სამართალი

მარიხუანას მოხმარებისთვის მოქალაქეებს აღარ დააპატიმრებენ

24 ოქტომბერი, 2015 • 4066
მარიხუანას მოხმარებისთვის მოქალაქეებს აღარ დააპატიმრებენ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 24 ოქტომბერს არაკონსტიტუციურად სცნო კანონის ის ნორმა,  რომელიც პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა/შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას ითვალისწინებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ 24 ოქტომბერს მიღო გადადაწყვეტილება საქმეზე „ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“

ბექა წიქარიშვილმა, რომელიც მარიხუანას მოხმარების გამო დააპატიმრეს და 14 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, გირაოთი განთავისუფლების შემდეგ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა რამდენად შეესაბამება სადავო ნორმით განსაზღვრული სასჯელი ჩადენილი ქმედებიდან მომდინარე საზოგადოებრივ საფრთხეს.  სასამართლომ მხედველობაში მიიღო მარიხუანას მავნე ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ ამავე დროს  მიიჩნია, რომ დაუშვებელია პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის სისხლის სამართლებრივი სასჯელის- თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.

სასამართლოს არ უმსჯელია ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას დეკრიმინალიზაციის საკითხზე, რამდენადაც აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენდა დავის საგანს. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება არ უკავშირდება ისეთ შემთხვევებს, როდესაც აშკარა და დასაბუთებულია  ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი (მისი რაოდენობისგან დამოუკიდებლად), ან შენახული (შეძენილი) მარიხუანას რაოდენობა იმდენად დიდია, რომ იგი მაღალი ალბათობით მიუთითებს გასაღების მიზნის არსებობაზე, ან გასაღების რეალურ საფრთხეს თავისთავად ქმნის.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ  მარიხუანას ოდენობა (70 გარამამდე), რომლის შეძენა/შენახვაში ედება ბრალი მოსარჩელეს, თავისთავად არ მიუთითებს გასაღების მიზანზე, ან გასაღების რეალური საფრთხის არსებობაზე. ამდენად, აღნიშნული ქმედებისთვის სისხლისამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება წარმოადგენს არაჰუმანურ, სასტიკ და ღირსების შემლახველ მოპყრობას და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, დიდ ოდენობად ითვლება 50-დან 500 გრამამდე მარიხუანა. სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქმეზე მოწვეული მოწმეებისა და სპეციალისტების განმარტებები და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობა, 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა, არ წარმოადგენს იმდენად დიდ ოდენობას, რომლის შენახვის ფაქტი თავისთავად მიუთითებს გასაღების მიზნის არსებობაზე. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ კანონმდებელი ვალდებულია კანონით დადგინოს ისეთი კრიტერიუმები, რომელიც საშუალებას მისცემს სისხლის სამართლის საქმის განმხილველ მოსამართლეს, შეაფასოს მარიხუანას შეძენა/შენახვის ფაქტის არსებობასთან ერთად, რამდენად არსებობს გასაღების მიზანი (ან რეალური საშიშროება) და სისხლისამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოიყენოს მხოლოდ გასაღების მიზნით შეძენა/შენახვის შემთხვევაში.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა/შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას.

ბექა წიქარიშვილი და სხვები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებისას; 24 ოქტომბერი 2015. ბათუმი, საქართველო. ფოტო: ნათია როყვა/ბათუმელები

ბექა წიქარიშვილი და სხვები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებისას; 24 ოქტომბერი 2015. ბათუმი, საქართველო. ფოტო: ნათია როყვა/ბათუმელები

ბექა წიქარიშვილის შემთხვევა საქართველოში საპროტესტი აქციების საბაბი გახდა – მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით და სლოგანით “ბექა კრიმინალი არ არის” თბილისში არაერთი აქცია გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი