ახალი ამბები

უნივერსიტეტების დაფინანსება მხოლოდ სტუდენტების რაოდენობაზე შეიძლება აღარ იყოს დამოკიდებული

15 ნოემბერი, 2016 • 2229
უნივერსიტეტების დაფინანსება მხოლოდ სტუდენტების რაოდენობაზე შეიძლება აღარ იყოს დამოკიდებული

საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უნივერსიტეტების დაფინანსების არსებული სისტემა, რომელიც სტუდენტების რაოდენობაზე არის დამოკიდებული, არ მუშაობს.

მისივე თქმით, იგეგმება უცხოელი ექსპერტების მოწვევა, რომლებიც დაფინანსების სქემაზე იმუშავებენ. სავარაუდოდ, შესაძლოა უნივერსიტეტში კონკრეტული მიმართულებები შესაბამის საკითხებზე მომუშავე ფონდებმაც დააფინანსონ.

ეს განცხადება მინისტრმა 15 ნოემბერს განათლების სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავიქირავოთ უცხოელი ტოპკონსულტანტები, რომ ეს სქემა გაგვიკეთონ. ჩემი მოსაზრებები მაქვს, მაგრამ იმდენად მასშტაბური საკითხია, რომ გვჭირდება ვიღაცები, ვისაც გაუკეთებია ასეთი სქემები. ფაქტი ასეთია, რომ მარტო რაოდენობაზე მიბმა უკვე აღარ მუშაობს და, შესაბამისად, ახალი სქემა მარტო რაოდენობაზე მიბმული არ იქნება. ასევე, ფაქტია, რომ ერთი ფონდი კი არ იქნება, იქნება რამდენიმე ფონდი იმიტომ, რომ მთელ მსოფლიოში ასეა:  სოფლის მეურნეობას შეიძლება თავისი ფონდი ჰქონდეს, რომელიც იმ სპეციალობებს აფინანსებს, რომელიც მათ სჭირდებათ. ეკონომიკას – მეორე ფონდი, თვითონ განათლება დააფინანსებს, მაგალითად, მასწავლებების უმაღლეს განათლებას, და ასე განაწილებული  იქნება –  ეს შეგვიძლია ვთქვათ. მაგრამ, კონკრეტულად როგორი სქემა იქნება, ეს უნდა გავაკეთებინოთ იმ ხალხს,”- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, ის, რომ  დღეს უნივერსიტეტების დაფინანსების სხვა კრიტეტიუმი, გარდა სტუდენტების რაოდენობისა, არ არსებობს, ახალისებს დიდი ოდენობით სტუდენტების მიღებას.  2016 წელს ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების 84% სტუდენტი გახდა.

მანვე ილაპარაკა იმ სირთულეებზე, რასაც უნივერსიტეტებში სტუდენტების დიდი ოდენობით მიღება ქმნის:

“ბრიტანეთმა რომ გადაწყვიტოს, რომ ყველა ახალგაზრდა შეუშვას უმაღლესში, ანუ, 20%-ის ნაცვლად შეუშვას 84%, იქმნება პრობლემები იმიტომ, რომ უმაღლესი განათლება თავის თავში გულისხმობს მოტივაციის მაღალ დონეს… ბევრი უნივერსიტეტი ნერგავს თავისუფალ დასწრებას, ბევრი ნერგავს საგნების არჩევას და ა.შ. ყველგან არის დაშვება, რომ ეს სტუდენტი ძალიან მოტივირებულია, რომ ისწავლოს. სამწუხაროდ, ჩვენთან ეს დაშვება, მე ვფიქრობ, არ არის რეალური,”- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი