საზოგადოება

არჩევნები 2016: როგორ მისცემენ ხმას შშმ პირები

7 ოქტომბერი, 2016 • 3888
არჩევნები 2016: როგორ მისცემენ ხმას შშმ პირები

ცესკო აცხადებს, რომ ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის 1116 საარჩევნო უბანი იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის, თუმცა, უფლებადამცველების შეფასებით, ეს ვერ უზრუნველყოფს საარჩევნო უბნების და გარემოს რეალურ ხელმისაწვდომობას.

პანდუსები – ადაპტირებული საარჩევნო უბნები?

არჩევენებამდე თვენახევარია დარჩენილი,  თუმცა  3634 საარჩევნო უბნიდან ამჟამად მხოლოდ 526 უბანია მარტივად ადაპტირებული. ეს ციფრი “ნეტგაზეთს” ცესკომ მიაწოდა.  2014 წლის თვითმმართველობის შემდეგ ადაპტირებულ უბნების რაოდენობა 63-ით გაიზარდა.

საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, კიდევ 586 უბანი აღიჭურვება პანდუსებით. ჯამში, ცესკოს ცნობით, 1116 უბანი იქნება ადაპტირებული 8 ოქტომბრისთვის. გარდა ამისა ცესკოს აცხადებს, რომ აქვთ 13  მოძრავი პანდუსი:

“მოძრავი პანდუსები საკმაოდ მცირე რაოდენობით გვაქვს იმიტომ, რომ მისი შეძენა გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. თუ არ ვცდები, სულ არის 13 მოძრავი პორტატული პანდუსი. მაგალითად, თუ უბნის ადაპტირება არის შეუძლებელი, მაგრამ მოთხოვნა არის იქ, ამ შემთხვევაში ხდება მისი გამოყენება. რთულია წინასწარ საუბარი, იქნება თუ არა ეს საკმარისი, თუმცა მაქსიმალურად შევეცდებით, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ხმის მიცემის პროცესი”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) წარმომადგენელი კობა ნადირაძე ამბობს, რომ საარჩევნო უბნებზე შშმ პირების მისაწვდომობას ცესკო იმის მიხედვით აფასებს, არის თუ არა იქ პანდუსი, რასაც აბსოლუტურად არასწორ მიდგომად მიიჩნევს. როგორც ნადირაძე ამბობს, პანდუსი მხოლოდ და მხოლოდ უზრუნველყოფს იმას, რომ შშმ პირმა შეაღწიოს უბანზე.

“იმის მიხედვით, რა ინფორმაციაც მაქვს შშმ ამომრჩევლებისგან, ეს არასწორია. ცესკო უკვეთავს პანდუსს, რომლის ზომებიც გახლავთ 240 სანტიმეტრი. ანუ პანდუსი უნდა დადგეს დაბრკოლებაზე, რომლის სიმაღლეც არ აღემატება 20 სანტიმეტრს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პანდუსები არის აბსოლუტურად ფორმალური ნაწილი. ეტლით მოსარგებლე იქ დამოუკიდებლად ვერ ავა და დამხმარე მაინც დასჭირდება, რაც მისაწვდომლობას არ ნიშნავს. პირადად მე ეტლით მოსარგებლე არ გახლავართ, მაგრამ მაინც მექმნება პრობლემა მიუხედავად იმისა, რომ შენიშვნაც მიმიცია მათთვის. ტაქსით მივდივარ ხოლმე საარჩევნო უბნამდე, თუმცა სკოლის შენობა რკინის ჭიშკრით არის ჩაკეტილი. იქიდან საარჩევნო უბნამდე კიდევ არის აღმართიანი შორი გზა, რომლის გადალახვაც დახმარების გარეშე ძალიან მიჭირს,” – ამბობს ნადირაძე.

უფლებადამცველის შეფასებით, კარგი იქნება, თუ ისეთ ადგილებში გაკეთდება საარჩევნო უბნები, რომელიც ბუნებრივად მისაწვდომია ყველასთვის: “ნულოვანია, ან კიბე არ აქვს, თუმცა ასეთი შენობის მონახვა საქართველოში ძალიან რთულია.”

შშმ პირთა სიმბოლოები © გაერო

შშმ პირთა სიმბოლოები © გაერო

კობა ნადირაძე მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი პრაქტიკა, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია და ბევრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებადამცველი ორგანიზაცია პოზიტიურ მოვლენად აფასებს, არასწორია:

“ეს არის ის, რომ შშმ ამომრჩევლები უზრუნველყოფილი არიან სპეციალური ტრანსპორტით არჩევნების დღეს. ანუ შშმ ამომრჩეველი უკავშირდება ცესკოს და ეუბნება, რომ სჭირდება გადაადგილება საარჩევნო უბნამდე. ამის შემდეგ გიკავშრიდებიან და მოდის სპეციალური ავტობუსი ან მინი–ვენი, სადაც არიან იმავე უბანზე მყოფი შშმ ამომრჩევლები. კარგ შემთხვევაში ტრანსპორტი არის მისაწვდომი და დამოუკიდებლად შეხვალ, უარეს შემთხვევაში – არიან იქ დამხმარეები, რომლებიც ამ მანქანაში ჩაგსვამენ. უხეშად რომ ვთქვათ, შშმ პირს მიიტან საარჩევნო უბნამდე თუ საარჩევნო უბნიდან მოიტანენ არჩევნების ყუთს, ამაში არსებითი განსხვავება არ არის. მთავარია, შშმ პირმა დამოუკიდებლად, როცა ის საჭიროდ ჩათვლის და ვისთან ერთადაც უნდა, ან მარტომ მოახერხოს საარჩევნო უბნამდე მისვლა და ხმის მიცემა. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ეს არის უბრალოდ ფასადური მიდგომა და დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. ცხადია, უნდა შეიქმნას ისეთ გარემო, რომ შშმ პირმა სახლიდან საარჩევნო უბნამდე დამოუკიდებლად შეძლოს მისვლა – ტრანსპორტი, გზა…”

ნადირაძის თქმით, პრობლემების წყარო კანონმდებლობაცაა.

“იმისთვის, რომ შშმ პირმა არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა, არჩევნებამდე 25 დღით ადრე საკუთარ უბანში უნდა შეატყობინოს საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ ის აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ეს იმისთვის, რომ მოხდეს ამ უბნის ადაპტირება, რაც არ არის სწორი. იმისთვის, რომ შშმ პირი იყოს შემფასებელი (მონიტორი) ან კანდიდატი და დასჭირდეს ნებისმიერ უბანში მისვლა, ყველა უბანი უნდა იყოს ხელმისაწვდომი”, – ამბობს უფლებადამცველი.

საერთაშორისო ვალდებულებები და მათი აღსრულება

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (UNCRPD) 29–ე მუხლი ეხება  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულ და თანაბარ მონაწილეობას არჩევნებში. კონვენციის მე–12 მუხლის მიხედვით, ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს უფლება იყოს აღიარებული სამართლის სუბიექტად, რაც შესაძლებლობას მისცემს მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. საქართველომ კონვენციის რატიფიცირება 2013 წელს მოახდინა, შესაბამისიად, ვალდებულია უზრუნველყოს საარჩევნო გარემოს ინკლუზიურობა.

საარჩევნო ადმინისტრაციაში ინკლუზიური გარემოს უზრუნველსაყოფად  შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა 2015–19 წლების სტრატეგიული გეგმა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეების აქტიური მონაწილეობით უნდა შეიქმნას მაქსიმალურად ინკლუზიური საარჩევნო გარემო და დაიხვეწოს კანონმდებლობა. თუმცა არც სტრატეგიული და არც სამოქმედო გეგმა არ გულისხმობს შშმ პირებისთვის სრულად თანაბარი გარემოს შექმნას.

სამოქმედო გეგმის მიხედვით, ცესკოს ვალდებულებაა თვითმმართველობის ორგანოებთან რეგულარული მუშაობა საარჩევნო უბნების ადაპტაციის მიზნით. თუმცა შედეგების ინდიკატორად მითითებულია არა ყველა უბნის ადაპტაცია, არამედ მხოლოდ 800 უბნის. სამოქმედო გეგმის მიხედვით, ცესკო იღებს ვალდებულებას, იდენტიფიცირებული საარჩევნო უბნებზე განათავსოს სპეციალური კაბინები და ყველა საარჩევნო უბანზე უნდა იყოს განთავსებულია გამადიდებელი ლინზა.

უსინათლო და სმენის პრობლემების მქონე ამომრჩევლეთა მონაწილეობა

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ყველა საარჩევნო უბანი უზრუნველყოფილი იქნება ლინზებით, რომელთა ნაწილს  საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით განაახლებს. ცესკოს განცხადებით, ფონდის მიერ გამოყოფილი თანხა შედის იმ 30 000 ლარში, რომელიც მთლიანად ხმარდება ინკლუზიური გარემოს შექმნას.

საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის განთავსებული საარჩევნო ლინზებით მხედველობის პრობლემის მქონე ამომრჩევლისათვის შესაძლებელი იქნება დაინახოს ბიულეტენში არსებული მონაცემები. ლინზები იქნება იმ რაოდენობის, რამდენი საარჩევნო უბანიც იქნება გახსნილი”, – აცხადებს ცესკოს პრესსპიკერი.

მისი თქმით, მცირემხედველი და უსინათლო ადამიანებისათვის ადაპტირებული გახდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ–გვერდი და მათთვის საიტზე განთავსებული ინფორმაციის ძირითადი ნაწილი ხელმისაწვდომია:

“ახალი ვებ–გვერდი როგორც შინაარსობრივად, ისე ტექნიკური და ვიზუალური თვალსაზრისით არის განახლებული. მნიშვნელოვანია, რომ ის არის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში; მაქსიმალურად არის გამარტივებული და მორგებული სხვადასხვა პორტატულ ტექნოლოგიებზე”.

ცესკოს ვებ–გვერდი © ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ცესკო © ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ანა მიქელაძის თქმით, ცესკოს მიერ მომზადებული ყველა ვიდეორგოლი ხელმისაწვდომია სმენის არმქონე ამომრჩევლებისთვის ე.წ. ჟეშტური ენის თარგმანით:

“ყრუ ამომრჩევლებისთვის არჩევნებში მონაწილეობის პროცედურის შესახებ სპეციალური პოსტერი განთავსდება. ამ ეტაპზე უსინათლო ამომრჩევლებისათვის სპეციალურ ჩარჩო–ფორმაზე ვმუშაობთ, რომლის საშუალებითად ისინი მისცემენ ხმას. ეს არის სპეციალური ფორმა, რომელშიც იდება ბიულეტენი და ამ ტიპის ამომრჩეველი მარტივად განახორციელებს ხმის მიცემის პროცედურას. ჩარჩო–ფორმის სიდიდე არის ლიმიტირებული და დამოკიდებულია საარჩევნო ბიულეტენში არსებული კანდიდატების/პოლიტიკური პარტიების რაოდენობაზეც. შესაბამისად, გადაწყვეტილება ამ საკითხზე შემდგომში იქნება მისაღები.”

საარჩევნო გარემო ინტელექტუალური შშმ პირებისათვის

ა/ო ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ–ის (FAD) ხელმძღვანელი მარი კორკოტაძე ამბობს, რომ საქართველოში საარჩევნო უბნების ადაპტირებაზე საუბრისას ყოველთვის გულისხმობენ ეტლით მოსარგებლე, უსინათლო და სმენის არმქონე პირებს, თუმცა ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის გარემოს და საარჩევნო მასალების ადაპტირებაზე არავინ ზრუნავს:

“არა მგონია, 30 000 ლარად საარჩევნო კომისიას ჰყავდეს ისეთი დატრენინგებული საარჩევნო უბნის წარმომადგენლები, რომლებსაც ეცოდინებათ, თუ როგორ იურთიერთონ ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან. იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა ღირსეულად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, საარჩევნო კომისიამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მათი ვებ–გვერდი ადვილად გასაგებ ენაზე იყოს მისაწვდომი, შესალოა ეს იყოს ვიდეო და ფოტომასალა, რადგანაც შესაძლოა ასე უფრო ადვილად გასაგები იყოს მათთვის ინფორმაცია.”

კორკოტაძე აცხადებს, რომ ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა უტარდებოდეთ ტრენინგები, თუ როგორ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და ამას უნდა აკეთებდეს საარჩევნო კომისია. მისი თქმით, ტრენინგები უნდა უტარდებოდეთ ცესკოს თანამშრომლებსაც, თუ როგორ გაუწიონ ამ ადამიანებს დახმარება იმისათვის, რომ დამოუკიდებლად შეძლონ ხმის მიცემა:

“ამ ყველაფრის მისაღწევად საარჩევნო კომისია რეგულარულად უნდა გადიოდეს კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და თავად ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან. აქტიურად უნდა მუშაობდეს, რომ აამაღლოს ცნობიერება იმისა, რომ ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირემა მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.”

შშმ პირები და საარჩევნო სუბიექტები

“რამდენმა პოლიტიკურმა პარტიამ იზრუნა იმაზე, რომ საარჩევნო კამპანია ან პროგრამა ისეთი ადვილი ენით დაეწერა, რომელიც გასაგები იქნებოდა ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რომ მათ ჰქონოდათ შესაძლებლობა, გააზრებულად მიეღოთ გადაწყვეტილება, თუ ვისთვის მიეცათ ხმა? – კითხულობს მარი კორკოტაძე და თავადვე პასუხობს: “არც ერთმა”.

“რმდენი პარტია შეხვდა ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და პირადად ესაუბრა მათ? არც ერთი. აშკარაა, რომ არსებობს ცრურწმენა, რომ ისინი მაინც ვერაფერს გაიგებენ და, შესაბამისად, ვერ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში”.

უსინათლი პირები © EPA/ALKIS KONSTANTINIDIS

უსინათლი პირები © EPA/ALKIS KONSTANTINIDIS

წინასაარჩევნო პერიოდში შშმ პირებისთვის შეზღუდულ  გარემოზე საუბრობს PHR–ის წარმომადგენელი კობა ნადირაძეც. მისი თქმით, სხვადასხვა პარტიების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებთან შეხვედრებზე მისვლას და მათი გეგმების მოსმენას შშმ პირი ვერ ახერხებებენ.

ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია ამომრჩეველი საქართველოში, არ არსებობს. ცნობილია მხოლოდ სახელმწიფო სოციალური დახმარების მიმღებ შშმ პირთა მონაცემები – დაახლოებით 120 ათასი ადამიანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ციფრი საქართველოს საერთო მოსახლეობის დაახლოებით 3%-ია მაშინ, როდესაც საერთაშორისო კვლვებით დასტურდება, რომ ნებისმიერი ქვეყანაში 10-15 %–მდე შშმ პირი ცხოვრობს. ცესკოს სტატისტიკით, 2014 წლის არჩევნებში სასურველ კანდიდატს 4883–მა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა მისცა ხმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი