ახალი ამბები

პატიმარ კიკნაძის ახსნა-განმარტებას ომბუდსმენის ოფისი პროკურატურას გადასცემს

23 სექტემბერი, 2012 • 1071
პატიმარ კიკნაძის ახსნა-განმარტებას ომბუდსმენის ოფისი პროკურატურას გადასცემს

მსჯავრდებულის განცხადებით, მის მიმართ განხორციელებული მოპყრობის მიზანი იყო 2001 წელს ყოფილ N5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ თ.დ.-ს მკვლელობის გარემოებებზე მის ხელთ არსებული ინფორმაციის გასაჯაროებისაგან თავის შეკავება.

 

გოდერძი კიკნაძის განცხადებით, მან შიმშილობა მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შეწყვეტის მოთხოვნით 19 სექტემბერს დაიწყო. დღეისათვის მსჯავრდებული მოითხოვს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელთან შეხვედრას, რომელსაც ჩვენებას მისცემს ზემოაღნიშნულ საქმეზე.

 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი კიკნაძის ახსნა-განმარტებას ორშაბათს, 24 სექტემბერს, გადასცემს საქართველოს მთავარ პროკურატურას შესაბამისი რეაგირებისთვის.

 

“მონახულების მომენტისთვის მსჯავრდებულს აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: მოყვითალო-მოშავო ფერის სისხლნაჟღენთები და შეშუპებები ორივე თვალბუდის არეში, მარცხენა და მარჯვენა ყვრიმალის და საფეთქლის არეში, ასევე, შუბლზე – მოყვითალო ფერის სისხლნაჟღენთი. ყელის არეში, მარცხენა მხარეს, მსჯავრდებულს აღენიშნება მცირე ზომის ჰიპერემიული უბანი, ორივე ქვედა კიდურზე – რამდენიმე ნაჭდევი, დაფარული ფუფხით. 21 სექტემბერს მსჯავრდებულ გოდერძი კიკნაძის სამედიცინო ბარათში გაკეთებული ნევროპათოლოგის კონსულტაციის ჩანაწერის მიხედვით, მას აღენიშნება მსუბუქი ხარისხის თავის ტვინის შერყევა”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

 

მსჯავრდებულის განმარტებით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში იგი დღეში ორჯერ ხვდებოდა დედას. იგი ასევე მოინახულეს მისმა ადვოკატებმა და მოძღვარმა.

 

გოდერძი კიკნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, უზრუნველყოს სათანადო ზომების მიღება.

მასალების გადაბეჭდვის წესი