ახალი ამბებისაზოგადოება

როგორ დავეხმაროთ ბავშვებს ადრეული განვითარების შეფერხებისას

1 დეკემბერი, 2016 • 5993
როგორ დავეხმაროთ ბავშვებს ადრეული განვითარების შეფერხებისას

ნიკა დღეს 2 წლისაა, დამოუკიდებლად დადის, მღერის და ვითარდება, თუმცა 9 თვის იყო, როდესაც ვერც “თავს იჭერდა”, ვერც ბრუნდებოდა და, როგორც ნიკას დედა ამბობს, წარმოუდგენლად მიაჩნდა, რომ მისი მესამე შვილი ოდესმე ფეხზე გაივლიდა.

2 წლის ნიკას მაგალითი დღეს მისმა მშობელმა ეკა უდესიანმა იმის საილუსტრაციოდ გვიამბო, თუ რა მნიშვნელობა აქვს ადრეულ ინტერვენციას განვითარების შეზღუდვების აღმოსაფხვრელად ან მინიმუმადე დასაყვანად. ორდღიან კონფერენციაზე, რომელიც დღეს, 1 დეკემბერს, თბილისში გაიხსნა, დარგის სპეციალისტები და მშობლების ადრეული ინტერვენციის მიღწევებსა და გამოწვევებზე მსჯელობდნენ.

“4 თვის ასაკში მხედველობის ძალიან მძიმე დაზიანება აღმოაჩნდა- ერთ თვალში მხედველობის ნერვის ნაწილობრივი და მეორე თვალში სრული ატროფია. ასევე გვქონდა მოტორული განვითარების სერიოზული პრობლემები, 9 თვის ბავშვი თავს ვერ იჭერდა, არ ვსაუბრობ დაჯდომაზე, გადაბრუნებაზე”,- ამბობს ნიკას დედა.

მისივე თქმით, ვინაიდან განვითარების შეფერხების აღმოჩენა ადრეულ ეტაპზე შეძლეს, ოკუპაციურ თერაპევტს ადრევე მიმართეს. კვირაში ერთხელ ოკუპაციურ თერაპევტთან ვიზიტმა შედეგი გამოიღო:

“შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ იმავეს ოკუპაციური თერაპევტის გარეშეც მოვახერხებდით და სეანსები შევწყვიტეთ, გვითხრეს, რომ ტვინის უბნები რაც დაზიანებულია, მისი ფუნქციები უნდა ვასწავლოთ სხვას. აღმოჩნდა, რომ ჩვენი თვითნებობის გამო, კი ვასწავლეთ სიარული, მაგრამ წაქცევაც კი არ იცოდა სწორად”,- ამბობს ეკა უდესიანი.

ეს ნიშნავს, რომ თუ ჩვეულებრივი განვითარების შემთხვევაში ბავშვი ავტომატურად “სწავლობს”, რომ წაქცევისას უნდა ეცადოს და თავი არ დაარტყას, ან სახის დარტყმისგან თავის ასაცილებლად ხელები უნდა გამოიყენოს, ნიკას შემთხვევაში ეს ქრონოლოგია დაირღვა, შედეგად, ისევ დაუბრუნდნენ პროფესიონალების სეანსებს და დღეს 2 წლის ნიკა დამოუკიდებლად ახერხებს გადაადგილებას და მისი მოტორული განვითარების დონე მაღალია.

ძალაინ ხშირად, როდესაც ადრეული განვითარების შეფერხების შესახებ საუბრობენ, ადამიანების უმეტესობას მხოლოდ მძიმე დიაგნოზი წარმოუდგება თვალწინ. დღეს გამართულ კონფერენციაზე არაერთხელ გაიმეორეს, რომ ადრეული განვითარების შეფერხება არ ნიშნავს შეზღუდულ შესაძლებლობას, საქართველოში არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, თუმცა კვლევის მიხედვით, რომელიც “ფონდმა ღია საზოგადოება საქართველომ” დაიმოწმა, ადრეული განვითარების პრობლემა 8.5%–ს აღენიშნება

საქართველოში დაახლოებით 370 000 ბავშვია 7 წლამდე ასაკის, რაც ნიშნავს, რომ მსგავსი პრობლემა შესაძლოა 30 000 ბავშვს ჰქონდეს, თუმცა საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს 0-9 წლამდე განვითარების დარღვევის მქონე მხოლოდ 13 412 ბავშვი ჰყავს აღრიცხული. სტატისტიკის უზუსტობის შესახებ ისაუბრა რაისის ინსტიტუტის დირექტორმა, საერთაშორისო ექსპერტმა ემილი ვარგას ბარონმა, რომლის პროგნოზითაც ადრეული განვითარების შეფერხების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია და 20-22%-ს უტოლდება:

“ეს პროგრამა არ არსებობს მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის, ძალიან  ხშირად გარკვეული განვითარების შეფერხება არ არის ხილული და თვალსაჩინო, შეიძლება გვქონდეს საქმე კოგნიტური განვითარების ან მეტყველების განვითარების შეფერხებასთან და ეს ფიქსირდება მხოლოდ ბავშვის შეფასების შედეგად. ზუსტი სტატისტიკა არ ვიცით, თუ რამდენი ბავშვია განვითარების შეფერხების მქონე, თუმცა შედარებითი ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 20-22% საჭიროებს  განვითარების სტიმულირებას”,- განაცხადა ემილი ვარგას ბარონმა.

დღევანდელ კონფერენციაზე ბევრი ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო ადრეული ინტერვენციის პროგრამების მდგრადობისთვის. როგორც ემილი ვარგას ბარონმა აღნიშნა, ამისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მთავრობის ფინანსურ მხარდაჭერას.  

“შეიძლება არსებობდეს დონორი ორგანიზაციების ან კორპორაციების დაფინანსებით სხვადასხვა პროგრამები, მაგრამ იმისთვის, რომ სისტემა გამართულად ფუნქციონირებდეს, აუცილებლად უნდა იყოს ცენტრალური მთავრობის დაფინანსება, ასევე, რეგიონული მუნიციპალური მთავრობისაც. სახელმწიფო უნდა აძლიერებდეს ადრეული ინტერვენციის პროგრამას”.

ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით 7 წელია არსებობს. თითოეულ ბავშვზე გამოყოფილი ვაუჩერის ოდენობა 148 ლარია თვეში. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი 3 წელია დაფინანსებული ვაუჩერების რაოდენობა ყოველწლიურად 40%-ით მატულობს, ეს მაინც არაა საკმარისი. ამჟამინდელი მონაცემებით, მომსახურეობის მიღების მსურველი 1041 ბავშვია, არსებული ბიუჯეტით კი 622 ბავშვის მომსახურეობა ხდება.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ნატო ჩაფიძის თქმით, 2012 წლისთვის პროგრამის ბიუჯეტი 129 600 ლარი იყო, დღეს 878 000 ლარია. 2012 წელს მხოლოდ ასმა ბავშვმა ისარგებლა ამ პროგრამით, 2016 წელს- 673 ბავშვმა.

მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევების წინაშე ჯანდაცვის სექტორი დგას, დღეს მაინც უფრო მეტი პრობლემა განათლების სისტემაშია, ადრეული ინტერვენცია არ არის მხოლოდ ჯანდაცვის სფერო, ის ინკლუზიურ განათლებასაც გულისხმობს. როგორც ”ფონდი ღია საზოგადოების” ადრეული განვითარების პროგრამის მენეჯერმა დრაგანა სრეტენოვმა აღნიშნა, ადრეული ინტერვენციის პროგრამა წარმოადგენს ბაზისს ადრეული ინკლუზიური განათლებისთვის, რომელიც განსაკურებული გამოწვევების წინაშე სკოლამდელი განათლების კუთხით დგას და ამის დამალვას არც განათლების სამინისტრო ცდილობს. სამინისტროს წარმომადგენლის, ნათია ჯოხაძის თქმით, სკოლამდელი განათლება განათლების სისტემაში მომხდარი კარგი თუ ცუდი რეფორმების მიღმა დარჩა:

