ახალი ამბები

სასჯელაღსრულების სამინისტროს პატიმრები საავადმყოფოებში გადაყავს

23 სექტემბერი, 2012 • 1142
სასჯელაღსრულების სამინისტროს პატიმრები საავადმყოფოებში გადაყავს

სასჯელაღსრულების სამინისტროს აცხადებს, რომ სამკურნალო დაწესებულებაში ბოლო ორი დღის მანძილზე ათზე მეტი პატიმარი გადაიყვანეს. მათ შორისაა დიმიტრი ონიანი, რომლის დედაც ვარაუდობდა, რომ მისი შვილი გარდაცვლილია. 

 

“უკანასკნელი 2 დღის მანძილზე ცალკეული მედიასაშუალებებით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია პატიმარ დიმიტრი ონიანის მდგომარეობის შესახებ. გამომდინარე ზემოთ ქმულიდან, სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევს, დააკმაყოფილოს საზოგადოებრივი ინტერესი და განმარტება გააკეთოს აღნიშნული ფაქტის შესახებ.

რუსთავის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული დიმიტრი ონიანი 2012 წლის 20 სექტემებრს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაყვანილ იქნა შესაბამისი პროფილის დაწესებულებაში. აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის ჩატარების შესახებ განცხადება თავად მსჯავრდებულის მეუღლეს ეკუთვნოდა, რომლის მოთხოვნაც დაკმაყოფილდა.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტში საკადრო ცვლილებების განხორციელებისთანავე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ყველა პატიმარი, რომელიც ჯანმრთელობის კუთხით სათანადო დახმარებას საჭიროებს, გადაეყვანათ შესაბამის, მათ შორის სამკურნალო დაწესებულებებში.
მსჯავრდებულ დიმიტრი ონიანის ხსენებულ დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით სრულად არიან ინფორმირებულნი მისი ოჯახის წევრები და მსჯავრდებულის ჯანმრთელობის  მდგომარეობის გათვალსწინებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პაციენტის  (მათ შორის მსჯავრდებულის)  ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არის კონფიდენციალური. შესაბამისად, დამატებით ინფორმაციას პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საზოგადოებას ვერ მივაწვდით,”- ავრცელებს განცხადებას სამინისტრო.

 

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციითვე, გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ტუბერკულოზით დაავადებული 18 პირი იმყოფებოდა. მათგან 9 პირი კი, სამინისტროს განცხადებით, 2012 წლის 21 სექტემბერს გადაყვანილი იქნა სასჯელაღსრულების #19 სამკურნალო დაწესებულებაში.

 

“2012 წლის 23 სექტემბერს 3 პატიმარი (მათ შორის ზვიად გელაშვილი) გადაყვანილ იქნა სასჯელაღსრულების #18 სამედიცინო დაწესებულებაში. ამავდორულად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დარჩენილ ყველა პატიმარს, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას, დაწესებულების მედპერსონალი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს,”- აცხადებენ სამინისტროში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი