ახალი ამბები

თინა ხიდაშელი: კახეთში კომპენსაცია პოლიტიკური ნიშნით გაიცემა

7 სექტემბერი, 2012 •
თინა ხიდაშელი: კახეთში კომპენსაცია პოლიტიკური ნიშნით გაიცემა

„ძირითადად, მოსახლეობისათვის  კომპენსაციის დარიგება პოლიტიკური ნიშნით ხდება. 1500 ლარიან კომპენსაციას მხოლოდ იმ ოჯახებს ურიგებენ, ვინც ხელისუფლების მხარდაჭერას მკვეთრად გამოხატავს.  მეორე პრობლემა კომპენსაციის გაცემისას ის არის, რომ მოსახლეობისათვის თანხის გაცემა ხდება არაპროგრამულად და არაპროპორციული განაწილებით,“ – აცხადებს თინა ხიდაშელი.

 

მისი თქმით, ხდება სტიქიის შედეგად  დანგრეული სახლის ან მიყენებული ზიანის ზედაპირული შეფასება: „მოსახლეობას არ ეძლევა კომპენსაცია იმ ოდენობით, რასაც ისინი ითხოვენ“.

 

ხიდაშელმა გაიხსენა, ასევე, ყანდაურაში მომხდარი ფაქტი, როცა მაისის სეტყვის შედეგად სახლი დაენგრა სოფლის ერთ–ერთ მცხოვრებს:

 

„მასთან იმ დღესვე მივიდა ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი და დაპირდა, რომ მის სახლს აღადგენდა. მეორე დღეს მას მიადგა სოფლის რწმუნებული და მოსთხოვა, რომ „გლობალ ტვ“-ის ანტენა წითლად გადაეღება და უარი ეთქვა ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდებოდა მისი სახლის აღდგენა.“

 

ხიდაშელის თქმით, ამ პიროვნების სახლი დღესაც არ არის აღდგენილი  და არც მისი რეაბილიტაცია დაწყებულა.

 

„ქართული ოცნების“ საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, დიდი და პატარა ჩაილურში, ბადიაურისა და კაკაბეთში არ არის მოსახლეობისათვის კომპენსაცია სრულად გაცემული.

 

„და თუ ვინმეს მისცეს კომპენსაცია, მხოლოდ იმ მიზნით, რომ ისინი არიან “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერები,“ – აცხადებს ხიდაშელი.

თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი

მასალების გადაბეჭდვის წესი