ჟურნალისტიკის სტუდენტები აუდიტორია 115-ისგან პიკეტირებულ VI კორპუსში შეშვებას ითხოვენ

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტთა ნაწილი ითხოვს, “აუდიტორია 115”-ის მიერ პიკეტირებულ მეექვსე კორპუსში შეუშვან, რადგან ამ მიმართულების სტუდენტებს ლექციები პიკეტის გამო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში უტარდებათ.

“ვიგებთ შემთხვევით, რომ თურმე მაღლივში გადავდივართ, სადაც ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს არანაირი ინვენტარი არ გვაქვს,” – ამბობს მეოთხე კურსის სტუდენტი ნატალია ჯალაღონია.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები “აუდიტორია 115”-ს იდეოლოგიურად არ უპირისპირდებიან, განათლების რეფორმას ისინიც მხარს უჭერენ, “თუმცა თსუ-ში მიმდინარე მოვლენებს ჩვენი ინტერესები ეწირება” – ამბობს ჯალაღონია.

“აუდიტორია 115”-ის წევრების თქმით, სტუდენტების პროტესტი გასაგებია და მათ დიალოგი შესთავაზეს:

“ჩვენ ამ ადამიანებს გუშინვე შევთავაზეთ, რომ მათთან დიალოგი გაგვემართა. ბუნებრივია მათი რეაქციები, თუმცა, როგორც ბატონმა შარვაშიძემ გვითხრა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უზრუნველყო, რომ ისინი სხვა კორპუსში ისწავლიან,” – ამბობს მოძრაობის წევრი ნათია ქარჩილაძე.

შეგახსენებთ, რომ 24 ნოემბრის ღამეს აუდიტორია 115-ის წევრებმა დაიკავეს მეექვსე კორპუსის შენობა, 25 ნოემბერს ისინი შეეცადნენ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლას, თუმცა მათი მცდელობის მიუხედავად არჩევნები შედგა. აუდიტორია 115 ამ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს, ისინი საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვენ, რაც სტუდენტების თანასწორობას უზრუნველყოფს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.