ახალი ამბები

კვირიკაშვილი სიცრუეს უწოდებს განცხადებას სასამართლოს წევრებზე ზეწოლის შესახებ

26 ნოემბერი, 2016 • 1213
კვირიკაშვილი სიცრუეს უწოდებს განცხადებას სასამართლოს წევრებზე ზეწოლის შესახებ

გიორგი კვირიკაშვილი სიცრუეს უწოდებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებას, რომლის მიხედვით, რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრებზე ზეწოლა ხორციელდება.

პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი სასამართლოს წევრებს მოუწოდებს განაცხადონ, თუ მათზე ზეწოლა ხორციელდება:

“ეს ინფორმაცია აბსოლუტური სიცრუეა. არავითარი ზეწოლა მათი მხრიდან არ ხორციელდება. თუ რამე ასეთს აქვს ადგილი, ყველას მოვუწოდებ, განახცადოს. მაგრამ ჩვენი გუნდის წევრების სისუფთავეში დარწმუნებული ვარ. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ასეთი პრაქტიკა არ არსებობს საქართველოში. ეს განცხადება არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშილმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა, ირმა ნადირაშვილმა, ელენე ხოშტარიამ და ოთარ კახიძემ დღეს, 26 ნოემბერს, პარლამენტში სპეციალური განცხადება გააკეთეს:

“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს ზეწოლა დიდი პალატის წევრებზე. მათ სპეციალურად განუსაზღვრეს 30 ნოემბერი, როდესაც უნდა ჩატარდეს სხდომა და საბოლოოდ გადაწყდეს „რუსთავი 2“-ის საკითხი. დიდი პალატის ყველა წევრზე ხელისუფლების მხრიდან არის ზეწოლა, მათ აშანტაჟებენ საკუთარი მომავლით, ოჯახების ბედით,” – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ზეწოლას შემდეგი პირები ახორციელებენ:

“პროცესში ჩართულია და ამ საქმითაა დაკავებული იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ასევე ამ საქმითაა დაკავებული ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. ის უშუალოდ ახორციელებს ზეწოლას მოსამართლეებზე. ჩვენი ინფორმაციით, ასევე, პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე და პირადად, უზესანესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. ეს არის დაუშვებელი, რომ ასე დაჩქარებულად, ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართოს პროცესი, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, სხდომის ჩანიშვნა იგეგმება სწორედ 30-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი