კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებულ საარჩევნო პროგრამაში გარემოსდაცვითი სფერო ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებადაა მიჩნეული. წინასაარჩევნო პროგრამის თანახმად, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში „ქართული ოცნება” მოსახლეობას პირდება, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებას გაზრდის და უზრუნველყოფს ქვეყნის მიერ ნაკისრი გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულებას.
გარემოსდაცვის შესახებ არაფერია ნათქვამი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთგვერდიან საარჩევნო პროგრამაში. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, მარიამ მებურიშვილის თქმით, მმართველი
პარტია ახლა მუშაობს ვრცელ პროგრამაზე და ის უახლოეს ხანში გახდება ცნობილი საზოგადოებისათვის. მან უფრო ვრცელი განმარტებისთვის გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრთან, გოგა ხაჩიძესთან გადაგვამისამართა.
„2012 წელს მთავრობამ დაამტკიცა გარემოს განვითარების დაცვის სტრატეგიული გეგმა, 4– წლიანი პროგრამა – ნეაპი, რომელიც არის მაღალი ლეგიტიმაციის დოკუმენტი. მასში არის დეტალურად გაწერილი, თუ რა პრობლემებია გარემოსდაცვის კუთხით ჩვენს ქვეყანაში, რა პრიორიტეტებებია, ოთხწლიანი – 2012-16 წლების კონკრეტული სტრატეგიაა, ბიუჯეტით. “ნაციონალურმა მოძრაობამ” განიხილა ეს დოკუმენტი და აღიარებს, როგორც ჩვენი ქვეყნის გარემოსდაცვის სფეროში მთავარ დოკუმენტს,“ – განუცხადა გოგა ხაჩიძემ „ბათუმელებს“.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკა გარემოს დაცვის კუთხით არაერთხელ გამხდარა გარემოსდამცველი ორგანიზაციების კრიტიკის საგანი. განსაკუთრებით დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა 2011 წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოს მთავრობის მიერ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებზე ნადირობის
დაშვების მიზნით რამდენიმე ნორმატიული აქტის გამოცემას.
არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე მოითხოვდნენ დიდი ჰესების მშენებლობის პროექტების შეჩერებას. 2011 წლის 21 დეკემბერს საქართველოსა და უცხოეთის 50-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს პრეზიდენტს მიმართა.
მათ მოითხოვეს საქართველოში გიგანტური და მოსახლეობისა და გარემოსთვის საზიანო ჰიდროელექტროსადგურების პროექტების შეწყვეტა, თუმცა მთავრობას ამის პასუხად არაფერი შეუცვლია, პირიქით, რიგი ჰესების მშენებლობები ნებართვების და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის გარეშე დაიწყო.
„სამწუხაროდ, არ ვიცნობ ყველა პარტიის პროგრამას. თუმცა ვიცი, რომ „ოცნებას“ აქვს ძალიან საინტერესო პლატფორმა ჩადებული გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. ველოდები „ნაციონალებს“. მათი პლატფორმა ჯერ არ მინახავს, „ნეაპზე“ აქცენტის გაკეთება, რომ ეს იქნება წამყვანი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ჩემთვის ცოტა გაუგებარია, იმიტომ, რომ “ნეაპში”, მიუხედავად იმისა, რომ ბრწყინვალე დოკუმენტია, რაღაც საკითხები არ არის გარკვეული, ბუნდოვანია და დეტალიზებას საჭიროებს,“ – აცხადებს „ბათუმელებთან“ საუბარში „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.
გარემოსდაცვის კუთხით რიგი დაპირებები აქვთ „ახალ მემარჯვენეებს“. საარჩევნო პროგრამაში სპეციალურ თავს „ეკო-უსაფრთხოება“ ეწოდება, სადაც ვკითხულობთ: „…პრიორიტეტები იქნება: ბუნებრივი პროცესებისა და ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი კრიზისების თავიდან აცილება. საქართველოს ბუნებრივი გარემოს, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება. გარემოს დაბინძურების საწინააღმდეგო ეფექტიანი ღონისძიებების შემუშავება და გატარება. ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების პრევენცია; ტყის რესურსების დაცვა…“
გარემოსდაცვით პროგრამაზე “ბათუმელებთან” „ქრისტიან დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერმა, ლევან ვეფხვაძემ ისაუბრა:
„გარემოს დაცვის კუთხით სამ მნიშვნელოვან კომპონენტზე ვამახვილებთ ყურადღებას. ეს არის ლოკალური პრობლემები იმ საწარმოების, რომლებიც კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში – ბოლნისში, ზესტაფონსა და კასპშია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასევე მნიშვნელოვანი თემაა ნაპირსამაგრი სამუშაოები და ეკომიგრანტების თემა – პრობლემა, რომელიც უკავშირდება ჩვენი ტერიტორიების საკმაოდ დიდი ფართობების დამეწყრილობას. საჭიროა ეკომიგრანტის სტატუსის შემოღება და ამ ადამიანების სტატუსის შესაბამისი სოციალური მხარდაჭერა,“ – აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
“ლეიბორისტული პარტიის” მდივანმა, კახა ძაგანიამ ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ მიერ ორგანიზებულ პოლიტიკურ დებატებში პასუხი გასცა კითხვებს, რომელიც პარტიის გარემოს დაცვით პოლიტიკას შეეხებოდა. კითხვაზე, როგორია „ლეიბორისტული პარტიის“ საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სფეროში და გეგმავთ თუ არა საკანონმდებლო ცვლილების გატარებას? კახა ძაგანია პასუხობს:
„ჩვენ უკვე დიდი ხანია პარლამენტში შევიტანეთ კანონპროექტი იმის თაობაზე, რომ აიკრძალოს ტყის მასივების გაყიდვა-გასხვისება. ასევე შევიტანეთ კანონპროექტი, რომლის თანახმადაც უცხოელებზე მიწის ნაკვეთების გასხვისება აიკრძალოს, რათა ეს მიწის ნაკვეთი საქართველოს მოქალაქემ მოიხმაროს. ეს ორი ინიციატივა ხელახლა უნდა იქნას შეტანილი. ასევე, კანონპროექტით უნდა გამოვრიცხოთ ოქროს, ქვანახშირის, მარგანეცის და მსგავსი ბუნებრივი წიაღისეულის კერძო საკუთრებაში გადაცემა. გაზისა და ნავთობის ის მწირი საბადოები, რაც გვაქვს, უნდა იყოს ექსკლუზიურად სახელმწიფო მართვის ხელში. ეს კანონპროექტები შეტანილია და, რა თქმა უნდა, ჩვენს პროგრამაშიც აისახება,“ – ამბობს ძაგანია.
