ახალი ამბები

შავგულიძე: არ მინდა დავიჯერო, რომ დოლიძეს “ოცნების” არასწორი პოლიტიკის ფერხულში ჩაბმა აქვს განზრახული

22 ნოემბერი, 2016 • 1553
შავგულიძე: არ მინდა დავიჯერო, რომ დოლიძეს “ოცნების” არასწორი პოლიტიკის ფერხულში ჩაბმა აქვს განზრახული

“იმედია, ვიქტორს მიაჩნია, რომ ის “ქართული ოცნების” რიგებში მყოფი უფრო ეფექტურად შეძლებს ამ პოლიტიკური ძალის არასწორი მიმართულებების ტენდენციების გაკეთიშობილებას და გამოსწორებას. არ მინდა დავიჯერო, რომ ვიქტორს განზრახული აქვს, ფეხი აუბას “ქართულ ოცნებას” იმ არასწორი პოლიტიკის განხორციელებაში, რის გამოც ჩვენ ერთად გავხდით ამ პოლიტიკური ძალის ოპოზიცია”, – ასე შეაფასა თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა შავგულიძემ მისი ყოფილი თანაგუნდელის, ვიქტორ დოლიძის გადაწყვეტილება მთავრობაში გადანაცვლებასთან დაკავშირებით.

ამ საკითხზე შავგულიძემ ტვ პირველზე, ინგა გრიგოლიას გადაცემაში ისაუბრა. შავგულიძის თქმით, მას შემდეგ, რაც დოლიძემ თავისუფალი დემოკრატები დატოვა, ამ უკანასკნელთან კომუნიკაცია არ ჰქონია. დოლიძე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატია. ეს ის თანამდებობაა, რომელიც 2014 წელს დოლიძის ყოფილმა თანაგუნდელმა ალექსი პეტრიაშვილმა დატოვა, როდესაც თავისუფალი დემოკრატები ოპოზიციაში გადავიდნენ.

“რაც შეეხება იმ საკითხს, რომ დოლიძემ სწორედ ის თანამდებობა დაიკავა, რომელიც ალექსი პეტრიაშვილმა დატოვა, ეს არის ადამიანური ფაქტორი და მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის გამართლებული. პირადად ჩემთვის ეს მიუღებელია.

გულწფელად ვამბობ, ნამდვილად არ მჯერა, რომ ვიქტორს  ქართული ოცნების არასწორი პოლიტიკის ფერხულში ჩაბმა აქვს განზრახული”, – თქვა შავგულიძემ და დასძინა, რომ თუ დოლიძეს შიგნიდან სურს “ქართული ოცნების” პოლიტიკის შეცვლა, მას ეს არ გამოუვა.

“მე მჯერა, რომ ვიქტორი ამას ვერ შეძლებს. არ მინდა იმის დაჯერება, რომ ვიქტორმა ისე რადიკალურად შეიცვალა პოზიციები, რომ ის, რასაც ჩვენ ვაკრიტიკებდით ქართული ოცნების პოლიტიკაში, რომ “ქართული ოცნება”, ფაქტობრივად, დაადგა სახელმწიფოს ინსტიტუციური მმართველობის მოშლის გზას, რომ მოახდინა ხელისუფლების სრული უზურპაცია, რაც არ შეესაბამება მის მიერვე დეკლარირებულ კურსს. ვიქტორი შინაგანად ევროპული ადამიანია, აქედან გამომდინარე, მე ვერ ვუშვებ, რომ ის არაევროპული პოლიტიკის ფერხულში ჩაებმება. ალბათ ფიქრობს, რომ რაღაცას შეძლებს იმ გუნდში მყოფი ევროპული ორიენტაციისაკენ”, – თქვა შავგულიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი