ახალი ამბები

პარტია “ჩვენი ქვეყანა”: ბურთს და მოედანს ასე ადვილად აღარ დავთმობთ

23 აგვისტო, 2012 •
პარტია “ჩვენი ქვეყანა”: ბურთს და მოედანს ასე ადვილად აღარ დავთმობთ

აღნიშნული პარტია 2007 წელს დაარსდა და მეორედ მონაწილეობს საპარლამენტო არჩევნებში.   

ის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოება პოლარიზებულია და დომინანტია ორი ძალა – ივანიშვილისა და სააკაშვილის, მიუღებელია “ჩვენი ქვეყნის” წარმომადგენლებისთვის:

“არც ერთია ბაგრატიონი და არც მეორე – ბაღვაში.  საქართველოს “ტახტი” მათ მემკვიდრეობით არ რგებიათ. ჩვენი ქვეყნის ბედი, მისი მომავალი მარტო მათი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის…

 

ვერა, ბატონებო, ბურთს და მოედანს ასე ადვილად აღარ დავთმობთ, მით უმეტეს, რომ ამ ორ სუბიექტს შორის ურთიერთობა დღითიდღე იძაბება. ასეთი პოლარიზება კარგის მოტანი ნამდვილად არ არის”.

პარტიის თავმჯდომრის თამაზ ღუღუნიშვილის განცხადებით, პარტიის პროგრამის ძირითადი მიმართულებებია: სოფლის მეურნეობა, მოსახლეობისთვის ანაბრების დაბრუნება. პროგრამის სახელწოდებაა – “თავისუფალი და მდიდარი საქართველო”.

“ჩვენი პროგრამის ერთ–ერთი მიმართულებაა სოფლის მეურნეობა. ჯერ კიდევ ჩვენ 2008 წელს გვქონდა სოფლის მეურნეობის პროგრამა. ჩვენ ინდუსტრიული ქვეყანა არ ვართ. ჩვენი ქვეყნისთვის ძირითადი არის სოფლის მეურნეობა.

ასევე, არავის აღარ ახსოვს  ანაბრები. 12 მილიარდი შეჭამა სახელმწიფომ და ბანკებმა, ორნახევარი მილიონი ადამიანი დაზარალდა ამის შედეგად. ამ ხალხს ეს ფული უნდა დაუბრუნდეს. თუნდაც ეტაპობრივად, ეს ყველაფერი დათვლილი გვაქვს. ჩვენ ამაზე ვმუშაობდით 2008–შიც, თუმცა ვერაფერ შედეგს ვერ მივაღწიეთ”, –ამბობს პარტიის თავმჯდომარე ღუღუნიშვილი.

აღნიშნული პარტია ემიჯნება კოალიცია “ქართულ ოცნებას” და ივანიშვილის უკან რუსულ ინტერესებს ხედავს.

“არც ერთ კოალიციაში არ ვართ გაწევრიანებული და მოვუწოდებ იმ პარტიებს, რომლებიც არ არიან ჩართულები “ქართულ ოცნებასა” და სხვა კოალიციებში, გავერთიანდეთ. ჩვენ პარტიაში გვყავს ძირითადად პროფესორ–მასწავლებლები, ანუ ის ხალხი, ვისაც როგორც ინტელექტუალური, ასევე პრაქტიკული გამოცდილება გააჩნიათ ქვეყნის სამართავად.  

 

რაც შეეხება “ქართულ ოცნებას”, ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ეს არის რუსეთიდან ინსპირირებული ძალა. ბიძინა ჭკვიანი კაცია, მაგრამ რუსეთში ეგ მილიარდებს ვერ იშოვიდა, თუ არ არის ძალიან მორგებული რუსეთის სიტუაციაზე. ის როდესაც ამდენი ხნის განმვლობაში გაჩუმებული იყო და დღეს ხმა ამოიღო, ეს იძულებითი ნაბიჯია. რუსეთისგან არის იძულება მასზე, სააკაშვილს არ გაუხდია იძულებული, ის პოლიტიკაში წასულიყო. დავალება აქვს, წახვალ და აურევ სიტუაციას. ივანიშვილის მოსვლა რუსეთის დაგეგმილი გრძელვადიანი პროგრამაა”, – ამბობს ღუღუნიშვილი.

პარტიის თავმჯდომრის განცხადებით, მათი საგარეო კურსი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უკავშირდება.  

“ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია და არ უნდა დავივიწყოთ სამეზობლო პოლიტიკაც, რუსეთი, თურქეთი, ყველასთან უნდა გვქონდეს კარგი ურთიერთობა. რუსეთთან ურთიერთობა არის ძალიან რთული. რუსეთი ისევ გვთვლის თავის გუბერნიად. იმპერიული ზრახვები ისევ აწუხებს, რაც ძალიან გამაღიზიანებელია ჩემთვის პირადად”, – აღნიშნავს პარტიის თავმჯდომარე.

კითხვაზე – რა შანსები აქვს პარტიას “ჩვენი ქვეყანა” პარლამენტში მოსახვედრად, ღუღუნიშვილი პასუხობს, “ბრძოლას თავი არ უნდა დაანებო, მე იმიტომ მოვუწოდე ყველა ოპოზიციურ პარტიას, გავერთიანდეთ–მეთქი. მსგავსი პატარა პარტიები ცოტანი არ არიან და რომ გავერთიანდეთ, რაღაც რაოდენობა დეპუტატებისას აუცილებლად შევიყვანთ პარლამენტში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი