ახალი ამბებისამართალი

უფლებამდაცველები და აქტივისტები შსს-ს მიერ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გაძლიერებაზე საუბრობენ

15 ნოემბერი, 2016 • 2042
უფლებამდაცველები და აქტივისტები შსს-ს მიერ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გაძლიერებაზე საუბრობენ

პოლიციამ თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი ქეთა გაბუნია და მისი 5 თანამშრომელი ქუთაისის აეროპორტიდან ტემოგრაფიაზე გადაიყვანა. სამართალდამცველები ჩხრეკისას ნარკოტიკებს ეძებდნენ, რაც მათ არ აღმოაჩნდათ. ექვსივე მათგანი ახლა თავისუფალია, ხოლო იურისტების შეფასებით პოლიციის ქმედებებში არაერთი ბუნდოვანებაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოძიება ნარკოტიკების უკანონო შეძენა–შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე საქართველოს სსკ 260-ე მუხლის I ნაწილით და 262-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო. შსს–ს განმარტებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობით, პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილებით, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, განხორციელდა რამდენიმე პირის ჩხრეკა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტი, გურო იმნაძე აცხადებს, რომ სამინისტროს არ განუმარტავს, დაკავებულთათვის ტომოგრაფიულ შემოწმებაზე წაყვანა ცალკე ექსპერტიზა იყო თუ პირადი ჩხრეკის ნაწილი. გარდა ამისა, როგორც იმნაძე ამბობს, მათ ხანგრძლივი პერიოდით შეეზღუდათ გადაადგილების თავისუფლება ისე, რომ არც ამაზე მიიღეს განმარტება.

“ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ამ მოვლენებში მაინც არის ის, რომ მთელი ეს ღონისძიებები, როგორც მათ განემარტათ, განხორციელდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.  ოპერატიული ინფორმაცია ცალსახად შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი სამართალდამცავებისთვის, მაგრამ ის არავითარ შემთხვევაში არ არის საკმარისი, მსგავსი ინტენსივობის ჩარევები განხორციელდეს პირად ცხოვრებაში; მოხდეს ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახავი პრაქტიკების განხორციელება იმ მიზნით, რომ დანაშაულის გამოსაძიებლად გარკვეული ქმედებები დადგინდეს,” – აცხადებს EMC-ის იურისტი ნეტგაზეთთან საუბრისას.

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი და მათი მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ პოლიცია კვლავ აგრძელებს რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას, რომელიც ადამიანის სასიკეთოდ არ არის მიმართული. მოძრაობის ერთ–ერთი წევრის, ბექა წიქარიშვილის თქმით, გუშინდელი ფაქტის შეფასება ძალიან რთულია, რადგან ხელისუფლებისგან სულ სხვა მოლოდინი ჰქონდათ და არჩევნებამდე გაცილებით პოზიტიური გზავნილები მოდიოდა პოლიტიკოსებისგან:

“არჩევნებამდე გამართულ შეხვედრებზე მმართველი გუნდის წევრების მხრიდან გამოითქვა მზაობა, როგორც კი დასრულდებოდა საარჩევნო პროცესი, ერთობლივად დაგვეწყო აქტიური მუშაობა ნარკოპოლიტიკის რეფორმირების მიმართულებით. მათი მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ ერთობლივად გვემუშავა საკანონმდებლო ცვლილებებისთვის და ა.შ. თუმცა, ვხედავთ, რომ აბსოლუტურად განსხვავებულად იქცევა შსს, რომელიც კვლავინდებულად ატარებს დევნის პრაქტიკას უდანაშაულო მოქალაქეების მიმართ. რთულია, ამას რაიმე შეფასება ვუპოვო. ჩვენ ვფიქრობთ, შსს–ს არ ეთმობა ეს ბერკეტი და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალადობრივი მეთოდები საკუთარ მოქალაქეებზე. ერთადერთი სუბიექტი, ვისაც აწყობს ამ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შენარჩუნება, ეს არის სწორედ ძალოვანი სტრუქტურები,” – ამბობს წიქარიშვილი.

თეთრი ხმაურის მოძრაობა 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ არაერთი მხარდამჭერი გამოუჩნდა. მოძრაობას მისი საქმიანობიდან გამომდინარე საკმაოდ კარგად იცნობენ, თუმცა, როგორც ქეთი გაბუნია წერს, გქონდეს კლუბი და იყო თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი, უკვე სტიგმაა.

ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრები რამდენიმე წელია უშედეგოდ ცდილობენ შსს–სთან თანამშრომლობის.

“ორი წლის წინ შსს–ს პასუხი იყო, რომ პირველ რიგში ისინი კანონმდებლობის ჩარჩოებში არიან მოქცეულები, თუმცა პრაქტიკების გადახედვა და მისი გაუმჯობესება შეიძლებოდა, თუმცა ჩვენ ვერ ვატყობთ, რაიმე ცვლილებები მომხდარიყო დადებითისკენ. პირიქით, ვხედავთ, რომ დაიწყო თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრების მიზანმიმართული დისკრედიტაცია. სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ ისინი ცდილობენ, შეინარჩუნონ ძველი პრაქტიკები ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. მათ იციან, რომ საზოგადოებრივი პროტესტი მაღალია და ცდილობენ, ამორალური და ამაზრზენი მეთოდებით ჩვენი მოძრაობის წევრებისა და მხარდამჭერების დაშინებას. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს მათ უფრო დააზიანებს და კარგს არაფერს მოუტანს,” – ამბობს ბექა წიქარიშვილი.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) 2014 წელს ამ საკითხზე ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ნარკოპოლიტიკა არა ადამიანების რეაბილიტაცია–მკურნალობაზე, არამედ მის დასჯაზეა ორიენტირებული. მას შემდეგ უკვე ორი წელი გავიდა. მიუხედავად ამისა, გურო იმნაძე ამბობს, რომ ეს არ არის საკმარისი ნაბიჯები ადეკვატური ნარკოპოლიტიკის მისაღწევად.

