ახალი ამბები

ილია მეორე: განსაკუთრებული მადლობა თქვენ, პრეზიდენტო!

16 სექტემბერი, 2012 •
ილია მეორე: განსაკუთრებული მადლობა თქვენ, პრეზიდენტო!

“ჩვენ ვართ მომსწრენი უდიდესი სასწაულისა. ახლა ჩვენ ვხედავთ აღდგენილ ტაძარს, ჩვენ ვმადლობთ უფალს. ეს არის უდიდესი სასწაული, ამიტომ ჩვენ ვხარობთ აღდგომის სიხარულით.

 

განსაკუთრებით მადლობა თქვენ, პრეზიდენტო, მეუფე კალისტრატე და ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ დიდებული ტაძრის აღდგენაში… ღმერთმა ინება დღეს, რომ აღდგა ბაგრატის ტაძარი, როგორც სიმბოლო საქართველოს გაბრწყინებისა და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ აღსრულდეს ეს სიმბოლო”, – განაცხადა ილია მეორემ.

 

ამის შემდეგ ბაგრატის ტაძარში შეკრებილებს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა სიტყვით. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პატრიარქს მისი საქმიანობისთვის: 

 

“მისი საქმიანობა მართლაც არის ქართული ეროვნული სულიერების ბრწყინვალე გამოხატულება და მე ვიტყოდი და მითქვამს არაერთხელ, ჩვენ გვყავდა ილია ჭავჭავაძე და გვყავს ილია მეორე, ვინც შეძლო ამ ეროვნული სულისკვეთების გაღვივება და აღტკინება,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

პრეზიდენტმა, ასევე, ხაზი გაუსვა ოპოზიციისა და ხელისუფლების ტაძარში შეკრების მნიშვნელობას:

 

“ჩვენ ყველანი ერთად თუ დავდგებით, როგორც ახლა ვდგავართ ამ ტაძარში, ზუსტად, ასევე, ჩვენ ყველანი ერთად თუ ერთმანეთის გვერდით ვიდგებით, ჩვენ აღვადგენთ ერთიან საქართველოს.”

 

საქართველოს პატრიარქის თქმით, მომავალ კვირას ფოთის საკათედრო ტაძარი გაიხსნება, სადაც მან, ასევე, მიიწვია ოპოზიციისა და მთავრობის წარმომადგენლები.

 

დღეს ილია მეორემ აღდგენილი ბაგრატის ტაძარი აკურთხა. საზეიმო წირვა-ლოცვაში, პატრიარქის მოწოდების შესაბამისად, მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, თუმცა ტაძრის გახსნამ კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის  გარეშე ჩაიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი