ახალი ამბები

ნოდარ ჯავახიშვილი აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნება

9 დეკემბერი, 2016 • 5344
ნოდარ ჯავახიშვილი აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი გენერალური აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობის შესრულებას ორშაბათიდან შეუდგება.

ინფორმაციას ამის შესახებ სამსახურის პრესსამსახურშიც ადასტურებენ.

აუდიტის სამსახურის ინფoრმაციით, ჯავახიშვილის კანდიდატურა ამ თანამდებობაზე კონსულტაციების შემდეგ შეირჩა, რომელიც გენერალური აუდიტის სამსახურის უფროსს, ლაშა თორდიასა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შორის გაიმართა.

2011-2014 წლებში ნოდარ ჯავახიშვილი იყო სს „ქართუ ბანკის”  გენერალური დირექტორი. 2014 წლიდან 2015  წლამდე- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2015 წლის აპირლიდან 2016 წლის ნოემბრამდე ინფრასტრუქტურის მინისტრი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  მოადგილედ ნოემბერში  ასევე  დანიშნეს “სამართლიანი არჩევნების” ყოფილი თავმჯდომარე ნინო ლომჯარია.

თავად სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მოადგილეს გენერალური აუდიტორი ნიშნავს, რომელიც ამჟამად ლაშა თორდიაა. თავის მხრივ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. თორდია გენერალური აუდიტორი არის 2012 წლის 25 ივლისიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი