ახალი ამბები

მოქალაქე პოლიციის უფროსს ნარკოტიკის “ჩადებაში” ადანაშაულებს

16 ნოემბერი, 2016 •
მოქალაქე პოლიციის უფროსს ნარკოტიკის “ჩადებაში” ადანაშაულებს

“ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქე გიორგი ა-ს პოლიცია ნარკოტიკული ნივთიერების “ჩადებით” ემუქრებოდა იმ შემთხვევაში, თუ მათ მოთხოვნას არ შეასრულებდა. როგორც გიორგის  ადვოკატი, როლანდ ასაკაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, შსს-ის ისანი-სამგორის მეორე განყოფილების უფროსი, თორნიკე ონიანი დაკავებულისგან მისი მეგობრისთვის ნარკოტიკული საშუალების სახლში დატოვებას მოითხოვდა.

ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი ა. პოლიციელებმა 14 ნოემბერს დააკავეს, როცა სახლში ბრუნდებოდა:

“გაჩხრიკეს, მას შემდეგ, რაც არაფერი აღმოაჩნდა, ჩაუსხდნენ ავტომანქანაში, წაიყვანეს თბილისის ზღვის მიმართულებით, სასაფლაოზე. იქ გაჩხრიკეს ავტომანქანა, არაფერი არ ჰქონდა. ამის შემდეგ პოლიციის უფროსმა, თორნიკე ონიანმა ამოიღო ორი შეხვეული ნივთიერება და, როგორც თვითონ აღნიშნა, ერთში იყო ე.წ. ბიო, მეორეში- მარიხუანა. დაუსახელა მეგობრის გვარი და უთხრა – ამასთან თუ აიტანდა ამ ბიოს, პრობლემა არ ექნებოდა და თავს დაანებებდნენ. როდესაც უარი განუცხადა, უთხრეს, რომ აქედან ერთ-ერთი უნდა აეღო. იძულებული გახდა, ჩხრეკის ოქმისთვის მოეწერა ხელი, რომ მისი პირადი ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი იქნა მარიხუანა,” – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტი როლანდ ასაკაშვილი, რომელიც გიორგის უფლებებს იცავს.

ადვოკატის თქმით, პოლიციელმა მის დაცვის ქვეშ მყოფს განუცხადა, რომ თავად ვერაფერს წყვეტდა და მითითებებს “ზემოდან” იღებდა:

“ვაპირებთ მივმართოთ გენერალურ  ინსპექციას და პროკრატურას, რომ დაიწყონ გამოძიება, საიდან ჰქონდა ეს ნარკოტიკული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ამ პოლიციის უფროსს და ვის მითითებებს ასრულებს,” –  ამბობს როლანდ ასაკაშვილი.

როგორც გიორგი ა. “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა თორნიკე ონიანმა გაჩხრიკა. მისი თქმით, დაახლოებით 3 წლის წინ, როცა შვილთან ერთად თელავში იმყოფებოდა, ონიანი მის სახლში მივიდა და გიორგის ნარკოლოგიურში გადაყვანა მოითხოვა:

“ბავშვი მყავდა დატოვებული. შემოვიდნენ სახლში, ჩამსვეს მანქანაში, უფროსთან უნდა წაგიყვანოთო, ასე მითხრეს. მარტო დატოვეს ბავშვი, მეზობლებს ვთხოვე, იქნებ უპატორნოთ-მეთქი. წამიყვანეს ნარკოლოგიურში.  არაფერი რომ არ ამომივიდა, ნარკოლოგიურიდან წამოვედი უკან. მაშინ ვნახე ეს ადამიანი პირველად და მეორედ ვნახე რამდენიმე დღის წინ, როცა დამიჭირა,” – ამბობს გიორგი ა. “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

14 ნოემბერს გიორგი ა-ს დაკავებას ადასტურებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. როგორც ადვოკატი ამბობს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების  შესაბამისად, ამ მუხლით ბრალდებულს არ შეიძლება სასჯელის სახით პატიმრობა განესაზღვროს. ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე,  გიორგი ა. დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. როგორც გიორგი ამბობს, ახლა სასამართლო პროცესს ელოდება:

“ვიდავებთ სასამართლოში, დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ ეს პირებიც დაიკითხონ, და შემდგომ ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო,”  – ამბობს გიორგის ადვოკატი.

რაც შეეხება პოლიციელის მხრიდან უფლებასმოსილების შესაძლო გადამეტებას, შსს-ში აცხადებენ, რომ “თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია სამართალდამცავთა მხრიდან რაიმე გადაცდომაზე, უნდა მიმართოს გენერალურ ინსპექციას, რომელიც ჩაატარებს სამსახურეობრივ შემოწმებას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი