ნეტგაზეთი | რა (არ) შეიცვალა შშმ პირთა საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის რა (არ) შეიცვალა შშმ პირთა საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის – Netgazeti
RU | GE  

რა (არ) შეიცვალა შშმ პირთა საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის

შშმ პირები არჩევნების ყველა ეტაპზე აწყდებიან წინაღობებს, რაც ხელს უშლის, დამოუკიდებლად და ღირსეულად ისარგებლონ კონსტუტუციით დაცული საარჩევნო ხმის უფლებით, – ამის შესახებ საუბარია პილიტიკის დოკუმენტში, რომელიც პრეზენტაციაც ISFED–მა დღეს გამართა.

დოკუმენტი მიმოიხილავს საარჩევნო გარემოს მისაწვდომობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, მათ შორის, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში: საარჩევნო ხმის უფლებით სარგებლობისას შექმნილ დაბრკოლებებს, დამკვიდრებული სტანდარტების შესაბამისობას შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციასთან და სხვა საკითხებს.

პრეზენტაციაზე მიწვეული იყო ყველა სახელმწიფო ორგანო, რომელიც შესაძლოა ჩართული იყოს ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფის პროცესში, თუმცა, დაინტერესებული პირებისა და დარგის სპეციალისტების გარდა, შეხვედრას მხოლოდ ცესკოს პრესსპიკერი ანა მიქელაძე დაესწრო, რომლსაც ყველა კრიტიკულ კითხვაზე და ბრალდებაზე მარტოს მოუწია პასუხის გაცემა.

“იმისთვის, რომ შშმ პირმა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, მისთვის დამოუკიდებლად მისაწვდომი უნდა იყოს არა მარტო უშუალოდ საარჩევნო უბანი, არამედ ასევე საარჩევნო უბნამდე მისასვლელი გზა, ტრანსპორტი, შუქნიშნები, გადასასვლელები და ა.შ. ამიტომ შშმ პირებისთვის გარემოს მისაწვდომობის უზრუნველყოფა კომპლექსური საკითხია და სხვადასხვა დონეზე მოითხოვს ხელისუფლების მუშაობას. უშუალოდ საარჩევნო უბანზე შეცვლილი ინფრასტრუქტურა ვერც ერთ შემთხვევაში იქნება შშმ პირის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის გარანტი,” – ამბობს “სამართლიანი არჩევნების” პოლიტიკის მკვლევარი, გიორგი ნონიაშვილი.

დოკუმენტის პრეზენტაციაზე შშმ ადამიანების უფლებრივ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებიც გამოვიდნენ სიტყვით, მათ შორის- გიორგი ახმეტელი, გია ჯვარშეიშვილი, მარიამ მიქიაშვილი და ოლგა კალინი. მათ შეაფასეს პოლიტიკის დოკუმენტი და უფრო კონკრეტულად განიხილეს საკითხი. კერძოდ, მათი საუბარი შეეხო ეტლით მოსარგებლე, უსინათლო თუ სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას საქართველოში.

პოლიტიკის დოკუმენტის ავტორი, გიორგი ნონიაშვილი აცხადებს, რომ ხარისხობრივად ყველაზე მნიშვნლოვანი პრობლემები იქმნება მიუწვდომელ გარემოსთან დაკავშირებით. მისი თქმით, გარემოს სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურულ–გეგმარებითი ელემენტების შესახებ სტანდარტების დაუცველობა შშმ პირებისთვის მიუწვდომელს ხდის როგორც უშუალოდ საარჩევნო უბანს, ასევე, არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა უფლებას.

როგორც პოლიტიკის დოკუმენტშია აღნიშნული, ამასთან, ფიზიკური გარემოს მოწყობის ადგილობრივი რეგლამენტი არ არის ჰარმონიზებული კონვენციით გამოხატულ მისაწვდომლობის თანამედროვე სტანდარტებთან, გონივრული მისადაგებისა და უნივერსალური დიზაინის პრინციპებთან.

პოლიტიკის დოკუმენტში წარმოდგენილი ანალიზიდან ჩანს, რომ სახელმწიფოს მიდგომები შშმ პირების საარჩევნო პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით, რიგ შემთხვევებში, არ არის თანხვედრაში კონვენციის 29–ე მუხლთან.

“საარჩევნო საკითხებზე წარმოდგენილი საკანონმდებლო ჩარჩო და პრაქტიკაში განხორციელებული ღონისძიებები არ იძლევა საშუალებას, დაცული იყოს კონვენციით დადგენილი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის პრინციპები. მაგალითად, სახელმწიფოს მიდგომები ჯერჯერობით არ უზრუნველყოფს კონვენციით განსაზღვრული ინ პრინციპების შესრულებას, რომელიც ითვალისწინებს ყველა მოქალაქისთვის დეფერენცირების გარეშე გარემოს თანაბარ მისაწვდომობას,” – აცხადებს პოლიტიკის დოკუმენტის ავტორი.

გიორგი ნონიაშვილის თქმით, იგივე გამოწვევები ჩნდება საკომუნიკაციო საშუალებების მისაწვდომობასთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, ამ ეტაპზე შშმ პირების ინფორმირებისთვის ძირითადად გამოიყენება სურდოთარგმანი, რომელიც მხოლოდ ერთ კონკრეტულ ჯგუფზეა მიმართული – ჟესტური ენის მცოდნე სმენის არმქონე პირებზე:

“აღნიშნული არ არის საკმარისი საკომუნიკაციო საშუალებების მისაწვდვდომობის უზრუნველყოფისთვის. სახელმწიფო უნდა იყოს ორიენტირებული შშმ პირთათვის ალტერნატიული ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რათა დაფაროს შშმ პირთა უფრო ფართო წრე. გამოყენებული უნდა იყოს სხვა ალტერნატიული საკომუნიკაციო საშუალებებიც, რომელიც არა მარტო სურდო–თარგმანს, არამედ სხვა ტექნოლოგიების გამოყენებასაც მოიცავს, მაგალითად, ეკრანზე განთავსებული ტიტრები.”

პოლიტიკის დოკუმენტში პოზიტიურად არის შეფასებული უკანასკნელ წლებში განხორციელებულ რამდენიმე ცვლილება, საიდანაც გამოყოფილია გადასატანი საარჩევნო ყუთების შესახებ წესი. დღეის მდგომარეობით, გადასატანი საარჩევნო ყუთით შეიძლება ისარგებლოს მხოლოდ იმ ამომრჩეველმა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საარჩევნო უბანზე ვერ მიდის. გიორგი ნონიაშვილი მიიჩნევს, რომ ამით წარსულში არსებული პოზიტიური დისკრიმინაციის პრაქტიკა გამოსწორდა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ორიენტირებული იყო, ნებისმიერ შშმ ამომრჩეველთან საარჩევნო ყუთი შინ მიეტანა.

“ასევე, დადებითად შეიძლება შეფასდეს მიმოხილულ სამოქმედო გეგმებში გათვალისწინებული ღონისძიებები, კერძოდ: ადაპტირებული უბნების ზრდა, უბნების უზრუნველყოფა ლინზის ფურცლით, სპეციალური ჩარჩო-ფორმით, სურდო-თარგმანის უზრუნველყოფა საზოგადოებრივ მაუწყებელზე და სხვა დაგეგმილი ღონისძიებები, რაც გაზრდის შშმ ამომრჩევლებისთვის ჩართულობას არჩევნებში. თუმცა ეს არ არის საკმარისი მთლიანი საარჩევნო პროცესის მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ამაზე მიუთითებს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშიც,” – ნათქვამია პოლიტიკის დოკუმენტში.

გიორგი ნონიაშვილი ამბობს, რომ სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით ჩნდება კითხვის ნიშნებიც. მისი თქმით, შშმ ამომრჩევლებისთვის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს არ აქვთ განსაზღვრული მკაფიო ინდიკატორები, რომელიც დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას მისცემდა, შეეფასებინა მისი შესრულების ხარისხი. მისი თქმით, ამისთვის უნდა იყოს წარმოდგენილი რაოდენობრივი ან ფინანსური ინდიკატორები.

დოკუმენტში წარმოდგენილი საკითხებიდან ჩანს, რომ შშმ პირების საარჩევნო ხმის რეალიზების უზრუნველყოფისთვის არ არის საკმარისი უშუალოდ საარჩევნო პროცესის ფარგლებში ღონისძიებების გატარება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს საკითხი კომპლექსურია და დამოკიდებულია სხვა ფაქტორებზე, რომლებსაც არჩევნებთან პირდაპირი კავშირი არ აქვს.

ნონიაშვილი მიიჩნევს, რომ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის შშმ პირებს მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა, ხოლო მათი ხმის უზრუნველყოფისთვის გამოწვევები არსებობდა როგორც წინასაარჩევნო პროცესში, ასევე, უშუალოდ კენჭისყრის დღეს. თუმცა გიორგი ნონიაშვილი პოიზიტიურად აფასებს ცესკოს საარჩევნო კომისიის წევრების გადამზადებას შშმ პირთა საჭიროებებთან დაკავშირებით, ასევე, ყველა უბანზე ლინზის ფურცლისა და ჩარჩო- ფორმის განთავსებას. გარდა ამისა, პოლიტიკის დოკუმენტში დადებითად არის შეფასებული ცესკოს მიერ სურდოთარგმანით გაშუქებული საარჩევნო პროცესი.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან ცესკოს, განათლების სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების მიმართ დღევანდელ შეხვედრაზე არაერთი ბრალდება გაახმიანეს იმის შესახებ, რომ ისინი ვერ უზრუნველყოფენ ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ ISFED ცესკოს საქმიანობა ნაწილობრივ მაინც აფასებს დადებითად, მოძრაობა “ინკლუზიური საზოგადოება – საქართველოს” წევრი, გია ჯვარშეიშვილი საარჩევნო პროცესს პოზიტიურს ვერაფერით უწოდებს.

“იხარჯება ფული, მაგრამ ეს ფული იხარჯება არა გააზრებულად, არამედ უფრო პიარისთვის. რეალურად, ტარდება ექსპერიმენტები, იგივე ჩარჩო-ფორმასთან დაკავშირებით, და არ იქმნება რაღაც ახალი ცესკოს საბჭოში, რომელიც შედგება შშმ პირების თემაზე მომუშავე ადამიანებისგან,” – ამბობს ჯვარშეიშვილი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი, ანა მიქელაძე კი აცხადებს, რომ ცესკოს გადასაყრელი თანხები არ აქვს და ფული მხოლოდ პროგრესისთვის იხარჯება. მისი განმარტებით, ერთი ხელის მოსმით ყველა პრობლემა ვერ მოგვარდება. მისი თქმით, მიმდინარეობს პროგრესი ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შესაქმნელად და ამის შეუმჩნევლობაც არის ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი. მიქელაძე აცხადებს, რომ ინკლუზიური გარემოს მისაღებად საჭიროა ერთობლივი მუშაობა. მისი თქმით, 2016 წლის არჩევნებზე 100%–ით ადაპტირებული არ ყოფილა საარჩევნო უბნები, თუმცა წინა არჩევნებთან შედარებით გაცილებით მეტი უბნის ადაპტირება მოხერხდა.

მიქელაძეს ა/ო “ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის” კიდევ ერთი წარმომადგენელი მამუკა მაჭავარიანი გამოეხმაურა რეპლიკით. მისი თქმით, არ შეიძლება იმით მანიპულირება, რომ “წინა წელს ამდენი იყო და ახლა უფრო მეტია”. მაჭავარიანის განცხადებით, წინა არჩევნებზე სახელმწიფოს არ ჰქონდა ხელი მოწერილი გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციაზე, რომლის (UNCRPD) 29–ე მუხლი არჩევნებში შშმ პირთა სრულ და თანაბარ მონაწილეობას ეხება, ხოლო დოკუმენტზე ხელმოწერით საქართველომ აიღო პასუხისმგებლობა საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად.

ანა მიქელაძე შშმ პირების უფლებების საკითებზე მომუშავე სპეციალისტებს პასუხობს, რომ “მადლობების” მოლოდინი არ აქვს, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისია აგრესიის ობიექტი არ უნდა იყოს. კონკრეტული მაგალითების მოსმენის შემდეგ, ცესკოს პრესსპიკერი აღნიშნავდა, რომ სხვა უწყებებზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს და ის მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელით საუბრობს.

მიქელაძის თქმით, მემორანდუმები გაფორმდა ადგილობრივ თვითმმართველობებთან, განათლების სამინისტროსთან და ბაღების სააგენტოსთან, რომლებსაც თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვთ. ცესკოს პრესსპიკერის განმარტებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ცდილობს ისეთი უბნების დაქირავებას ან საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან მიღებას, რომელთა ადაპტირება შესაძლებელი იქნება, თუმცა ამ ეტაპზე ყველგან ამის გაკეთება შეუძლებელი იყო.

როგორც ცესკოს პრესსპიკერი აცხადებს, ადაპტირებულ საარჩევნო უბნებს საოლქო კომისისი წევრები ამოწმებენ, რომლებსაც ცესკოსგან ჰქონდათ დირექტივა, მოეძებნათ ისეთი შენობები, სადაც შეიძლებოდა პირველივე სართულებზე უბნების განთავსება.

დღევანდელ შეხვედრაზე NGO-ების წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა პრეტენზიები იმის შესახებ, რომ ცესკოს სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის შესაძლებლობა მათ არ ეძლევათ და თუ რამე განსხვავებულ აზრს გაიგებენ, ისინი ჩხუბზე გადადიან. ამ ბრალდების საპასუხოდ ანა მიქელაძე აცხადებს, რომ ნებისმეირ მათგანს შეუძლია მიმართოს განცხადებით ცესკოს თავმჯდომარეს, ხოლო შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფში მონაწილეობის მიღება ნებისმეირ დაინტერესებულ პირსა და არასამთავრობო ორგანიზაციას შეუძლია.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ცესკოს ადანაშაულებდნენ, რომ ისინი შშმ პირებს კომისიის წევრებად არც ოლქებში და არც უბანზე არ ირჩევდნენ წევრებად. ხოლო მიქელაძემ მათ დაუსვა კითხვა, რდესაც საუბრობენ, თითქოს ცესკო შშმ პირებს არ ირჩევს, აქვთ თუ არა სტატისტია ან ინფორმაცია, რამდენმა შშპ შემოიტანა აპლიკაცია და არ აირჩია კომისიამ სწორედ შშმ პირობის გამო. ამაზე დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ეს სტატისტიკა ცესკოს უნდა ჰქონდეს. მიქელაძე კი პასუხოსბს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ეს ვერ ექნება, რადგან როდესაც რეზიუმეს აგზავნის პიროვნება, იქ ის არ უთითებს თავის ფიზიურ მდგომარეობას და ამის მითითების მოთხოვნა სწორედაც რომ დისკრიმინაციულია. ცესკოს პრესსპიკერის თქმით, შშმ პირები კონკურსის საფუძველზე არიან აყვანილები და მუშაოენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ცხელ ხაზზე, ხოლო ეს პრაქტიკა მათთან უკვე წლებია არსებობს.

მიქელაძე ასევე აცხადებს, რომ ამომრჩეველთა სია და ვებ–გვერდი არის სრულად ადაპტირებული. ცესკოს პრესსპიკერი ამბობს, რომ საიტის ადაპტირება და საარჩევნო უბნების მოწყობა უსინათლო ამომრჩეველთათვის მოხდა “საქართველოს უსინათლოთა კავშირთან” თანამშრომლობით. მისი თქმით, ვებ–გვერდის პრეზენტაციაზე ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია იყო მიწვეული, ხოლო საიტის სატესტო რეჟიმში მუშაობის პერიოდში ცესკო მათგან შენიშვნების მიღებას ითხოვდა, თუმცა “არავინ არაფერი გააგზავნა”.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინასაარჩევნოდ 3636 უბნზე მომუშავე კომისიის ყველა წევრს ჩაუტარა ტრენინგი შშმ პირთა საკითხებზე, თუმცა 8 და 30 ოქტომბერს 600-ზე მეტი შენიშვნა გაიცა, ხოლო საუბნო კომისიის წევრთა ნაწილს ხელფასებიც დაექვითათ. მიუხედავად ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტიების მიერ დაწერილი 2000 საჩივრიდან არც ერთი ყოფილა დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ. ცესკოს პრესსპიკერს რეპლიკით უპასუხეს, რომ შშმ პირებმა ვერ შეძლეს არჩევნებში მონაწილეობა და ამის გამო არ დაიწერა არც ერთი სარჩელი ამის შესახებ.

ანა მიქელაძე ასევე საუბრობდა სწრაფი გადახდის ობიექტებთან თანამშრომლობისა და მათი ადაპტირების შესახებ, რომლითაც მილიონამდე ადამიანმა გადაამოწმა საკუთარი თავი ამომრჩეველთა სიაში. თუმცა, გია ჯვარშეიშვილის თქმით, აპარატი თუ არ საუბრობს, ის უკვე აღარ არის ხელმისაწვდომი იმიტომ, რომ მხოლოდ ეტლის მოსარგებლე არ არის შშმ პირი.

ცესკოს პრესსპიკერმა დისკუსიის ბოლოს წუხილი გამოთქვა, რომ შეხვედრის ფორმატზე წინასწარ არ ჰქონდა ინფორმაცია და რამდენიმე საათის განმავლობაში მხოლოდ აგრესიული საუბრის მოსმენა მოუწია. შეხვედრის დასრულებამდე, ა/ო “ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის” წარმომადგენელმა გიორგი ახმეტელმა განაცხადა, რომ საჯარო სამსახურში არც უნდა ჰქონდეთ “მადლობების” მოლოდინი. მისი თქმით, ყველას მხოლოდ უკეთესი მომავალი უნდათ საკუთარი შვილებისთვის და ამიტომაც არის ამხელა კრიტიკა ცესკოსა თუ სხვა სახელმწიფო უწყებების მისამართით.

2016 წლის არჩევნებამდე ნეტგაზეთს ანა მიქელაძემ განუცხადა, რომ ოქტომბერში საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის 1116 საარჩევნო უბანი ადაპტირდებოდა შშმ პირებისთვის, თუმცა უფლებადამცველები მაშინაც საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ეს ვერ უზრუნველყოდდა საარჩევნო უბნების და გარემოს რეალურ ხელმისაწვდომობას.

ISFED-ის მიერ დღეს წარმოდგენილი პოლიტიკის დოკუმენტი, განხილული გამოწვევებიდან გამომდინარე, შშმ პირებისთვის საარჩევნო პროცესებზე მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სპეციალური რეკომენდაციებით საქართველოს მთავრობას ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, საქართველოს პარლამენტს, ცესკოსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართავს:

  • გაეროს შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის პრინციპებზე დაყრდნობით, საქართველოს მთავრობის მიერ შეიქმნას შესაბამისი სახელმძღვანელო პრინციპები/კომპლექსური ხედვა შშმ პირების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით;
  • საქართველოს პარლამენტმა მიიღოს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც სავალდებულოს გახდის ყველა საარჩევნო უბნის ადაპტირებას. საარჩევნო უბანზე უზრუნველყოფილი იყოს არა მარტო პანდუსი, არამედ ყველა სივრცითი მოწყობის და არქიტექტურული გეგმარებითი ელემენტები, რომელიც შშმ პირებისთვის დამოკიდებულად მისაწვდომს გახდის საარჩევნო უბანს;
  • ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ შშმ პირთათვის უზრუნველყოს მუნიციპალური ტრანსპორტისა და გზების მისაწვდომობა. გარემოს ადაპტირება დაეყრდნოს გარემოს სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურული გეგმარებით ელემენტების შესახებ სტანდარტებს;
  • საქართველოს მთავრობამ სამოქმედო გეგმებში არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე განსაზღვროს ნათელი ინდიკატორები, რომელიც შესაძლებელს გახდის განხორციელებული ღონისძიებების შეფასებას;
  • უნდა მოხდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ–გვერდის სრულად ადაპტირება;
  • ცესკომ წაახალისოს შშმ პირთა ჩართვა საარჩევნო კომისიების მუშაობაში;
  • საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოახდინოს ვებ–გვერდის ადაპტირება, მათ შორის ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი გამოყენება უსინათლო პირებისთვისაც.
  • ცესკომ შეიმუშაოს სტანდარტები საარჩევნო პროცესის წარმართვისთვის განკუთვნილი დამხმარე საშუალებებთან დაკავშირებით, მათ შორის, იმსჯელოს უნივერსალური საარჩევნო კაბინების შესახებ;
  • ცესკომ მოახდინოს ამომრჩეველთა ინფორმირება ლინზის ფურცლის და სპეციალური ჩარჩო-ფორმის გამოყენების შესახებ;
  • პოლიტიკურმა პარტიებმა უზრუნველყონ საკუთარი ვებ–გვერდებისა და წინასაარჩევნო პროგრამების მისაწვდომობა შშმ პირთათვის.
საარჩევნო ხმის უფლება შშმ პირთათვის. 22.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

საარჩევნო ხმის უფლება შშმ პირთათვის. 22.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.