ახალი ამბები

TIMSS: არიან თუ არა საქართველოს მოსწავლეები “მაჩანჩალები”?

2 დეკემბერი, 2016 • 3028
TIMSS: არიან თუ არა საქართველოს მოსწავლეები “მაჩანჩალები”?

28 ნოემბერს საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციამ (IEA) გამოაქვეყნა 2015 წელს ჩატარებული მერვე და მეოთხეკლასელთა საერთაშორისო შეფასების შედეგები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მათემატიკაში. საქართველომ ამ შეფასებაში უკვე მესამედ მიიღო მონაწილეობა 2007 და 2011 წლის შემდეგ. 2015 წლის შეფასებაში, ტრადიციულად, აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები ლიდერობენ: პირველ ადგილებს იკავებენ სინგაპური, კორეა, ტაივანი და იაპონია. საინტერესოა, რომ 2015 წლის შეფასებაში ძალიან მაღალი შედეგები აჩვენეს რუსმა მოსწავლეებმა – მეცნიერებებში ისინი ხუთეულში მოხვდნენ. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ასევე ძალიან მაღალი შედეგები აქვს ყაზახეთს, რომელმაც წინა შეფასებებთან შედარებით ძალიან გააუმჯობესა შედეგები და, მაგალითად, მათემატიკაში, მერვეკლასელთა შეფასების მიხედვით ათეულში მოხვდა.  

საქართველო, ისევე როგორც ადრე ჩატარებულ ამ და სხვა მსგავს კვლევებში, მოწინავე ადგილს არ იკავებს მონაწილე ქვეყნებს შორის. საერთოდ, საქართველოს შედეგები საერთაშორისო სტანდარტიზებულ შეფასებებში დიდი ხანია, განათლების სპეციალისტების და ზოგადად მოსახლეობის შეშფოთებას და სასწავლო გეგმის, მასწავლებლების და ზოგადად განათლების სისტემის კრიტიკას იწვევს. თუმცა, როცა ამ შედეგებს განვიხილვთ, აუცილებელია, დიდ სურათს შევხედოთ და უფრო კომპლექსურად განვიხილოთ ეს საკითხი.

პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო შეფასებებში ქვეყნების ძალიან მცირე რაოდენობა მონაწილეობს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა განვითარებულ მდიდარ ქვეყნებს წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს არა აქვს “მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უარესი შედეგი”, როგორც ამას ხშირად აღნიშნავენ.

გარდა ამისა, უნდა გავარკვიოთ, რას ვგულისხმობთ „შედეგში“. საერთაშორისო შეფასებების შედეგებზე საუბრისას, როგორც წესი, ყველაზე ხშირად იყენებენ ერთ მაჩვენებელს – ამა თუ იმ ქვეყნების მოსწავლეების მიერ მიღებულ საშუალო ქულას. საშუალო ქულა მოსახერხებელი ინდიკატორია, რადგან მარტივია აღსაქმელად. მაგრამ ამავე დროს მხოლოდ საშუალო ქულაზე დაყრდნობით მსჯელობა პრობლემურია, რადგან როგორც ტესტები, ასევე მათი შედეგებიც კომპლექსურია. ჯერ ერთი, ტესტები მრავალი ნაწილისგან შედგება და შესაძლოა სხვადასხვა კომპონენტში სხვადასხვა შედეგი დაფიქსირდეს. ამასთან, საშუალო ქულაში ბევრი ნიუანსი იმალება: როგორია ზოგადი განაწილება? როგორია საშუალო ქულები მოსწავლეთა სოციალურ-ეკონომიური მახასიათებლების მიხედვით? სკოლების მიხედვით? მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია რამდენიმე წლის წინ ამერიკელი მოსწავლეების ცუდმა შედეგებმა რამდენიმე საერთაშორისო შეფასებაში. როცა განათლების ექსპერტებმა დეტალურად გააანალიზეს შედეგები, აღმოაჩინეს, რომ მოსწავლეთა სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გათვალისწინებით აშშ მნიშვნელოვნად არ ჩამორჩებოდა სხვა განვითარებულ ქვეყნებს.

ასევე თვითონ ტესტის დიზაინში და ჩატარების მეთოდოლოგიაში არის ისეთი ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა შედეგებზე გავლენა იქონიონ მიუხედავად იმისა, რომ ტესტები სტანდარტიზებულია. მაგალითად, თუ შევხედავთ მე-4 კლასში შეფასებაში მონაწილე მოსწავლეთა ასაკობრივ გადანაწილებას, ვნახავთ, რომ საქართველოში მოსწავლეთა საშუალო ასაკი არის 9.7 წელი მაშინ, როდესაც, მაგალითად, რუსეთში მეოთხეკალსელი მოსწავლეები საშუალოდ 10.8 წლის არიან. ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ განსაკუთრებით ასეთ ადრეულ ეტაპზე რამდენიმე თვესაც დიდი მნიშვნელობა აქვს მოზარდის გონებრივი განვითარების თვალსაზრისით.

მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ სტანდარტიზებულ შეფასებაში ქართველ მოსწავლეთა საშუალო ქულაზე დაყრდნობით ავტომატურად არ მოვნათლოთ საქართველო ‘ჩამორჩენილ’ ქვეყანად.

შემდგომი საკითხი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო და რაც ჩემი აზრით ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოცემულ წელს მიღებული საშუალო ქულა, არის პროგრესი წლების განმავლობაში. საქართველომ ამ კონკრეტულ კვლევაში, როგორც ზევით აღვნიშნე, სამჯერ მიიღო მონაწილოება: 2007, 2011 და 2015 წლებში. როგორც ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე ვხედავთ, ქართველი მოსწავლეების, როგორც მერვე, ასევე მეოთხეკლასელების შედეგები საგრძნობლად გაუმჯობესდა ორივე საგანში.

უფრო მეტიც, თუკი სხვა ქვეყნების შედეგებს გადავხედავთ, ქართველ მოსწავლეებს პროგრესის თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები აქვთ ორივე საგანში და ორივე ასაკობრივ ჯგუფში. 2007 წელთან შედარებით ქართველი მოსწავლეების შედეგები საშუალოდ დაახლოებით 30 ქულით არის გაზრდილი, რაც რეალისტურად, ალბათ, შესაძლებელ მაქსიმუმთან ახლოს არის.

თუ უფრო დეტალურად შევხედავთ მონაცემებს, ვნახავთ, რომ ეს ზრდა არ მომხდარა რომელიმე ერთი ჯგუფის ხარჯზე, არამედ ყველა შესაძლებლობის მოსწავლის შედეგი თანაბრად გაიზარდა. ასევე გაიზარდა იმ მოსწავლეთა პროცენტული შემადგენლობა, რომლებმაც საერთაშორისო სტანდარტით დადგენილ ნიშნულებს მიაღწიეს. ასევე აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით ზრდა შეინიშნება მათემატიკისა და მეცნიერებების ყველა კომპონენტში (ბიოლოგია, ქიმია, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, ალგებრა, გეომეტრია და ა.შ.), თუმცა, ზოგში მეტად და ზოგშიც – ნაკლებად.

მიუხედავად ამ ყველაფერისა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, შედეგები ძალიან სახარბიელო მაინც არ არის და აუცილებლად საჭიროა მიზეზების გაანალიზება და იმ ფაქტორებზე მუშაობა, რამაც შესაძლოა ქართველი მოსწავლეების შედეგები გააუმჯობესოს. მაგალითად, თუ შევადარებთ შედეგებს სხვადასხვა კომპეტენციებში, ვნახავთ, რომ ქართველი მოსწავლეები, როგორც მე-4, ასევე მერველასელები შედარებით ძლიერები არიან საგნობრივ ცოდნაში, მაგრამ უჭირთ პასუხების დასაბუთება და არგუმენტების მოყვანა. საინტერესოა, რომ შეფასებაში მონაწილე ქვეყნების უმრავლესობაში ეს პირიქითაა. შესაბამისად, მოსწავლეებში არგუმენტირებული მსჯელობის უნარების განვითარებას უნდა მიეცეს განსაკუთრებული ყურადღება. არის ისეთი ცალკეული საკითხები ტესტში, რომლებსაც პროცენტულად უფრო მეტი ქართველი მოსწავლე სცემს სწორ პასუხს, ვიდრე, მაგალითად, სინგაპურელი. საჭიროა იმის გაანალიზება, თუ რა ტიპის საკითხებზე უჭირთ ყველაზე მეტად მოსწავლეებს პასუხის გაცემა. ასევე მნიშნელოვანია შედეგების გაანალიზება სკოლების მიხედვით და საუკეთესო შედეგების მქონე სკოლების და კონკრეტული მასწავლებლების პრაქტიკის შესწავლა. მასწავლებლებს რაც შეეხება, ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ქართველ მასწავლებლებს თვითშეფასების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ, თუმცა თვითშეფასების კოეფიციენტი არ აისახება მოსწავლეთა მიღწევებზე.

ამ სტატიაში არ შევეხე ზოგადად სტანდარტიზებული ტესტირების ნაკლოვანებებს, რის გამოც საერთაშორისო შეფასებებს ხშირად სამართლიანად აკრიტიკებენ, რადგან ეს ცალკე განხილვის საგანია. მაგრამ შეფასების შედეგების განხილვის დროსაც ფრთხილად უნდა ვიყოთ და გავითვალისწინოთ ტესტირების კომპლექსური ხასიათი და, რაც მთავარია, შედეგები გამოვიყენოთ არა მხოლოდ კრიტიკისთვის, არამედ სისტემის გაუმჯობესებისთვის.  

მასალების გადაბეჭდვის წესი