ახალი ამბები

ნინო ლომჯარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის I მოადგილედ ინიშნება

4 ნოემბერი, 2016 • 4376
ნინო ლომჯარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის I მოადგილედ ინიშნება

ნეტგაზეთის ინფორმაციით, ნინო ლომჯარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას პირველ მოადგილედ ინიშნება. ამ გადაწყვეტილებას მხარეები ჯერ არ ახმაურებენ, თუმცა ცნობილია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს დღეს, 14 საათზე წარადგენენ.

http://www.feminism-boell.org-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ნინო ლომჯარიას ბიოგრაფია ასე გამოიყურება. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) ხელმძღვანელად:

განათლება: იურისტი, სამართლის მაგისტრი.

კვლევის ინტერესები/სამუშაო თემები: საარჩევნო სისტემები, კარგი მმართველობა, პოლიტიკური უფლებები, ქალთა უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობა,  ანტიკორუფციული კვლევები.

ენები: ქართული (მშობლიური), ინგლისური, რუსული.

ბიოგრაფია:

ნინო ლომჯარიას მიღებული აქვს სენტ ლუისში ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი (2011), ასევე, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში (2006).

2011 წლიდან 2015 წლამდე ნინო ლომჯარია იკავებდა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას არასამთავრობო ორგანიზაციაში „სამართლიანი არჩევნებისა და დემკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED). 2015 წლიდან არის ევროპული საერთაშორისო სადამკვირვებლო ქსელის, ENEMO-ს გენერალური მდივანი. ორგანიზაცია 17 ქვეყნის 22 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. გარდა ამისა, ნინო ლომჯარია  ევროპული სადამკვირვებლო ორგანიზაცია  EPDE-ს გამგეობის წევრია 2014 წლიდან.

2004-2008 წლებში ნინო ლომჯარია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობდა  იურისტის პოზიციაზე კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ანტიკორუფციულ საკითხებზე. 2008-2010 წლებში ამავე ორგანიზაციაში მუშაობდა საარჩევნო პროექტების მენეჯერად, რაც მოიცავდა ორგანიზაციის სადამკვირვებლო, ამომრჩეველთა განათლებისა და სამოქალაქო ჩართულობის პროექტების მართვას. 2010 წელს ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის კვლევის ასისტენტის პოზიციას იკავებდა.

ნინო ლომჯარია  არის 15 კვლევის  ავტორი არჩევნების მონიტორინგის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, მედიაგამჭვირვალობისა და ანტიკორუფციულ საკითხებზე.


სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მოადგილეს გენერალური აუდიტორი ნიშნავს, რომელიც ამჟამად ლაშა თორდიაა. თავის მხრივ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. თორდია გენერალური აუდიტორი არის 2012 წლის 25 ივლისიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი