ახალი ამბები

რას სთავაზობს მთავრობა სამხედროებს ‘ტოტალური ზრუნვის’ ფარგლებში

6 სექტემბერი, 2012 • 1025
რას სთავაზობს მთავრობა სამხედროებს ‘ტოტალური ზრუნვის’ ფარგლებში

მერაბიშვილის განმარტებით, აღნიშნული კომპონენტი მოიცავს ჯანდაცვის, განათლების, დასაქმების, ფინანსური წახალისების, საცხოვრებელი ფართით და სოციალური შეღავათებით უზრუნველყოფის სფეროებს და გავრცელდება არა მხოლოდ შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაზე, არამედ მათი ოჯახის წევრებსა და ვეტერანებზეც.

 

განათლების კუთხით, თავდაცვის სამინისტრო ბაკალავრიატში ოთხწლიან სწავლების დაფინანსებას პირდება ყველა იმ პირს, რომელიც გაივლის ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს და რომელმაც ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ ვერ მოიპოვა სახელმწიფო გრანტი და ვერ იხდის სწავლის საფასურს. ამას გარდა, პირს, რომელიც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს მეორე ვადით გააგრძელებს, დაუფინანსდება მაგისტრატურაში სწავლება.

 

სამხედრო მოსამსახურეებს უფასოდ გადაეცემათ კომპიუტერისა და ინგლისურის ენის სწავლის ვაუჩერი, ხოლო 20 წლის სამხედრო სამსახურის შემთხვევაში, პროფესიული განათლების 1000 ლარიანი ვაუჩერი. გარდა ამისა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 20 წლის მსახურის შემთხვევაში, პენსიამდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს ბოლო ერთი წლის სრულ ხელფასს – პრემიის სახით.

ვანო მერაბიშვილი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე
ვანო მერაბიშვილი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე

16-წლიანი საკონტრაქტო სამსახურის შემთხვევაში, თავდაცვის სამინისიტრო სახელმწიფო გრანტის ოდენობით უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურის შვილების ბაკალავრიატში სწავლებას.

 

ახალი კონცეფციის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის. საცხოვრებელ ფართს მიიღებს სამხედრო მოსამსახურე განსაკუთრებული საბრძოლო ღვაწლისთვისაც.

 

ჯანდაცვის კუთხით, ახალი კონცეფციის ფარგლებში, გაუმჯობესდება კონტრაქტზე მყოფი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების სადაზღვევო პაკეტი, ხოლო წვევამდელები სრულ სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ.

 

თავდაცვის ახალი “3ტ” (ტოტალური ზრუნვა, ტოტალური წრთვნა და ტოტალური თავდაცვა) კონცეფცია თავდაცვის სამინისტრომ მინისტრის თანამდებობაზე დიმიტრი შაშკინის დანიშვნის შემდეგ წარმოადგინა. ვაზიანის სამხედრო ბაზაზე პრემიერ-მინისტრთან ერთად დიმიტრი შაშკინიც იმყოფებოდა.

 

ვანო მერაბიშვილის თქმით, მთავრობა აგრძელებს მუშაობას კონცეფციის დახვეწის მიზნით, ხოლო 1 იანვრიდან სახელმწიფო გაუფორმებს კონტრაქტს სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს, სადაც გაწერილი იქნება, როგორც სამხედროების, ისე სახელმწიფოს ვალდებულებები.

 

თავდაცვის მინისტრის, დიმიტრი შაშკინის თქმით, მომავალი წლიდან საზაფხულო ბანაკები გაიხსნება, სადაც სამხედრო მოსამსახურეების შვილები დაისვენებენ უფასოდ. ასევე, მისივე თქმით, სექტემბერში დასრულდება ვარკეთილის კომლექსის ნაწილი, სადაც 800-მდე სამხედრო მოსამსახურის ოჯახის უფასოდ მიიღებს სახელმწიფოსგან საცხოვრებელ ფართს.

მასალების გადაბეჭდვის წესი