ახალი ამბები

გუბაზ სანიკიძე ნინო ბურჯანაძის პარტიას შეუერთდა

30 ნოემბერი, 2016 • 5106
გუბაზ სანიკიძე ნინო ბურჯანაძის პარტიას შეუერთდა

“ეროვნული ფორუმის” ყოფილი ლიდერი და დამფუძნებელი გუბაზ სანიკიძე ნინო ბურჯანაძის პარტიას წევრი გახდა. ამის შესახებ სანიკიძემ და ბურჯანაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

ნინო ბურჯანაძის თქმით, სერიოზული პოლიტიკური ბრძოლა ელოდებათ წინ და თვლის, რომ ამ ბრძოლაში გუბაზ სანიკიძის მის გუნდში ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ ეს დიდ გარდატეხას შეიტანს მათ შემდგომ საქმიანობაში. როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, ძირითად საკითხებში გუბაზ სანიკიძეს და მას აბსოლუტურად ერთნაირი ხედვა აქვთ.

“ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ ვართ ერთად და ბატონი გუბაზი არის ჩემს გვერდით. ჩემს თანაპარტიელებთან ერთობლივად ის გააგრძელებს პოლიტიკურ ბრძოლას. ვთვლი, რომ ეს არის ჩვენი პარტიისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული მოვლენა და გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ გუბაზ სანიკიძეს ჩემი დახასიათება ნამდვილად არ სჭირდება საზოგადოების წინაშე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვიტყვი ორიოდე სიტყვას. მას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, არა მხოლოდ პიროვნულად, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც, და შემიძლია ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ თვქვა, რაც, ჩემი აზრით, უნდა იყოს მთავარი კრიტერიუმი ქვეყანაში პოლიტიკოსის შეფასების: გუბაზ სანიკიძე არის ადამიანი, რომლისათვის უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაზე არის საქართველო, სამშობლო და ჩვენი ქვეყნის ინტერესები; ჩვენი ქვეყნის ერთიანობა, მთლიანობა და ჩვენი ხალხის უკეთესი მომავალი. ის არის ადამიანი, რომელიც ძალიან ახალგაზრდული ასაკიდან არის პოლიტიკურ ბრძოლაში და რომელსაც არასდროს დაუყენებია თავისი პირადი ინტერესი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. ეს არის ყველაზე მთავარი კრიტერიუმი ჩემთვის, როდესაც ადამიანისთვის უპირველესი არის სამშობლო და ქვეყნის ინტერესები,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

გუბაზ სანიკიძემ მადლობა გადაუხადა ნინო ბურჯანაძეს ასეთი კარგი დახასიათებისთვის. თუმცა, როგორც არნიშნა, თვლის, რომ ეს იყო ბურჯანაძის მხრიდან მის მიმართ გაცემული ავანსი:

“მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს ძალიან დიდი ხანია ვიცნობთ, გვაკავშირებს საერთო ბიოგრაფია, გვაქვს ძალიან დიდი ხნის პოლიტიკური ურთიერთობა, რაც არსებობს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო, მას შემდეგ ჩვენ გვქონია არაერთგზის საერთო ინტერესები, საერთო ბრძოლა და საერთო ბიოგრაფია.”

როგორც გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, უპირველეს ყოვლისა, მისი გადაწყვეტილება იმ ვითარებამ განსაზღვრა, რაც ქვეყნის შიგნით არის შექმნილი, თუმცა ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საგარეო ფაქტორებმა. მას სჯერა, რომ ნინო ბურჯანაძის გუნდის მიმართლება არის სწორი:

“ეს მიმართულება არის გასააქტიურებელი, უფრო გასაღრმავებელი და რაც მთავარია, ინტენსივობამ უნდა მოიმატოს. საქართველოს არ აქვს აზიზობის უფლება. ჩვენ აღარ ვირჩევთ პოლიტიკურ ინგრედიენტებს, აღარ ვირჩევთ იმ მიმართულებას, რასაც ქვია მხოლოდ და მხოლოდ ერთი ვექტორი. რა თქმა უნდა, საქართველო ევროპული ცივილიზაციის ერთ–ერთი უძველესი ნაწილია, ოღონდ არა მისი პერიფერია. ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციის ნაწილი და “დემოკრატიული მოძრაობა” ადასტურებს ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობას, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას, მაგრამ ბოლოდროინდელი მსოფლიო პოლიტიკური პროცესები გვარწმუნებს ერთ რამეს: ჩვენ უნდა გვქონდეს ყველა მიმართულებით უკვე საგარეო ურთიერთობები – ჩრდილოეთითაც, სამხრეთითაც, აღმოსავლეთითაც და ტრადიციულად დასავლეთითაც.”

გუბაზ სანიკიძის განცხადებით, დღეს საქართველოს სჭირდება ძალიან სერიოზული საგარეო ურთიერთობები. ნინო ბურჯანაძის გუნდის ახალი წევრი მიიჩნევს, რომ ქართული სახელმწიფო ამ საკითხში ძალიან ინერტულია.

“საქართველოს საგარეო პოლიტიკა ფაქტობრივად არის გაჩერებული ერთ ადგილზე და აღარ ითვლება პრიორიტეტად. უსუსტესი დიპლომატია და მიმართულებები გვაქვს. ტერიტორიული მთლიანობის ხსენება საერთოდ აღარ არის, როგორც ხელისუფლების, ასევე, სამწუხაროდ, ქართული მედიის მხრიდან, ქართული საზოგადოებრივი აზრის ჩამომყალიბებელი პოლიტიკოსების მხრიდან. მიმაჩნია, პერსპექტივაში არსებობს საფრთხე, რომ საქართველოს საბოლოოდ ათქმევინონ უარი ტერიტორიულ მთლიანობაზე. სწორედ ეს მოტივაცია იყო ჩემთვის მთავარი. მგონი, ეჭვი არავის შეგეპარებათ, რომ ძალიან დიდი ხნის და ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მივიღე ეს გადაწყვეტილება. მე არ ვარ ის პოლიტიკოსი, რომელიც ხშირად იცვლის პარტიებს, მაგრამ ჩემი თავი ვალდებულად ჩავთვალე, ვიყო იმ პოლიტიკურ ლიდერთან (ხაზს ვუსვამ ამას), რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, დიდი პოლიტიკური ბიოგრაფია და ძალიან სერიოზული პოლიტიკური პერსპექტივა. ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება,” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

გუბაზ სანიკიძემ, რომელიც “ეროვნულ ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი 10 წლის განმავლობაში იყო, პარტია 11 ნოემბერს დატოვა. მან ამის მიზეზად “სერიოზული პირადი მოტივაცია” დაასახელა.

გუბაზ სანიკიძე იყო მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკით – “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“. 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში “ეროვნულმა ფორუმმა”, ისევე როგორც ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიულმა მოძრაობამ”, ვერ გადალახა ბარიერი და პარლამენტს მიღმა დარჩა.

გუბაზ სანიკიძე და ნინო ბურჯანაძე. ფოტო: გიორგი კიკაბიძე

გუბაზ სანიკიძე და ნინო ბურჯანაძე. ფოტო: გიორგი კიკაბიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი