ახალი ამბები

აგულაშვილი: რეინჯერებთან ორმხრივი სროლის შედეგად ბრაკონიერი დაჭრილია

9 დეკემბერი, 2016 • 40895
აგულაშვილი: რეინჯერებთან ორმხრივი სროლის შედეგად ბრაკონიერი დაჭრილია

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის განცხადებით, თბილისის ეროვნულ პარკში რეინჯერებსა და ბრაკონიერებს შორის ორმხირივი სროლის შედეგად ბრაკონიერი მსუბუქად დაიჭრა.

გარემოს დაცვის სამინისტროში ნეტგაზეთს გაუცხადეს, რომ რეინჯერი, რომელსაც ბრაკონიერმა ესროლა, არ დაჭრილა.

“მოხდა ასეთი რამ, რომ ბრაკონიერებს გადააწყდნენ ჩვენი რეინჯერები, მათ შორის- დაცული ტერიტორიის ხელმძღვანელი. მოთხოვნის მიუხედავად, ბრაკონიერებმა არ შეასრულეს რეინჯერების მოთხოვნა, შემდეგ იყო გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში. ბრაკონიერმა ესროლა ჩვენს თანამშრომელს. რეინჯერებმა ოთხჯერ ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ ესროლა ერთ-ერთ ბრაკონიერს და ის დაიჭრა,” – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მინისტრის თქმით, მისი ინფორმაციით, დაშავებულს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღია. გიგლა აგულაშვილის განცხადებითვე, რეინჯერებმა გაქცეული ბრაკონიერების დადევნებაც სცადეს, თუმცა მათი დაკავება ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლით დაიწყი, რაც უკანონო ნადირობას გულისხმობს. რაც შეეხება პროკურატურას, მათ გამოძიება 333-ე მუხლით დაიწყეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი