არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საქართველოში ყველას გაცნობიერებული აქვს, ვინ არის ქვეყნის რეალური მმართველი, შესაბამისად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აშშ-ის ელჩისა და “ქართული ოცნების” დამფუძნებლის შეხვედრა გასაკვირი არ არის.
ამის შესახებ ხიდაშელმა ჟურნალისტებთან დღეს, 27 ივლისს განაცხადა:
“ამ ქვეყანაში ყველას ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული, ვინ არის რეალური მმართველი და როდესაც კრიზისული ვითარებებია, ურჩევნიათ, რეალურ მმართველებს ელაპარაკონ პირდაპირ, ვიდრე მათ ხელის ბიჭებს. ამიტომ აქაც არაფერი გასაკვირი არ არის.
პირველად ისინი პირდაპირ თავს დაესხნენ ვაშინგტონს, უკვე კელი დეგნანი აღარ იყო მათი შეტევის ობიექტი ან რომელიმე სხვა ელჩი, ისინი პირდაპირ თავს დაესხნენ ვაშინგტონს, ასეთი რამე არ მომხდარა და როდესაც ამ ფონზე ხდება ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა, უნდა ვივარაუდოთ, ჯერჯერობით მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამ ხაზის გაგრძელება მოხდება”, — აცხადებს ხიდაშელი.
დღეს, 27 ივლისს, ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცელა, რომელშიც ისაუბრა საქართველოს “ომში ჩართვის რისკებზე”, შვეიცარიულ ბანკ “კრედიტ სუისთან” მის დავასა და აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შესახებ. მან დაადასტურა “ქართული ოცნებიდან” გასული პოლიტიკოსების მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. ივანიშვილმა წერილში აღნიშნა, რომ დეგნანს 21 მარტს შეხვდა და შეხვედრა სამ საათს გრძელდებოდა.
„რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“, – ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი არ საუბრობს, რას შეეხებოდა მისი და ელჩის საუბარი. ბიძინა ივანიშვილმა განცხადება 27 ივლისს გაავრცელა. ამ განცხადებას წინ უსწრებდა „ქართული ოცნებიდან“ გასული 3 დეპუტატის განცხადებები.
ისინი ჯერ ელჩს, შემდეგ კი ივანიშვილს მოუწოდებდნენ, ესაუბრათ ამ შეხვედრის შესახებ. მათ აინტერესებდათ „ხომ არ მოსთხოვეს“ ივანიშვილს რაიმე, ან ხომ არ „დააშანტაჟეს“.
21 ივლისს, როდესაც ამ საკითხზე დაუსვეს კითხვა, შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა თქვა, რომ ივანიშვილს კარგა ხანია არ შეხვედრია და განაცხადა:
„ჩემი აქ ყოფნის ორ-ნახევარი წლის განმავლობაში, მასთან ყოველი შეხვედრისას ყოველთვის ვარწმუნებდი მას, რომ შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ხალხს და ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის. არცერთი შეხვედრის დროს არ მიცდია ბატონი ივანიშვილის „დაშანტაჟება“.