საარჩევნო პროგრამებში გარემოსდაცვითი კუთხით არაფერი აქვთ შემდეგ პარტიებს: „ჯონდი ბაღათურია – ქართული დასი“, „ედპ – ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას“, „პოლიტიკურ პარტიას „თავისუფალი საქართველო“, „სახალხო პარტია“.
როგორი იქნება პარტიების პოლიტიკა დიდი ჰესების მშენებლობასთან და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვასთან დაკავშირებით? ამ კითხვით პარტიების წარმომადგენლებს მივმართეთ.
„ჩვენ უარს ვამბობთ დიდი ჰესების მშენებლობაზე იმიტომ, რომ მათი გავლენა გარემოზე არის ძალიან მასშტაბური და მძიმე შედეგის მომტანი, კლიმატური ცვლილებების თვალსაზრისით და ტერიტორიის დატბორვის კუთხითაც. საქართველო იმდენად პატარაა და იმდენად მრავალფეროვანი ქვეყანაა, თავისი ბუნებრივი, კულტურული მრავალფეროვნების თვალსაზრისით, რომ ნამდვილად არ გვაქვს ჩვენ იმის საშუალება, რომ ელექტროენერგია
ვაწარმოოთ დიდი ჰესების გზით, გასაყიდად, რასაც აკეთებს ხელისუფლება.
რაც შეეხება მეორე საკითხს, წითელ ნუსხაში შეტანილ იშვიათ და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებზე ნადირობა არ უნდა იყოს დაშვებული, ამაზე ორი აზრი არ არსებობს,“ – აცხადებს კოალიცია „ქართული ოცნების“
გარემოს დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი.
„ზოგადად „ახალი მემარჯვენეების“ პოზიცია არის ასეთი, რომ საქართველომ თავისი ჰიდრორესურსები უნდა გამოიყენოს. ჩვენს ქვეყანაში უნდა აშენდეს მცირე ჰესებიც, უნდა აშენდეს დიდი სიმძლავრის ჰესებიც, ამას წინასწარ სჭირდება ეკოლოგების და სპეციალისტების დასკვნა. ხანდახან ჩვენ მოგვიწევს გარკვეულ ტერიტორიას შეველიოთ. როდესაც გაქვს ასეთი მდიდარი რესურსები, წარმოუდგენელია, ეს რესურსები არ გამოიყენო.
რაც შეეხება წითელ ნუსხას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ შეიძლება ქვეყანამ არ იზრუნოს იმ სახეობებზე, რომელიც გაქრობის პირას არის და რომელთა შენახვაზეც ჩვენ სხვადასხვა ხელშეკრულებებით ვალდებულება გვაქვს აღებული,“ – აცხადებს „ბათუმელებთან“ საუბარში “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია.
„ბუნებრივია, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჰესების მშენებლობას, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ მცირე და საშუალო ზომის ჰესებს. ხშირად ვსაუბრობთ ნამახვანის ჰესზე, იმიტომ, რომ რიონზე იწვევს შეგუბებას და დიდ გავლენას მოახდენს არსებულ კლიმატზე. ნებისმიერი ჰესის მშენებლობა და ის გარემოს ზიანი შეიძლება მისი რელევანტურობით შეფასდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში პოზიტიურად, თუკი ეს აისახება ჩვენს ტარიფებზე. რაც შეეხება წითელ ნუსხას, არ ვარ კომპეტენტური
და ვერ გიპასუხებთ,“- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას ჰესებთან დაკავშირებით, „ნაციონალურ მოძრაობა” ჰესების მშენებლობას მომავალი 20-25 წლის მანძილზეც გეგმავს, ამის შესახებ გასულ კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა დუშეთის რაიონში „არაგვი ჰესის“ მშენებლობის დათვალიერების დროს განაცხადა:
„საქართველოში მომავალი 20-25 წელიწადი ჰესების ბუმი იქნება, არ გაჩერდება. აი, მაგალითად, საქართველო მსოფლიოში არის მეორე ადგილზე ერთ სულ მოსახლეზე ჰიდრორესურსებით, პირველ ადგილზეა ნორვეგია. ნორვეგიაში სულ ათვისებულია 100%, საქართველოში არის 20% ათვისებული”, – განაცხადა მერაბიშვილმა.
ჰესების მშენებლობის პარალელურად, ელექტროენერგიის საფასური საქართველოში, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჯერ-ჯერობით ყველაზე ძვირი რჩება.