ახალი ამბები

დიდუბის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კონკურსის ჩასატარებლად 30 230 ლარი დახარჯა

5 დეკემბერი, 2016 • 3363
დიდუბის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კონკურსის ჩასატარებლად 30 230 ლარი დახარჯა

დიდუბის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კონკურსის ჩასატარებლად 30 230 ლარი დახარჯა.

დიდუბის გამგეობის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დიდუბის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 65 ამხანაგობის თავმჯდომარე დააჯილდოვეს.

გამარჯვებულებისთვის კახეთში ექსკურსია მოეწყო, ამის შემდეგ ისინი სპეციალურად ორგანიზებულ ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულ ამხანაგობის თავმჯდომარეებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაჯილდოება

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაჯილდოება

გამგეობის ცნობით, კონკურსზე 4 ამხანაგობის თავმჯდომარეც დააჯილდოვეს, რომლებმაც წარმოადგინეს 5-წუთიანი დოკუმენტური ფილმი. ფილმის შინაარსი ასახავდა კონკურსში მონაწილე ამხანაგობის ან მათი წევრების საქმიანობას ან ყოფა-ცხოვრებას.

აღნიშნული ღონისძიებები გამგეობას 30 230 ლარი დაუჯდა. გამგეობის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, კონკურსი უნდა გაეფორმებინა ესტრადის მომღერალს მინიმუმ 1.5- საათიანი კონცერტით. კონცერტი გიორგი სუხიტაშვილმა ჩაატარა.

სატენდერო პირობების თანახმად, ეს ღონისიება უნდა გადაეღო ფოტოგრაფსა და მემონტაჟე ოპერატორს, რომელსაც უნდა შეეგროვებინა გადაღებული ფოტოები, შეეკრა ფილმა და აეტვირთა სოციალურ ქსელში.

გამგეობამ ფარული კენჭისყრისთვის საჭირო 60 ბიულეტენი, 75 სიგელი, 80 ცალი ფოტო შეუკვეთა. გამარჯვებულ თავმჯდომარეებს ლოგოიანი ბრელოკები, სამკერდე ნიშნები, ბლოკნოტები, კალმები, ჭიქები, 8 GB ფლეშკები გადაეცათ.

ტორტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაჯილდოების ცერემონიაე

ტორტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაჯილდოების ცერემონიაე

ასევე, გამგეობამ გადაიხადა ფული ინტერნეტში ოთხი თვის განმავლობაში ჩართული ტელეფონის ბარათის შესაძენად, რომელიც 60 პირისთვის იყო განსაზღვრული. ღონისძიების გასაფორმებლად გამგეობას არც ფოიერვერკების შეძენა დავიწყებია.

მენიუში, რომელიც 120 ადამიანზე იყო გათვლილი, შედიოდა ღორის, ქათმის, ჰოლანდიური ყველის კანაპე, ასევე კანაპე ნიგვზიანი ბადრიჯნით, ისპანახით, ხიზილალითა და ორაგულით, ხაჭაპური, სოკოს ღვეზელი, პიცა, ეკლერი, შუ, ტარტალეტკა, სადღესასწაულო ტორტი, ხილის ასორტი, უალკოჰოლო სასმელები.

დიდუბის გამგეობის განმარტებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის კონკურსი მიზნად ისახავს რაიონის ტერიტორიაზე აღრიცხული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ეფექტური ფუნქციონირების, ამხანაგობის, როგორც სამოქალაქო ინსტიტუტის, მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ ამხანაგობის წევრთა ცნობიერების ამაღლებას, ასევე, ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლასა და განვითარების ხელშეწყობას.

ამ წვეულების გარდა, დიდუბის რაიონის გამგეობამ გამარჯვებულ თავმჯდომარეებს საჩუქრად პლანშეტები გადაცა, რომლის საშუალებით ამხანაგობების ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სახის პრობლემას აგზავნიან. პროგრამის საშუალებით გამოგზავნილი პრობლემის საკითხი პრობლემაზე პასუხისმგებელ პირს ავტომატურად ეგზავნება, განმარტავს გამგეობა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაჯილდოება

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაჯილდოება

მასალების გადაბეჭდვის წესი