ახალი ამბები

კოალიცია პარლამენტს მოუწოდებს, აღადგინოს ნდობის ჯგუფის წევრების კენჭისყრით დანიშვნა

25 ნოემბერი, 2016 • 1181
კოალიცია პარლამენტს მოუწოდებს, აღადგინოს ნდობის ჯგუფის წევრების კენჭისყრით დანიშვნა

კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს ნდობის ჯგუფის წევრების დანიშვნას. ისინი ასევე მოუწოდებენ პარლამენტს, კენჭისყრით აირჩიოს ნდობის ჯგუფის წევრები.

კოალიცია ამბობს, ამ განცხადების გავრცელების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი “პატრიოტთა ალიანსის” წევრის, დაპუტატ ემზარ კვიციანის ნდობის ჯგუფში სავარაუდო დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გახდა.

“ამჟამად საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტი თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის ნდობის ჯგუფის ფორმირების საკითხს წყვეტს. ნდობის ჯგუფი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურაა, რომლის უშუალო ფუნქციაც თავდაცვის და სამართალდამცავი ორგანოების საიდუმლო საქმიანობისა და ხარჯების კონტროლია; მის წინაშე ანგარიშვალდებულია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური; მას აქვს წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს შეეხება.

აქედან გამომდინარე,  ნდობის ჯგუფის წარმატებული მუშაობისათვის აუცილებელია მისი დაკომპლექტება მოხდეს შესაბამისი კომპეტენციის, ბიოგრაფიისა და რეპუტაციის დეპუტატებით. სამწუხაროდ, წინა, მერვე მოწვევის პარლამენტმა გააუქმა ნდობის ჯგუფის წევრებისათვის კენჭისყრის აუცილებლობა, რამაც ამ ჯგუფის მნიშვნელობა, მისი პოლიტიკურ წონა და ლეგიტიმაციის ხარისხი დააკნინა. აღნიშნული უნდა შეფასდეს, როგორც უსაფრთხოების სტრუქტურებზე დემოკრატიული კონტროლის კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯი.

საქართველოს კანონმდებლობით აუცილებელია, რომ ნდობის ჯგუფის წევრებმა გაიარონ უსაფრთხოების სამსახურების კანონით გათვალისწინებული შემოწმება მათი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე. ასევე, მათთან ერთად კომიტეტების სხვა წევრებსაც მოუწევთ ნატოს ეგიდით გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა, რისთვისაც მათ დასჭირდებათ ნატოს უსაფრთხოების შემოწმების გავლაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:

  • განსაკუთრებული ყურადღებით  მოეკიდოს ამ კომიტეტებისა და ნდობის ჯგუფის დაკომპლექტებას, რათა თავიდან აიცილოს მნიშვნელოვანი ზიანი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის;
  • აღადგინოს ნდობის ჯგუფის წევრების კენჭისყრით დანიშვნის წესი და შესაბამისად დააკომპლექტოს ახალი ნდობის ჯგუფი;
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 2013 წელს არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხელი შეუწყოს სამოქალაქო, დემოკრატიული კონტროლის განხორციელებას უსაფრთხოების სექტორზე და სამოქალაქო საზოგადოებას მიეცეს რეალური საშუალება, რომ, ერთი მხრივ მონიტორინგი განახორციელოს მიმდინარე პროცესებზე, მეორე მხრივ კი, თანამონაწილეობით ხელი შეუწყოს უსაფრთხოების სფეროში რეფორმების შემდგომ განხორციელებას,”- აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.

საკანონმდებლო ნორმა, რომლის მიხედვით, ნდობის ჯგუფის წევრს კენჭისყრა არ სჭირდება, 2014 წლიდან მოქმედებს. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით წინა მოწვევის პარლამენტს ირაკლი სესიაშვილმა მიმართა. მაშინ  მმართველ გუნდს არ სურდა ნდობის ჯგუფში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გივი თარგამაძე ყოფილიყო. ცვლილებების განხორციელებამდე მოქმედი ნორმით, საქართველოს პარლამენტი ნდობის ჯგუფის შემადგენლობას ამტკიცებდა დადგენილებით. კენჭისყრა ტარდებოდა პერსონალურად. თუ პარლამენტი რომელიმე კანდიდატს არ დაამტკიცებდა, მაშინ შესაბამის საპარალამენტო სუბიექტს სხვა კანდიდატი უნდა წარედგინა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი