ახალი ამბები

მოხის კომისია მუსლიმ მრევლს ახალი მეჩეთის აშენებას სთავაზობს

1 დეკემბერი, 2016 • 19742
მოხის კომისია მუსლიმ მრევლს ახალი მეჩეთის აშენებას სთავაზობს

დღეს, 1 დეკემბერს, ახალციეში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან შექმნილი მოხის კომისიის სხდომა, სადაც გადაწყდა, რომ მოხეში მუსლიმებს ახალი მეჩეთის ასაშენებლად კონკრეტულ ადგილებს შესთავაზებენ.

რაც შეეხება მოხის სადავო შენობას, რომელთან დაკავშირებითაც 3 ნოემბერს კომისიამ უკვე დაადგინა, რომ ის არ გადაეცემოდა არც მუსლიმ, არც ქრისტიან მრევლს, “სადავო საკულტო ნაგებობის” სტატუსი მიენიჭება.

“მუსლმი თემისთვის შეთავაზებული იქნება რამდენიმე ადგილი სოფელ მოხის ცენტრში ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის, რითაც მოიხსნება ლოცვის პრობლემა, ვინაიდან მუსლიმმა თემამ უარი განაცხადა ძველი სალოცავი სახლის გამოსყიდვაზე სახელმწიფოს მხრიდან და შემდგომ მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემაზე. ახალი მეჩეთისათვის ადგილის შერჩევისა და მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემის შემდეგ, ე.წ. მოხის შენობას მიენიჭება კულტურული მემკიდრეობის ძეგლის სტატუსი სავარაუდო სახელმწიდებით “სადავო საკულტო ნაგებობა”,”- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა მოხეში მუსლიმი თემის წარმომადგენელს, თამაზ ბერიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ მათი პოზიცია უცვლელია და მოითხოვენ, სახელმწიფომ სამართლიანად გადაწყვიტოს მოხის საკულტო ნაგებობის ბედი. მათ მოხის კომისიას და რელიგიის საკითხთა სააგენტოს უნდობლობა მოუცხადეს.

“ასეც ვიცოდით, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ჩვენ უნდობლობა გამოვუცხადეთ და მნიშვნელობა არ აქვს, რა გადაწყვეტილებას გამოიტანდა… მშენებლობას არავინ შეეწინააღმდეგება, მაგრამ, ვის აუშენებენ, გააჩნია. ოთხ დანგრეულ კედელს რომ არ გვაძლევენ, ვინ ააშენებს ახლ მეჩეთს? ეს ხომ ტყუილია, ყველამ ვიცით. რომც აშენდეს, ამ შენობის ბედი უნდა გადაწყდეს. ლოცვის პრობლემის მოგვარებით ამ შენობის ბედი ჩვენთვის ისევ მტკივნეული და ყოველთვის საინტერესო იქნება… ამ ეტაპზე ლოცვის პრობლემის მოხსნა ჩვენ არავისთვის გვითხოვია,”- განაცხადა ნეტგაზეთთან თამაზ ბერიძემ.

რამდენიმე დღის წინ, 25 ნოემბერს, სოფელ მოხის სადავო ნაგებობაში მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა ილოცეს და წაიკითხეს საჯარო განცხდება, სადაც სადავო ნაგებობის ბედის გარკვევის პროცესში რელიგიის სააგენტოს როლის გამორიცხვა და ისტორიული საკულტო ნაგებობების სამართლებრივი ბედის სამართლიანი გადაწყვეტა მოითხოვეს.

“ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ მოხეში მიმდინარე პროცესი არსებითად არ უკავშირდება ლოცვის უფლებას და ჩვენს მიერ რელიგიის თავისუფლების სარგებლობას. ჩვენ, ადგილობრივი მუსლიმი თემი, ვითხოვთ ისტორიული საკულტო ნაგებობების სამართლებრივი ბედის სამართლიან გადაწყვეტას და მის დაბრუნებას, რესტიტუციას ისტორიული მესაკუთრისთვის,”- აღნიშნულია მოხის მუსლიმი თემის საჯარო განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი