ახალი ამბები

პროფესიულ გამოცდაში მასწავლებლების მხოლოდ 1.5%-მა აჩვენა მაქსიმალური შედეგი — აუდიტი

22 აპრილი, 2021 •
პროფესიულ გამოცდაში მასწავლებლების მხოლოდ 1.5%-მა აჩვენა მაქსიმალური შედეგი — აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტი, რომელმაც მოიცვა სქემით გათვალისწინებული მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერული წინსვლისთვის განხორციელებული ღონისძიებების პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის საკითხები.

აუდიტის ანგარიში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის 2017-2019 წლების პერიოდს მოიცავს. დოკუმენტის მიხედვით, მასწავლებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მინიმალური საგამოცდო ბარიერი − 30%, მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა საერთაშორისო პრაქტიკას, რომლის მიხედვით, ეს მაჩვენებელი, საშუალოდ, 70%-ია.

კერძოდ, 2017-2019 წლებში გამოცდაზე საგნობრივი მიმართულებით მინიმალური შედეგი აჩვენა მასწავლებლების საშუალოდ 25%-მა, ხოლო პროფესიული უნარების მიმართულებით − 27%-მა. სქემით განსაზღვრული მაქსიმალური შედეგი კი, დოკუმენტის მიხედვით, (60% და უფრო მაღალი), ერთდროულად, როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული უნარების გამოცდაში, მასწავლებლების მხოლოდ 1.5%-მა დააფიქსირა. 2020 წლიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი საგნობრივი გამოცდის შემთხვევაში გაიზარდა 50%-მდე.

აუდიტის სასმსახური აღნიშნავს, რომ სქემის ფარგლებში 2020 წლიდან პროფესიული უნარების დამადასტურებელ გამოცდაში გადასალახი მინიმალური ზღვარი არ არის განსაზღვრული. ამასთანავე, მიუხედავად მასწავლებლების მიერ გამოცდაზე მიღებული დაბალი შედეგებისა, იზრდება იმ მასწავლებლების რიცხვი, რომლებმაც მომდევნო კარიერულ საფეხურზე გადაინაცვლეს.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლიდან უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის განისაზღვრა ტრენინგების გასავლელად სავალდებულო საათების რაოდენობა, თუმცა არ არის იდენტიფიცირებული დარგებისა და კარიერული საფეხურების მიხედვით სავალდებულო და არჩევითი ტრენინგმოდულები, ასევე არ არის შემუშავებული მასწავლებელთა გადამზადების ეტაპობრივი და თანმიმდევრული გეგმა.

კერძოდ, აუდიტის სამსახურის განცხადებით, 2017-2019 წლებში ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული მასწავლებლების 1/3-ს. ანგარიშის ავტორების თქმით, არსებული რესურსის პირობებში შესაძლებელი იყო ხუთი წლის განმავლობაში ორი პრიორიტეტული მიმართულებით მასწავლებელთა სრული კონტინგენტის გადამზადება, რაც ხელს შეუწყობდა ფინანსური რესურსის პროდუქტიულ ხარჯვას.

აუდიტის სამსახურის თქმით, 2019 წელს ქვეყნის მასშტაბით 50 სკოლას არ ჰყავს ბოლოს 3 წლის განმავლობაში არცერთი გადამზადებული მასწავლებელი, ხოლო რეგიონების მიხედვით მოცემული სურათი შემდეგნაირია.

ამასთან, აუდიტის სამსახურის განცხადებით, სქემით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად არ არის შემუშავებული სისტემატიზებული დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც დეტალურად გაიწერებოდა კონკრეტული ღონისძიებები, მისაღწევი შედეგები, ვადები და საჭირო რესურსები. არსებული ინდიკატორები სრულად ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნების შესრულების შეფასებას.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საპენსიო ასაკს მიღწეულ მასწავლებლებს, რომლებმაც 2019 წელს ვერ გადაინაცვლეს მომდევნო კარიერულ საფეხურზე შესაბამისი აქტივობების განხორციელების გზით და უნდა შეეწყვიტათ პედაგოგიური საქმიანობა, მთავრობის დადგენილებით, მიეცათ საშუალება მიეღოთ სახელმწიფო ფულადი ჯილდო სისტემიდან გასვლის სანაცვლოდ.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ამ მიზნით, 2019-2020 სასწავლო წლებში, სამინისტრომ გახარჯა 75.5 მლნ ლარი. ანგარიშის ავტორების თქმით, ორწლიანი ვადის გასვლის შემდეგ ზემოხსენებულ მასწავლებლებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა განაგრძონ პედაგოგიური საქმიანობა დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში. თუმცა, აუდიტის განცხადებით, სამინისტროს და ცენტრს არ აქვთ შემუშავებული სამოქმედო გეგმა სისტემიდან გასული მასწავლებლების ახალი კვალიფიციური კადრებით ჩასანაცვლებლად, რაც არსებული მექანიზმების პირობებში ზრდის პროცესის არაეფექტიანად წარმართვის რისკებს.

ამასთან, აუდიტის პერიოდში ცენტრის მიერ სათანადოდ არ იყო შესწავლილი და შეფასებული პროფესიული განვითარების მიზნით მასწავლებელთა მხრიდან განხორციელებული აქტივობების შესრულების შედეგები. მოცემულ პერიოდში, ანგარიშის ავტორების თქმით,  მასწავლებლების უმრავლესობა ვერ ასრულებდა სქემით განსაზღვრულ როგორც სავალდებულო, ასევე დამატებითი სამუშაოების 40%-ს.

გამოვლენილ გარემოებებსა და ნაკლოვანებებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა შესაბამისი რეკომენდაციები. კერძოდ:

  • მასწავლებლის კვალიფიკაციის დადასტურების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ყველა საფეხურზე მკაფიოდ გაიწეროს პედაგოგის მიერ პროფესიული უნარების გამოცდის ფარგლებში, კომპეტენციის დამადასტურებელი მინიმალური ზღვარი;
  • მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების და ტრენინგებზე მიმართული ფინანსური რესურსის პროდუქტიულად ხარჯვის მიზნით:
  • მასწავლებლის სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით, ტრენინგების გასავლელად სქემით დადგენილი წლიური სავალდებულო საათების ფარგლებში, შეფასდეს და შესაბამისად გაიწეროს ცალკეული დარგისა და კარიერული საფეხურის მიხედვით სავალდებულო და არჩევითი ტრენინგმოდულები;
  • განისაზღვროს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს თანამიმდევრულად, პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით, კონკრეტულ ვადებში მასწავლებელთა სრული კონტინგენტის გადამზადებას;
  • მიზანშეწონილია შემუშავდეს სისტემატიზებული დოკუმენტი, სადაც განსაზღვრული იქნება მათი მიღწევის კონკრეტული მექანიზმები, საჭირო რესურსები და შესაბამისი შეფასების ინდიკატორები;
  • ცვლილების საფუძველზე ახალი მექანიზმების დანერგვისას, უზრუნველყოფილ იქნეს მათი სქემის მიზნებთან შესაბამისობა;
  • სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ფინანსური სახსრების ეფექტიანი და პროდუქტიული ხარჯვის პრინციპების გათვალისწინებით, შემუშავდეს ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სისტემაში მხოლოდ იმ კადრების შენარჩუნებას, რომლებიც აკმაყოფილებენ დადგენილ მოთხოვნებს და ხელს შეუწყობენ კვალიფიციური კადრების მოზიდვას;
  • სამინისტრომ, სისტემაში შემავალ ერთეულებთან კოორდინაციით, შეაფასოს, რამდენად უწყობს ხელს არსებული სქემა სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას სკოლებში და შედეგად, დაგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები;
  • რამდენად უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მასწავლებელთა მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროფესიული განვითარების პროცესს და დანერგოს შესაბამისი მონიტორინგის მექანიზმები.

მასალების გადაბეჭდვის წესი