“2006 წელს სკოლამდელი განათლების დეცენტრალიზაცია მოხდა, რაც იმას  ნიშნავს, რომ ცენტრალური ხელისუფლებიდან ეს სფერო გადაეცა ადგილობრივ ხელისუფლებას. გადაეცა სამართავად, მაგრამ არ გადაეცა ის ცოდნა, ის ხელშეწყობა, რაც მათ სჭირდებოდათ. საბოლოოდ კი რეფორმების ხიბლი, რომელიც განათლების სისტემაში ჩატარდა, არ შეხებია სკოლამდელ განათლებას. ის ძირითადად წარმოდგენილი იყო მხოლოდ სერვისის, მაგალითად, კვების მიმწოდებელ ორგანიზაციად და არა ორგანიზაციად, სადაც ბავშვი ვითარდება და ვითარდება მისი სხვადასხვა უნარი”,- ამბობს ჯოხაძე.

მისივე თქმით, 2016 წელს დაამტკიცეს კანონი სკოლამდელი განათლების შესახებ. სადაც ვალდებულებებს შორისაა საგანმანათლებლო სტანდარტების დადგენა. აღმზრდელ პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დადგენა, მისი პროფესიული ჩარჩოს შემუშავება, სისტემის მონიტორინგი და სხვა. ამ კანონის აღსრულების ფარგლებში გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა, მაგალითად, მუშაობა დაიწყეს სტრატეგიასა და გეგმაზე, როგორ უნდა განხორციელდეს ეს კანონი, თუმცა თავად ჯოხაძე ამბობს, რომ პროცესი დროში გაიწელა

ადრეული ინტერვენციის შესახებ დღევანდელ კონფერენციაზე ახალი ინიციატივის შესახებაც ითქვა. თბილისის მუნიციპალიტეტი ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ბავშვთა შეფასების კითხვარები ბაგა-ბაღებში დაინერგება, რომლის საშუალებითაც ადრეული განვითარების შეფერხების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა იქნება შესაძლებელი.

“ჩვენ მუშაობა დავიწყეთ ბავშვთა ნევროლოგებთან, გვქონდა  რამდენიმე სამუშაო შეხვდრა და ვაპირებთ ადრეული განვითარების  შეფასებას, სხვადასხვა საერთაშორისო კითხვარის საბავშვო ბაღში დანერგვას. ორგანიზაციული საკითხები გვარდება. ვვარაუდბთ, რომ იანვრიდან -თებერვლიდან ამას საბავშვო ბაღებში დავნერგავთ.”

2 წლის ნიკა სახელმწიფო პროგრამაში ჩართული არ არის, იგი მომლოდინეთა სიაშია. ნიკას დედა, რომელიც საჯარო მოხელეა და საბიუჯეტო საკითხებზე მუშაობს, ამბობს, რომ ძალიან კარგად იცის, რამდენად დიდი დაწოლაა ბიუჯეტისთვის სოციალურ პროგრამებზე გაცემული ხარჯი, თუმცა დღეს მრავალჯერ აღნიშნეს, რომ ამას სახელმწიფომ გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა შეხედოს.

“ეს ძალიან სწორი ინვესტიციაა, ადრე ჩადებული ინვესტიცია ძალიან მომგებიანია სახელმწიფოსთვის, ბავშვების 30-50%, რომლებიც ადრეული ინტერვენციის პროგრამაში იყვნენ ჩართულნი, მომავალში აღარ საჭიროებენ დახმარებას. ხოლო ინტერვენციის გარეშე მათი 100% საჭიროებს მუდმივ ხელშეწყობას,” – განცხადა ემილი ვარგას ბარონმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი