა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, განაცხადა:

 

“ახლა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ეს საკითხი უფრო ნმნიშვნელოვანი გახდა და ამიტომ დავიწყეთ აქტიურად განხილვა”.

 

ხოლო შეკითხვას, ნიშნავს თუ არა დადგენილების მიღება ჟურნალისტების მხრიდან საარჩევნო უბანზე დარღვევების აღმოჩენის გამორიცხვას, ხარატიშვილმა პასუხი არ გასცა.

სხდომის დასრულების შემდეგ საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა არასამთავრობო სექტორთან გამართეს შეხვედრა.

“საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის” თავმჯდომარის ია მამალაძის თქმით, ზურაბ ხარატიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ გარკვეული სახის რეგულაციების დაწესება ფოტო–ვიდეოგადაღების შესახებ აუცილებელი იქნება.

არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ცესკოს წარმომადგენლები საკითხს ხვალ, 12 საათზე, სასტუმრო “თბილისი მერიოტში” უფრო დეტალურად განიხილავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი