ახალი ამბები

ენმ: რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლოს დიდი პალატის წევრებზე ზეწოლა ხორციელდება

26 ნოემბერი, 2016 • 1829
ენმ: რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლოს დიდი პალატის წევრებზე ზეწოლა ხორციელდება

“ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებით, “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრებზე ზეწოლა ხორციელდება.

საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა, ირმა ნადირაშვილმა, ელენე ხოშტარიამ და ოთარ კახიძემ დღეს, 26 ნოემბერს პარლამენტში სპეციალური განცხადება გააკეთეს:

“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს ზეწოლა დიდი პალატის წევრებზე. მათ სპეციალურად განუსაზღვრეს 30 ნოემბერი, როდესაც უნდა ჩატარდეს სხდომა და საბოლოოდ გადაწყდეს „რუსთავი 2“-ის საკითხი. დიდი პალატის ყველა წევრზე ხელისუფლების მხრიდან არის ზეწოლა, მათ აშანტაჟებენ საკუთარი მომავლით, ოჯახების ბედით,” – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ზეწოლას შემდეგი პირები ახორციელებენ:

“პროცესში ჩართულია და ამ საქმითაა დაკავებული იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ასევე ამ საქმითაა დაკავებული ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. ის უშუალოდ ახორციელებს ზეწოლას მოსამართლეებზე. ჩვენი ინფორმაციით, ასევე, პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე და პირადად, უზესანესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. ეს არის დაუშვებელი, რომ ასე დაჩქარებულად, ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართოს პროცესი, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, სხდომის ჩანიშვნა იგეგმება სწორედ 30-ში.

“ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, გაითვალისწინოს, რომ “რუსთავი 2”-ის ბედი არ არის განყენებულად ერთი ტელევიზიის ან მისი თანამშრომლების ბედი:

“ეს არის მთელი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებული პროცესი, როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები, ექნება თუ არა ამ ქვეყანას შანსი დემოკრატიული განვითარების, თუ საბოლოოდ გაფორმდება დიქტატურა,”- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

22 ნოემბერს უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ  რუსთავი 2-ის საქმე სამი მოსამართლისგან შემდგარი პალატის ნაცვლად დიდმა პალატამ განიხილოს.

ამ დრომდე საქმეს განიხილავდა მოსამართლეთა კოლეგია ეკატერინე გასიტაშვილის, ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის შემადგენლობით.

უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში შედიან მოსამართლეები: ნინო გვენეტაძე, მიხეილ ჩინჩანაძე, მზია თოდუა, მაია ვაჩნაძე, ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი, ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური, ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი.

როგორც თამთა მურადაშვილმა ნეტგაზეთთან საუბრისას განმარტა, პალატის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, საქმე გადაეცა დიდ პალატას, ვინაიდან საქმე თავისი შინაარსით იშვიათ სამართლებრივ პრობლემას წარმოადგენს.

ამჟამად ადვოკატებს არ აქვთ ინფორმაცია, როდის დაინიშნება ამ საქმეზე მორიგი სხდომა და არც ის იციან, როდის გადაეცემათ დასაბუთებული განჩინება.

უზენაესი სასამართლოს პალატამ სამი მოსამართლის შემადგენლობით რუსთავი 2-ის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე არსებითად განხილვა გუშინ, 21 ნოემბერს დაიწყო.

რუსთავი 2-მა უზენაეს სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც 10 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლო კოლეგიამ, ნატა ნაზღაიძის, შორენა ყაველაშვილის და ნათია გუჯაბიძის შემადგენლობით, რუსთავი 2-ის საქმეზე ხუთთვიანი განხილვის შემდეგ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და  ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილის 100% კვლავ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად 2016 წლის 9 სექტემბერს ცნო.

მასალების გადაბეჭდვის წესი