ახალი ამბები

‘ქართული ოცნება’: განათლების სისტემა პოლიტიზებული აღარ იქნება

31 აგვისტო, 2012 •
‘ქართული ოცნება’: განათლების სისტემა პოლიტიზებული აღარ იქნება

პროგრამაში გაკრიტიკებულია ამჟამინდელი განათლების სისტემა და ნათქვამია, რომ:
“სისტემა პოლიტიზებულია და ის პოლიციური რეჟიმის პირობებში ფუნქციონირებს”

პროგრამაში აღნიშნულია, რომ სკოლა პოლიციური რეჟიმის პირობებში მას შედეგ  იმყოფება, რაც მანდატურის ინსტიტუტი ამოქმედდა, მიუხედავად ამისა, პროგრამის მიხედვით მანდატურის ინსტიტუტის გაუქმება არ იგეგმება, დაგეგმილია მხოლოდ მისი შინაარსის ცვლილება.

გარდა მანდატურის ინსტიტუტისა, პროგრამაში აღნიშნულია, რომ ამჟამად სტუდენტურ თვითმმართველობაზე პოლიტიკური ინტერესების განსახორციელებლად ზემოქმედება ხდება, რაც უნდა აღიკვეთოს.

განათლების სისტემის რეფორმის განხორციელებისას ყურადღება გამახვილებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ეროვნული უმცირესობებისთვის განათლების ხელმისაწვდომობაზეც:

“საგანმანათლებლო დაწესებულებები ვერ ახორციელებენ შშმ პირების სრულფასოვან ინტეგრაციას. უზრუნველყოფილი იქნება ეროვნული უმცირესობებისათვის ქართული ენის სწავლება და კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სრულად იქნება რეალიზებული მათთვის ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლება”, – აღნიშნულია პროგრამაში.

იგეგმება დაფინანსების გაზრდა როგორც განათლების, ასევე მეცნიერებისთვის.

პროგრამაში აღნიშნულია, რომ ცენტრალური მართვის ორგანოებისაგან
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დამოუკიდებლობა 
კანონმდებლობით იქნება უზრუნველყოფილი.

მეცნიერების კუთხით კი ძირითადი აქცენტი ქვეყნის საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციაზე, ახალგაზრდების ჩართულობასა და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის გაზრდაზეა გაკეთებული.

საარჩევნო ბლოკ “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამა დღეს, 31 აგვისტოს გამოქვეყნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი