“საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს დემოკრატიისათვის. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე დიდი პასუხისმგებლობით შეასრულებს ამ ყოველივეს. მომავალი თქვენს ხელშია, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თქვენ გყავთ მეგობარი ნატოს სახით”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივნმა დღეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
“საქართველო განსაკუთრებული პარტნიორია ნატოსთვის. თქვენ ძალიან მნიშვნელოვან კონტრიბუციას ახორციელებთ ავღანეთის მისიაში და ამ შემოდგომაზე თქვენ გახდებით ყველაზე მსხვილი არანატოს წევრი ქვეყანა კონტრიბუტორი. ჩვენ მადლობა გვინდა გადაგიხადოთ იმ სიმამაცისა და ერთგულებისთვის, რომელსაც წარმოაჩენს თქვენი ძალები ყოველდღიურად”, – აღნიშნა რასმუსენმა და დასძინა, რომ ნატოს მხარდაჭერა ურყევია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველო გახდება ნატო–ს წევრი ქვეყანა.
“ISAF-ის მისია დასრულდება 2014 წლის ბოლოსკენ. მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისთვის დახმარების გაწევას. ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა იმისთვის, რომ შეიქმნას და ჩამოყალიბდეს ნატო–ს ხელმძღვანელობით ახალი მისია და მართლაც ძალიან კარგია, რომ თქვენც ჩართული ხართ ამ პროცესებში.
საქართველოს აქვს იმის სურვილი, რომ იყოს უფრო მეტი, ვიდრე უბრალო პარტნიორი ნატოსთვის. თქვენ გსურთ, რომ გახდეთ ნატო–ს წევრი და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველო გახდება ნატო–ს წევრი ქვეყანა. წელს ჩიკაგოში მაისში ჩვენ ასევე ნათლად განვაცხადეთ, რომ ვიცავთ იმ პრინციპებსა და იმ გადაწყვეტილებების ერთგულნი ვრჩებით. შესაბამისად, მივესალმებით საქართველოს პროგრესს. ნატოს კარი გახსნილია ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან გააგრძელონ მუშაობა რეფორმების და ინტეგრირების კუთხით”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
დღეს, 6 სექტემბერს თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, რომელიც “ამბასადორიალში” მონაწილეობდა.