“სახელმწიფო დღემდე ატარებს რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია არა რეაბილიტაცია-მკურნალობაზე, არამედ დასჯაზე, რაც თავის მხრივ გარდაუვლად იწვევს წამალდამოკიდებულთა საზოგადოებისგან სრულ იზოლირებას ხანგრძლივი დროით და ამ სოციალური ჯგუფის მარგინალიზებას”, – აღნიშნულია ანგარიშში.
EMC ამის მაგალითად სარეაბილიტაციო პროგრამებისთვის გაწეული ხარჯებისა და სამკურნალო–სარეაბილიტაციო პროგრამებისთვის დახარჯულ თანხას ასახელებს.
“სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ოდენობა ბევრად ჩამოუვარდება ნარკომომხმარებელთა დაჯარიმებით მიღებულ თანხას”, – ნათქვამია ანგარიშში. აქვე აღნიშნულია, რომ არ არსებობს მონაცემები ქვეყანაში პრობლემურ ნარკომომხმარებელთა შესახებ, რაც აფერხებს იმის განსაზღვრას, თუ რამდენი ადამიანი საჭიროებს შესაბამის პროგრამაში ჩართვას.
კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ პირის ჩხრეკა ხშირად ოპერატიული ინფორმაციის, ანუ საიდუმლო ინფორმაციის საფუძველზე ხდება. ხშირ შემთხვევაში ამ საიდუმლო ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოაქვს განაჩენი სასამართლოსაც, რომელიც არ მსჯელობს პოლიციის ვარაუდის დასაბუთებულობასა და კანონიერებაზე.
EMC კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზეც საუბრობს. კვლევაში აღნიშნულია, რომ ამჟამად განსაზღვრული არ არის, პირს მოხმარების მიზანი ამოძრავებდა, თუ გასაღების, და ხშირად სასჯელი არაადეკვატურია.
კველვაში განხილულია ე. წ 5 დეკემბრის ბრძანება, რომელიც ექიმს ავალდებულებს, აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს სამედიცინო დაწესებულებაში უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მოყვანის შესახებ.
“ასეთი ბრძანების პირობებში, შეიძლება ითქვას, რომ წამალდამოკიდებული ადამიანი (და მასთან ერთად მყოფი სხვა პირები), რომელიც დოზის გადაჭარბების გამო გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, დგას თვითგათქმის ან სიცოცხლის გადარჩენის არჩევანის წინაშე”
EMC–მ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც ეხება როგორც სასჯელის ზომას, ასევე, სახეს. ერთ–ერთი რეკომენდაცია ეხება საპროცესო შეთანხმების გაფორმებასაც. EMC მიიჩნევს, რომ შეთანხმება ბრალდებულის ინტერესების დაცვის მიზნით უნდა ფორმდებოდეს. ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინსტროს, განახორციელოს ნებისმიერი საგამოძიებო ქმედება მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის შემთხვევაში. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კი EMC “5 დეკემბრის ბრძანების” გაუქმების რეკომენდაციას აძლევს.
სრული კვლევა შეგიძლიათ იხილოთ ვებ–გვერდზე.