“ამ წლების განმავლობაში გარკვეული დადებით ტენდენციები შეიძლება იყო, მაგრამ იმდენად უმნიშვნელოა, რომ მანამდე არსებული ძალიან მკაცრი და არაადეკვატური ნარკოპოლიტიკის გამოსასწორებლად არ არის საკმარისი ის ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა. ამავდროულად, დღესაც იკვეთება ეს მექანიზმი და პოლიციისთვის კვლავაც არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი ერთგვარი თვითრეაბილატაციისთვის – იმისთვის, რომ გაამართლოს მის ხელთ არსებული ძალაუფლება. ამ კუთხით ჩანს, რომ იმავე პოლიციას როცა დასჭირდება, მაშინ გაააქტიურებს ამ ინტრუმენტს, როგორც ნარკოტესტირებაზე გადაყვანის მექანიზმს, ისე სხვა რეპრესიულ ღონისძიებებს ნარკოპოლიტიკის კონტექსტში. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მცირე ნაბიჯები იყო გადადგმული ბოლო წლებში, დღემდე არსებული ნარკოპოლიტიკა ცალსახად ინარჩუნებს თავის რეპრესიულ ბუნებას,” – ამბობს იმნაძე.

საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, პირადი მოხმარების მიზნით დიდი ოდენობით მარიხუანის შეძენა, შენახვისთვის სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაკონსტიტუციურია. შესაბამისად, პარლამენტს კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა დაევალა.

2016 წლის აპრილში საქართველოში ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა დაფუძნდა, რომელიც 33 ორგანიზაციასა და მოძრაობას აერთანებს. გურო იმნაძის თქმით, ამით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ სამოქალაქო საზოგადოებაში უკვე არსებობს კონსესუსი, კონკრეტული მიმართულებით გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები. როგორც იურისტი ამბობს,  მაშ შემდეგ, რაც შეიკრიბება ახალი პარლამენტი და საზოგადოებაც დააფიქსირებს პოზიციას თავისი არგუმენტებით, გამოჩნდება პლატფორმის ეფექტურობა და მისი რეალური ძალა, თუ რამდენად შეძლებს სამოქალაქო და პოლიტიკურ მოვლენებზე გავლენას.

2016 წლის 7 აგვისტოს სამტრედიის რაიონს სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ თავი ჩამოიხრჩო და დატოვა წერილი, რომლის თანახმადაც, ეს პოლიციელის ზეწოლის გამო გააკეთა. წერილის მიხედვით, სამართალდამცველი მას სთხოვდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვის რომელ სოფელში ჰქონდა მარიხუანა დათესილი. კითხვაზე, თუ რატომ ვერ ელევა საქართველოს ხელისუფლება მოქმედ ძალადობრივ ნარკოპოლიტიკას, რომლის შეცვლასაც წლებია ითხოვენ სამოქალაქო აქტივისტები და დარგის სპეციალისტები, გურო იმნაძე პასუხობს:

“მმართველ გუნდში აზრების მრავალფეროვნებასაც რომ თავი დავანებოთ, დღევანდელი რეპრესიული პოლიტიკა ყველაზე მეტად სწორედ სამართალდამცველებს აძლევთ ხელს. არსებული ნარკოპოლიტიკა არის საუკეთესო საშუალება, პოლიციამ გამოავლინოს მის ხელთ არსებული ძალადობა და, ამავდროულად, გაამართლოს ეს ძალაუფლება. ამავდროულად, პოლიციისთვის ნარკოპოლიტიკა და ნარკოტიკული დანაშაულისთვის ბრალდებული პირები არიან ინფორმაციის ძალიან კარგი წყაროები. როგორც წესი, სწორედ ასეთ ადამიანებისგან ცდილობს პოლიცია ინფორმაციის მიღებას. ნარკოტიკული დანაშაული არის საერთო სტატისტიკის დამბალანსებელი, კარგი საშუალება, გამომდინარე იქიდან, რომ, მაგალითად, ნარკოტიკის მოხმარების მუხლით მხოლოდ და მხოლოდ დადებითი სტატისტიკა შეიძლება აღიწერებოდეს, რაც ცალსახად უკვე დადებით გავლენას ახდენს დანაშაულის საერთო მაჩვენებელზე. ამით პოლიციას კიდევ ერთი მექანიზმი აქვს, რომ თავისი სტატუსი და პრესტიჟი აიმაღლოს.”

თეთრი ხმაურის მოძრაობა საპროტესტო აქციებისთვის ემზადება. როგორც ბექა წიქარიშვილი ამბობს, ამ ყველაფრის გასაპროტესტებლად და სამომავლო გეგმების შესახებ გუშინ საღამოდან მოყოლებული საუბრობენ. მისი თქმით, მათი შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს ხელისუფლება და რას გააკეთებს პარლამენტი, რომელიც მალე შეიკრიბება.

თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრები და მათი მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ პოლიტიკოსები ადეკვატურად უპასუხებენ გუშინდელ ფაქტებს. წიქარიშვილის თქმით, იმ პოლიტიკური სუბიექტებისგან, რომლებიც დეკრიმინალიზაციას აანონსებდნენ წინასაარჩევნოდ და ლობირებდნენ ამ საკითხს, აუცილებლად მოეთხოვებათ პასუხი. სამოქალაქო აქტივისტები სწორედ მათგან ელიან ადეკვატურ რეაგირებას ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი