ახალი ამბები

დვალი და აქიმიძე: სამართლიანი ფინალი დადგება მაშინ, როცა “რუსთავი 2” დამფუძნებლებს დაუბრუნდება

29 ნოემბერი, 2016 • 8230
დვალი და აქიმიძე: სამართლიანი ფინალი დადგება მაშინ, როცა “რუსთავი 2” დამფუძნებლებს დაუბრუნდება

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლის თანახმადაც, ისინი აცხადებენ, რომ ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება ამ საქმეზე დადგება მაშინ, თუ “რუსთავი 2” დამფუძნებლებს დაუბრუნდება. განცხადების ტექსტს “ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ:

“რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესი ფინალს უახლოვდება – უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სხდომა უახლოეს მომავალში განაჩენს გამოიტანს. ჩვენ, ვინც დავაფუძნეთ, ნულიდან შევქმენით და ქვეყნის ნომერ პირველ ტელევიზიად ვაქციეთ “რუსთავი 2”, ვისაც სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებმა იძულებით, ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ დაგვათმობინეს დამოუკიდებელი მედიასაშუალება, გვინდა კიდევ ერთხელ განვაცხადოთ:

2012 წელს შევიტანეთ პროკურატურაში განცხადება, ჩატარებულიყო გამოძიება დამფუძნებლებისათვის ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის ჩამორთმევის თაობაზე. 2015 წელს, მიუხედავად გაწელილი სამართლებლივი პროცესისა, პროკურატურამ, როგორც ჩვენთვის ცნობილია, გვცნო დაზარალებულად, თუმცა გაუგებარი მიზეზების გამო საქმე შემოდო თაროზე და არ მისცა მას მსვლელობა. ამ პროცესის პარალელურად, 2015 წლის აგვისტოში ქიბარ ხალვაშმა დაიწყო სამოქალაქო დავა რუსთვაი 2-ის წინააღმდეგ. ვინაიდან ეს პროცესი აღმოჩნდა ერთადერთი სამართლებლივი გზა, ჩვენ უპირობოდ დავუჭირეთ მხარი მოვლენების ამგვარ განვითარებას.

დღეს, სასამართლო დავის დაწყებიდან წელიწადნახევრის შემდეგ, პროკურატურის უმოქმედობის გამო, ჩვენ კვლავ არ გაგვაჩნია არანაირი სამართლებლივი ბერკეტი, აქტიურად ჩავერთოთ არსებულ პროცესში. იმედი გვაქვს, რომ დიდი პალატის გადაწყვეტილება იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი სამართლიანობის აღდგენის ხანგრძლივ პროცესში. რას შეეხება საქმის სამართლიან ფინალს, ის დადგება მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსთავი 2 დაუბრუნდება დამფუძნებლებს.

დარწმუნებული ვართ, მოვა დრო და ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდისტული მანქანა კვლავ გახდება ზეპარტიული, დამოუკიდებელი, კრიტიკული, მიუკერძოებელი მედიასაშუალება. მხოლოდ ასეთი რუსთავი 2 შეუწყობს ხელს ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის განვითარებას”,- ნათქვამია დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის განცხადებაში. 

22 ნოემბერს უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ  რუსთავი 2-ის საქმე სამი მოსამართლისგან შემდგარი პალატის ნაცვლად დიდმა პალატამ განიხილოს. ამ დრომდე საქმეს განიხილავდა მოსამართლეთა კოლეგია ეკატერინე გასიტაშვილის, ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის შემადგენლობით.

უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში შედიან მოსამართლეები: ნინო გვენეტაძე, მიხეილ ჩინჩალაძე, მზია თოდუა, მაია ვაჩნაძე, ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი, ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური, ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი. “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ, 28 ნოემბერს მიხეილ ჩინჩალაძის, მზია თოდუას, ნინო გვენეტაძის და პაატა სილაგაძის აცილება მოითხოვა. გვარამიამ ასევე წამოაყენა მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის წესით განხილვის შესახებ.

10 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლო კოლეგიამ რუსთავი 2-ის საქმეზე ხუთთვიანი განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება გამოიტანა. მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილის 100% კვლავაც ქიბარ ხალვაშის საკუთრებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი