რატომ ვერ ელევა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა არსებულ მოდელს

თსუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები აუდიტორია 115-ის პროტესტის პარალელურად მიმდინარეობს. ნეტგაზეთი სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ ბახვა კვირიკაშვილს ესაუბრა, რომელიც მათი მოდელის დადებით მხარეებზე საუბრობს.

“სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები, რა თქმა უნდა, წინასწარ იყო გაწერილი. არჩევნები უნდა ჩატარებულიყო მაისში, მაგრამ იმ დროს, კარგად მოგეხსენებათ, რა სიტუაციაც იყო უნივერსიტეტში. არჩევნები რომ ჩატარებულიყო ჯანსაღ გარემოში, დებულებაში გვაქვს ჩანაწერი, რომ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეგვიძლია მისი 6 თვით გადაწევა. მაისიდან 6 თვე გამოდის ნოემბერი, ამიტომ ახლა აუცილებლად უნდა ჩატარდეს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები,” – ამბობს ბახვა კვირიკაშვილი.

ნეტგაზეთის კითხვაზე, რატომ არ არის სტუდენტური თვითმმართველობის წევრებისთვის აუდიტორია 115-ის მიერ შეთავაზებული მოდელი მისაღები, ბახვა პასუხობს:

“ძალიან ბევრი მოდელი შეიძლება არსებობდეს სტუდენტური წარმომადგენლობის მოთხოვნით. ჩვენ შევთავაზეთ ამ ადამიანებს, რომ თქვენ თქვენი მოდელი გაქვთ, ჩვენ – ჩვენი, ამიტომაც მივიღოთ ყველამ არჩევნებში მონაწილეობა და სტუდენტობა რომელსაც მხარს დაუჭერს, ის მოდელი იყოს ამის შემდგომ უნივერსიტეტში, მაგრამ ამ ადამიანებმა არჩევნებში მონაწილეობა არ გადაწყვიტეს იმიტომ, რომ სტუდენტების მხარდაჭერის იმედი არ ჰქონდათ.”

კითხვაზე, თუ რითი სჯობია აუდიტორია 115-ის შეთავაზებულ მოდელს სტუდენტური თვითმმართველობის მოდელი, რომელსც ისინი მრავალი წელია ვერ თმობენ, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი გვპასუხობს:

“სტუდენტური თვითმმართველობის ამჟამინდელ მოდელში დადებითი არის ძალიან ბევრი, პირველ რიგში ის, რომ უნივერსიტეტში არსებულ ბიუროკრატიულ სისტემას ჩვენს მიერ პრაქტიკაზე შექმნილი მენეჯმენტი ძალიან მარტივად უმკლავდება და ის პროცედურები, რომელიც შესაძლოა ძალიან დიდხანს გაიწელოს, ჩვენ მიერ შექმნილი მოდელით ძალიან მარტივად გვარდება. პლუს ამას, მეტი სტუდენტი საქმდება იმ კუთხით, რომ ბევრი მათგანი გადის მოხალისეობრივ საქმიანობას, არის შედეგზე ორიენტირებული, განათლების კუთხით მიმდინარეობს ძალიან ბევრი პროექტები, აღმასრულებელი სისტემა კარგად არის განვითარებული ჩვენს მოდელში და გვაქვს ის შედეგები, რომლებიც შეგიძლიათ ივენთების სახით ნახოთ, ან სხვადასხვა დამოკიდებულებების სახით შეგვიძლია დავდოთ და ნახავთ, რამდენად მასშტაბურად ხორციელდება ჩვენ მიერ ჩატარებული პროექტები, რამდენად ბევრი სპონსორი გვყავს, რამდენად ბევრი პარტნიორი გვყავს ამ პროექტების განმავლობაში.”

მისი თქმით, ნებიემიერი ორგანიზაცია და სტუდენტურ ერთეული, რომელიც საჯარო სამართლში არსებობს, სუბორდინაციის პრინციპს ექვემდებარება:

“ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ორგანიზმში, ინება ეს საჯარო თუ კერძო სტრუქტურაში, არის იერარქია, სადაც იდეაში არის უფრო დაბალიც, მაგრამ ეს ყველაფერი კეთდება სუფთა საქმიდან გამომდინარე და რაიმე პრივილეგიებს არ მოიცავს. რაც შეეხება თანასწორობის უფლებას, რაზეც ნეგატიური აღქმების შესაქმნელად აპელირებენ 26-ე მუხლით, ეს არის ყველაფერი სიცრუე და ნორმის არმცოდნე ადამიანის განმარტება, რადგან კონსტიტუციის 26-ე მუხლის მოცულობაში არ შედის საჯარო სამართლის სუბიექტები და ამ შემთხვევაში ასეთი სუბიექტია სტუდენტური თვითმმართველობა.”

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში 20 ათასზე მეტი სტუდენტია რეგისტრირებული ამომრჩევლად. ხმის მიცემის პროცესი 10:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათამდე გაგრძელდება. დღეს 172 კანდიდატიდან 140 დელეგატი უნდა აირჩეს.

აუდიტორია 115-მა 24 ნოემბრის საღამოს უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი დაიკავა. მათ ღამე გაათენეს შენობაში. მათი ნაწილი აქციაზე იმყოფება, ნაწილი კი შენობაშია დარჩენილი. სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები მათი პროტესტის პარალელურად მიმდინარეობს.

სტუდენტური გაერთიანება მოითხოვს, რომ საქართველოს პარლამენტმა უმოკლეს ვადაში განიხილოს სტუდენტების მიერ შეთავაზებული ინიციატივა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, სტუდენტური თვითმმართველობის მოქმედი მოდელი გაუქმდება, ხოლო მას ჩაანაცვლებს თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული სტუდენტური გაერთიანებები.

აუდიტორია 115 ასევე მოითხოვს, რომ თსუ-ის საფაკულტეტო საბჭოს არჩევნები ჩატარდეს კანონში ცვლილების მიღების შემდეგ, პირდაპირი წესით; ასევე, დაუყოვნებლივ დაიწყოს გარე რეფერირების პრინციპის დანერგვის პროცესი.

გარდა ამისა, ისინი სტუდენტური საერთო საცხოვრებელის სრულად რეაბილიტირებასა და მეცნიერების დაფინანსების გაზრდას მოითხოვენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.