კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 66%-მა არ იცის ივანიშვილის გეგმის შესახებ, ხოლო იმ 22%-დან, რომელმაც იცის ამ გეგმის შესახებ, 82% მხარს უჭერს მას.
გამოკითხულთა 73% ინფორმირებულია იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონიტორინგის შედეგად ბიძინა ივანიშვილი 74 მილიონი ლარით დაჯარიმდა “გლობალ ტვ”-ის ანტენების საქმეზე, თუმცა მხოლოდ 16% ეთანხმება აუდიტის სამსახურის ამ ქმედებას.
ასევე, გამოკითხულთა მხოლოდ 14% ეთანხმება საქართველოს პროკურატურის ქმედებას, რომლის შედეგადაც დაყადაღდა ტელეკომპანია “მაესტროს” სატელიტური ანტენები ივანიშვილის კოალიციის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით.
კვლევაში, ასევე, საუბარია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე, ე.წ. “მასთ ქერიზე”, რომელიც ითვალისწინებს სატელევიზიო არხების სავალდებულო ტრანზიტს საკაბელო ოპერატორების მიერ. კანონით ეს ვალდებულება ვრცელდება არჩევნების დღემდე. შეკითხვაზე – ეთანხმებით თუ არა არსებულ შეთავაზებას, რომ “მასთ ქერი” გავრცელდეს არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგ პერიოდშიც, გამოკითხულმა 47% ამაზე თანხმობას აცხადებს.
კვლევა – “საზოგადოების განწყობა საქართველოში” – NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარდა 31 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში და გამოიკითხა 2,038 რესპონდენტი.
კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/-3%.