არასამთავრობო ორგანიზაციების წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედურ დასკვნებში აქტიურად არის გაშუქებული ისეთი ფაქტები, როდესაც მოხდა მმართველი პარტიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს” საარჩევნო პროექტის ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი “ნეტგაზეთთან” აღნიშნავს, რომ ამ წინასარჩევნო პერიოდში წინა არჩევნებისგან განსხვავებით საგრძნობლად არის გაზრდილი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტები.

“ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები სტანდარტულია წინასაარჩევნო პერიოდში. თუმცა, ამ წინასაარჩევნო პერიოდში გაცილებით მეტი იყო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევები, ვიდრე წინა არჩევნებზე.

 

მაგალითად, წინა 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე თუ ჩვენ გვქონდა მხოლოდ რამდენიმე ფაქტი ამ ადმინისტრაციული დარღვევების, ამ შემთხვევაში ასეთი ფაქტები წინასაარჩევნოდ საკმაოდ ბევრი გვაქვს”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” ნატროშვილი.

არასამთავრობოები რამდენიმე ფაქტს გამოყოფენ.

“სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლის ნინო რიჟამაძის განცხადებით,  ძირითადად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თვალსაზრისით არის შემთხვევები, როდესაც არაუფლებამოსილი პირები მონაწილეობენ წინასაარჩევნო კამპანიაში.

“სამართლიანი არჩევნების” მიერ დაფიქსირებული პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელის შეშლის ფაქტებში ხშირია შემთხვევები, როდესაც მონაწილეობენ არაუფლებამოსილი პირები. ესენი არიან სოფლის რწმუნებულები, გამგეობის თანამშრომლები. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ადამიანები არიან შვებულებაში, თუმცა, ის ფაქტი, რომ ისინი აქტიურად მონაწილეობენ პარტიების მიერ გამართული შეხვედრების ჩაშლაში, წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას”, – ამბობს იურისტი რიჟამაძე.

მისივე განცხადებით, არასამთავრობოების აქტიური მოწოდების მიუხედავად, (ჯერ კიდევ 2011 წლის დეკემბერში, მაშინ როდესაც საარჩევნო კოდექსი იხილებოდა), რომ აკრძალულიყო აგიტაციაში გამგებლებისა და გუბერნატორების მონაწილეობა. თუმცა, ეს უკანასკნელი არ დაკმაყოფილდა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით რამდენიმე ფაქტზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც რეაგირება მოჰყვა.

კერძოდ, 13 აგვისტოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლებისა და სოციალური განვითარების სამსახურის სპეციალისტის სამუშაო ოთახში გაკრული ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სააგიტაციო მასალებთან დაკავშირებული საქმე საარჩევნო ადმინისტრაციამ დეტალურად შეისწავლა და №12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შემდგარი სამართალდარღვევის ოქმი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა. ზემოაღნიშნული სამსახურის სპეციალისტი სასამართლოს გადაწყვეტილებით 1,000 ლარით დაჯარიმდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს” წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი ბოლო დროს ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ცალკეულ პროექტებსაც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტად მიიჩნევს.

“ხშირია ხოლმე ისეთი საბიუჯეტო პროექტების დაფინანსება და განხორციელება, რომელიც სავარაუდოდ ემსახურება ამომრჩევლის გულის მოგებას, ვიდრე რაღაც ეფექტიან, ქვეყნის განვითარებაზე გათვლილ გრძელვადიან გეგმას. ასეთია წინასაარჩევნოდ სხვადასხვა სოციალური, გასართობი ღონისძიებები თუ ინფრასტრუქტურული პროექტები, ასეთი იყო მაგალითად “სამერ ჯობი”.

 

ასევე ამის ფაქტია თუნდაც ის, როდესაც შეიქმნა დასაქმების სამინისტრო. ბევრი პროგრამა რომელიც არის სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გათვლისწინებული რატომღაც დაემთხვა წინასაარჩევნო პერიოდს და ამაზე ჩვენ ვამბობთ, რომ ეს იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” ნატროშვილი და აქვე დასძენს, რომ ასეთ შემთხვევაში კანონის ძალითაც რომ მიედავო, რთულია დაუსაბუთო, რომ ეს არის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება.

არასამთავრობოების შეფასებით, უწყებათაშორისი კომისია ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტების შესახებ, რომელსაც გაკვეული დადებითი შედეგიც მოჰყვა ცალკეულ შემთხვევებში.

“უწყებათაშორისი კომისიის მხრიდან არის რეაგირება. რამდენიმე საჯარო მოხელე აღდგა სამსახურში. სამწუხაროა ის, რომ მათ არ აქვთ წვდომა კერძო სექტორში დასაქმებულ პირებზე, რომლებსაც ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებდნენ. ასევე რამდენიმე ოჯახს აღუდგა პოლიტიკური ნიშნით მოხსნილი სოციალური დახმარებები. უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების შემდეგ იკლო პოლიტიკური ნიშნით სოციალური შეღავათების მოხსნამ. მაგრამ კვლავ ფიქსირდება ფაქტები”, – ამბობს “ნეტგაზეთთან”   “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლი ნინო რიჟამაძე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *