ახალი ამბები

ტერიტორიული მთლიანობა და საგარეო პოლიტიკა – სანიკიძის ბურჯანაძესთან გაერთიანების მიზეზები

30 ნოემბერი, 2016 • 2822
ტერიტორიული მთლიანობა და საგარეო პოლიტიკა – სანიკიძის ბურჯანაძესთან გაერთიანების მიზეზები

საგარეო პოლიტიკა არის გაჩერებული და აღარ ითვლება პრიორიტეტად, უსუსტესი დიპლომატია და მიმართულებები გვაქვს, ტერიტორიული მთლიანობის ხსენება საერთოდ აღარ არის, – ასე ხსნის გუბაზ სანიკიძე “დემოკრატიულ მოძრაობაში” გაწევრიანებას, ხოლო ნინო ბურჯანაძეს პერსპექტიულ ლიდერს უწოდებს.

როგორც გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, უპირველეს ყოვლისა, მისი გადაწყვეტილება იმ ვითარებამ განსაზღვრა, რაც ქვეყნის შიგნით არის შექმნილი, თუმცა ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საგარეო ფაქტორებმა. მას სჯერა, რომ ნინო ბურჯანაძის გუნდის მიმართულება არის სწორი:

“ეს მიმართულება არის გასააქტიურებელი, უფრო გასაღრმავებელი და, რაც მთავარია, ინტენსივობამ უნდა მოიმატოს. საქართველოს არ აქვს აზიზობის უფლება. ჩვენ აღარ ვირჩევთ პოლიტიკურ ინგრედიენტებს, აღარ ვირჩევთ იმ მიმართულებას, რასაც ჰქვია მხოლოდ და მხოლოდ ერთი ვექტორი. რა თქმა უნდა, საქართველო ევროპული ცივილიზაციის ერთ–ერთი უძველესი ნაწილია, ოღონდ- არა მისი პერიფერია. ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციის ნაწილი და “დემოკრატიული მოძრაობა” ადასტურებს ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობას, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას, მაგრამ ბოლოდროინდელი მსოფლიო პოლიტიკური პროცესები გვარწმუნებს ერთ რამეს: ჩვენ უნდა გვქონდეს ყველა მიმართულებით უკვე საგარეო ურთიერთობები – ჩრდილოეთითაც, სამხრეთითაც, აღმოსავლეთითაც და ტრადიციულად, დასავლეთითაც.”

გუბაზ სანიკიძის განცხადებით, დღეს საქართველოს სჭირდება ძალიან სერიოზული საგარეო ურთიერთობები. ნინო ბურჯანაძის გუნდის ახალი წევრი მიიჩნევს, რომ ქართული სახელმწიფო ამ საკითხში ძალიან ინერტულია.

“საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ფაქტობრივად, არის გაჩერებული ერთ ადგილზე და აღარ ითვლება პრიორიტეტად. უსუსტესი დიპლომატია და მიმართულებები გვაქვს. ტერიტორიული მთლიანობის ხსენება საერთოდ აღარ არის, როგორც ხელისუფლების, ასევე, სამწუხაროდ, ქართული მედიის მხრიდან, ქართული საზოგადოებრივი აზრის ჩამომყალიბებელი პოლიტიკოსების მხრიდან. მიმაჩნია, პერსპექტივაში არსებობს საფრთხე, რომ საქართველოს საბოლოოდ ათქმევინონ უარი ტერიტორიულ მთლიანობაზე. სწორედ ეს მოტივაცია იყო ჩემთვის მთავარი. მგონი, ეჭვი არავის შეგეპარებათ, რომ ძალიან დიდი ხნის და ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მივიღე ეს გადაწყვეტილება. მე არ ვარ ის პოლიტიკოსი, რომელიც ხშირად იცვლის პარტიებს, მაგრამ ჩემი თავი ვალდებულად ჩავთვალე, ვიყო იმ პოლიტიკურ ლიდერთან (ხაზს ვუსვამ ამას), რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, დიდი პოლიტიკური ბიოგრაფია და ძალიან სერიოზული პოლიტიკური პერსპექტივა. ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება,” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ნინო ბურჯანაძის თქმით, სერიოზული პოლიტიკური ბრძოლა ელოდებათ წინ და თვლის, რომ ამ ბრძოლაში გუბაზ სანიკიძის მის გუნდში ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ ეს დიდ გარდატეხას შეიტანს მათ შემდგომ საქმიანობაში. როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, ძირითად საკითხებში გუბაზ სანიკიძეს და მას აბსოლუტურად ერთნაირი ხედვა აქვთ.

გუბაზ სანიკიძემ, რომელიც “ეროვნულ ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი 10 წლის განმავლობაში იყო, პარტია 11 ნოემბერს დატოვა. მან ამის მიზეზად “სერიოზული პირადი მოტივაცია” დაასახელა.

გუბაზ სანიკიძე იყო მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკით – “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“. 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში “ეროვნულმა ფორუმმა”, ისევე როგორც ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიულმა მოძრაობამ”, ვერ გადალახა ბარიერი და პარლამენტს მიღმა დარჩა.

მასალების გადაბეჭდვის წესი