ახალი ამბები

წულუკიანი: გაისად თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმეები ელექტრონულად განაწილდება

22 ნოემბერი, 2016 • 1558
წულუკიანი: გაისად თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმეები ელექტრონულად განაწილდება

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, თეა წულუკიანის განცხადებით, მომავალი წლის ზამთარში თბილისის საქალაქო სასამართლოში ელექტრონულად საქმეების განაწილების პროგრამა ამუშავდება:

“გაისად ზამთარში თბილისის საქალაქო სასამართლოში საპილოტე რეჟიმში დავნერგავთ ელექტრონულ პროგრამას, რომელიც შემთხვევითობის წესით გაანაწილებს საქმეებს. ეს განტვირთავს მოსამართლეებს და სისხლის თუ სამოქალაქო საქმეებზე, მოქალაქეს გაუჩენს განცდას, რომ მას დამოუკიდებლად უხორციელებს მოსამართლე მართლმსაჯულებას”,- განაცხადა წულუკიანმა მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენის შემდეგ.

მართლმსაჯულების მესამე ტალღის რეფორმა საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის დანერგვას ითვალისწინებს, თუმცა არც კანონპროექტში და არც განმარტებით ბარათში არ არის აღნიშნული, თუ კონკრეტულად როგორ იმუშავებს ეს პროგრამა და რამდენად არ იქნება განჭვრეტადი, რომელ მოსამართლეს შეხვდება საქმე. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეები განაწილდება ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, საქმეთა თანაბარი და შემთხვევითი განაწილების პრინციპების დაცვით.  საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაამტკიცებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი