ახალი ამბები

ქსნის საპყრობილესთან პატიმართა ოჯახის წევრების ნაკადი არ წყდება [Video]

22 სექტემბერი, 2012 • 1573
ქსნის საპყრობილესთან პატიმართა ოჯახის წევრების ნაკადი არ წყდება [Video]

ნანა ბოტკოველის ქმარი 12 წელია სასჯელს იხდის. ქსნის საპატიმროში მეუღლის სანახავად შუადღისთვის მივიდა. 

 

“ფეისბუქზე დაწერეს, ქსანში პატიმრები უცემიათ და სამსახურიდან გამოვვარდი, ჩემი თვალით მინდა ვნახო, რამდენად შეესაბამება სიმართლეს. მას შემდეგ, რაც პატიმართა წამების კადრები ვნახე, არ მძინავს. კი ვიცოდი, რომ ხშირად სცემდნენ, მაგრამ ასეთ დონემდე თუ იყო ყველაფერი, ვერ წარმოვიდგენდი,” -ამბობს ნანა. 

 

დაწესებულებიდან გამოსული პატიმრების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პატიმრების ნაწილი შიმშილობს, წამების მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის მიზნით. სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლების თქმით კი, ისინი ასევე მოითხოვენ მათ მიმართ წარსულში განხორციელებულ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიებების ადეკვატურ წარმოებას და დამნაშავეთა დასჯას. 

 

პატიმრების ახლობლების თქმით, ბოლო 3 დღეა ციხეში შედარებით სიმშვიდეა:

 

“ჩემმა შვილმა მითხრა, რომ ბოლო დღეებია ის თანამშრომლებიც კი, რომლებიც არაადამიანურად ეპყრობოდნენ, შეცვლილები არიან და ხმას არ სცემენ. დირექტორიც შეუცვლიათ,”- ამბობს პატიმრის დედა. 

 

ერთი-ერთი პატიმრის ძმა ამბობს, რომ მისი ძმა სამი თვის წინ წამების მსხვერპლი გახდა. წამების შესახებ პატიმრის დედაც საუბრობს და აცხადებს, რომ მის შვილს დავით მინასოვს, ვინმე ლევან ლეჟავა, ქსნის დაწესებულების თანამშრომელი ხელკეტით გაუპატიურებას უპირებდა.

 

“ჩემმა შვილმა თავდაცვის მიზნით გულმკერდის არე დაიზიანა და საავადმყოფიში გადაიყვანეს. ორი თვეა მისი ნახვის საშუალება არ გვქონდა. ეს მხოლოდ ამ დღეებში გავიგეთ,”- ამბობს პატიმრის დედა. 

 

 

რეჟიმის უფროსს, ლევან ლეჟავას ქსნის საპყრობილის პატიმრები ადრეც არაერთხელ ასახელებდნენ, როგორც მოძალადეს. 2012 წლის 19 მაისს ორგანიზაციამ ”სოლიდარობა უკანონო პატიმრების” ქსნის №15 დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიღებული პატიმრის წერილი გაასაჯაროვეს, სადაც პატიმარი წერდა, რომ ის ციხის თანამშრომლებმა ცემეს და შემდეგ რეზინის ხელკეტით გააუპატიურეს:

 

”მოგახსენებთ, რომ ამ დაწესებულების მმართველებს, ესენი არიან: ამ დაწესებულების დირექტორი შოთა თოლორდავა, ლევან ლეჟავა, გიორგი ფარჯანაძე და დიმა ჩხეიძე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში, ამ პირობებში ამის გახმოვანება და გახმაურება, რასაც თქვენ გაცნობებთ, არის თავგანწირვის ტოლფასი და ძალიან გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ყურადღება ჩემ მიმართ, რათა რაიმე იმედი და გარანტია მქონდეს ამ პიროვნებებისგან დასაცავად”, – ნათქვამია აღნიშნული პატიმრის წერილში.

 

ლაჟავა, პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობის მონაწილე, გიორგი ტუღუშის, როგორც სახალხო დამცველის არაერთ ანგარიშსა და რეკომენდაციაშია მოხსენიებული, თუმცა ჯერ უცნობია, მოითხოვს, თუ არა ის, როგორც უკვე მინისტრი, ქსნის საპყრობილეში იმ თანამშრომლების დასჯას, რომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ადამიანების წამებას. სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, ლეჟავა უკვე დათხოვილია სამსახურიდან.

 

ახალი მინისტრის, გიორგი ტუღუშის იმედი პატიმრის ახლობლებს არ აქვთ. ისინი ფიქრობენ, რომ ყოფილი სახალხო დამცველი სხვისი გავლენის ქვეშ მოექცევა და ციხეებში ისევ იგივე მდგომარეობა შეიქმნება. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი